ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა - კვირის პალიტრა

ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა

ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დასრულდა.

მოსამართლემ უკვე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი ავრცელებს.

"ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1 წელი და 9 თვე" - წერს დავით ასათიანი "ფეისბუქზე".

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 15 ნოემბერს, ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.