"ცხინვალის ე.წ. სასამართლოს არანაირი სასჯელის დაწესება არ შეუძლია, ეს არის კრემლის პოლიტიკური სადიზმი" - კვირის პალიტრა

"ცხინვალის ე.წ. სასამართლოს არანაირი სასჯელის დაწესება არ შეუძლია, ეს არის კრემლის პოლიტიკური სადიზმი"

ცხინვალის ე.წ. სასამართლოს არანაირი სასჯელის დაწესება არ შეუძლია, ეს არის კრემლის მიერ განხორციელებული პოლიტიკური სადიზმი, - ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

სესიაშვილის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დარჩენა არის მიზანმიმართული პროვოკაცია ქვეყნის წინააღმდეგ.

"მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ცივილიზებული სამყარო, ყველა მოუწოდებდა კრემლს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრება არ მოეხდინა, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ იმდენად, რამდენადაც კრემლი ხედავს, რომ ეს თემა ძალიან მგრძნობიარეა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში და ამიტომ კრემლი მიდის დესტრუქციაზე. თავისთავად, ამ ყველაფერს ექნება ძალიან მკაცრი შეფასება როგორც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ასევე, რა თქმა უნდა, ყველასგან, ვისაც აქვს ჯანსაღი აზროვნება. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუაშაობას, რომ ბატონი ვაჟა გავათავისუფლოთ და ყველა შესაბამის მექანიზმს გამოვიყენებთ",- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ინტერპრესნიუსი"