"ფეისბუქის“ კვლევა იმის მტკიცებულებაა, როგორ მტრობდა ქვეყანას ხელისუფლება ივანიშვილის ლიდერობით" - კვირის პალიტრა

"ფეისბუქის“ კვლევა იმის მტკიცებულებაა, როგორ მტრობდა ქვეყანას ხელისუფლება ივანიშვილის ლიდერობით"

"ქართულმა საზოგადოებამ უკვე წლებია იცის, რომ მედიასივრცეში არსებობს ივანიშვილის მანქანა, რომელიც დიდი ხანია სიბინძურეს, სიძულვილს, დაპირისპირებას თესავს, მაგრამ ამ საკითხის ასეთი ყოვლისმომცველი შესწავლა აქამდე არ მომხდარა“, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ფეისბუქის“ მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის, ანგარიშისა და ჯგუფის წაშლას. ბოკერიას განცხადებით, "ფეისბუქის“ მიერ ჩატარებული კვლევა იმის მტკიცებულებაა, როგორ ხარჯავდა ხელისუფლება ფულს დაპირისპირების, სიბინძურის და სიძულვილის დასათესად.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ამ საკითხის გარშემო დეტალური გამოძიება უნდა ჩატარდეს.

"ქართულმა საზოგადოებამ უკვე წლებია იცის, რომ მედიასივრცეში არსებობს ივანიშვილის მანქანა, რომელიც დიდი ხანია სიბინძურეს, სიძულვილს, უხამსობას, დაპირისპირებას თესავს, ბინძური მეთოდებით თავს ესხმის ყველას, ვინც შეიძლება ივანიშვილის ოპონენტად იქნას მიჩნეული. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ეს ჯგუფები საქართველოს მტრისთვის ხელსაყრელ და ამავე დროს, დასავლური, თავისუფალი სამყაროს საწინააღმდეგო პროპაგანდას ავრცელებენ. ეს ზოგადი ცნობა არსებობდა, მაგრამ ამ საკითხის ასეთი ყოვლისმომცველი შესწავლა აქამდე არ მომხდარა და ამაში არ ყოფილა ჩართული თვითონ სოციალური მედიის ლიდერი მსოფლიოში - "ფეისბუქი“. ეს კვლევა იმის მტკიცებულებაა, როგორ მტრობდა ჩვენს ქვეყანას დღევანდელი ხელისუფლება ივანიშვილის ლიდერობით, როგორ ხარჯავდა ფულს არამხოლოდ სიბინძურის დასათესად და ოპონენტების დისკრეტიაციისთვის, არამედ საქართველოს შიგნით თავისუფლების იდეის, თავისუფალი სამყაროს პროფანაციისთვის, ჩვენი ქვეყნის მტრის სასარგებლოდ.

როცა ხელისუფლება ფორმაში იქნება, ამ საკითხზე სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს და შეიძლება კიდევ უფრო მეტი პასუხი მივიღოთ იმაზე, როგორ და რა დავალებებით მოქმედებდა ის ხალხი, ვინც ამ ბინძურ სამუშაოს ასრულებდა. ივანიშვილის გუნდის მიერ რომ იხარჯება ეს ფული, ეს დასტურდება ამ კვლევით, მაგრამ ამ ქვეყნისთვის მტრულ საქმეზე ბიუჯეტიდან იყო ხვრელი ნაპოვნი თუ ეს იყო არალეგალური კონტრიბუცია, სადაც გადასახადების დამალვა ხდებოდა, ეს ჯერ არ ვიცი“, - განაცხადა ბოკერიამ.