პანკისის ჰესებიდან მაჟორიტარების "აჯანყებამდე", ანუ "ცხელი წერტილების" წელი - კვირის პალიტრა

პანკისის ჰესებიდან მაჟორიტარების "აჯანყებამდე", ანუ "ცხელი წერტილების" წელი

პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესებით დახუნძლული ურთულესი წელიწადი მოვიტოვეთ უკან. გარე თუ შიდა საფრთხეებისა და გამოწვევების გამკლავება ჩვენს ახალგაზრდა სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდა და ხშირად ბეწვის ხიდზეც მოგვიწია გავლამ. უკეთესი 2020 წლის იმედით გადავხედოთ 2019 წელს.

"რუსეთი გაზაფხულიდან მოყოლებული საქართველოში ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას ატარებდა"

გრიგოლ გეგელია: - გაზაფხულიდან მოყოლებული რუსეთი მაქსიმალურად ტესტავდა საქართველოს: ჯერ პანკისით; შემდგომ სექსუალური უმცირესობების თემაზე წამოჭრილი დისკუსიითა და ვითარების უკიდურესად დაძაბვის მცდელობით; შემდგომ იყო "გავრილოვის ღამე"; სკანდალი ავაქიანის ძეგლის დადგმის მცდელობის გამო; დავითგარეჯის პრობლემა და ა.შ. აშკარა იყო, რუსეთი, ფაქტობრივად, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოში სერიოზულ ფსიქოლოგიურ და იდეურ სპეცოპერაციებს ატარებდა, რასაც კე-გე-ბეს ენაზე "აქტიურ ღონისძიებას" უწოდებენ. იმედია, ეს ყველაფერი კარგად გააანალიზა ხელისუფლებამ. არ ვიცი, შესაძლოა იმასაც ტესტავდა, ხომ არ შეიცვალა საქართველოს მოსახლეობის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ჩემი აზრით, ჩვენ მოვახერხეთ და ვაჩვენეთ, რომ იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, მოსახლეობის კრიტიკული მასის დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა და არ დავუშვებთ წითელი ხაზების გადაკვეთას. თუმცა საკითხავია, რუსეთმა რა დასკვნა გამოიტანა. ჩვენსა და რუსეთს შორის არის ერთი, ფაქტობრივად, დაუძლეველი პრობლემა - საქართველოს სურს იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რუსეთს კი სურს პოსტსაბჭოთა სივრცე კვლავაც საკუთარ უკანა ეზოდ აქციოს, რაც გამორიცხავს საქართველოს განვითარებას და პატარა, მაგრამ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ამიტომაც არ სურს ჩვენი ნატოში ინტეგრირება, რადგან თვლის, რომ ეს იქცევა ჩვენი განვითარებისა და ძლიერების გარანტიად - გზად, რომლითაც საბოლოოდ დავაღწევთ თავს რუსულ გავლენას.

"არ გამოვიდოდა "გავრილოვის გეგმა", რუსეთი სხვა სცენარს მოიშველიებდა"

გიორგი გობრონიძე: - ეს ყველაფერი გავრილოვის ვიზიტამდე გაცილებით ადრე დაიწყო, ბოლოს და ბოლოს, ამ მართლმადიდებლობის ასამბლეის ჩატარება ერთ და ორ დღეში ხომ არ დაგეგმილა. საინტერესოა, რომ სწორედ გავრილოვი - მართლმადიდებელი კომუნისტი ვიხილეთ სპიკერის სავარძელში, რომელიც შეიძლება დღევანდელი რუსეთის სახედაც მივიჩნიოთ, რომელიც კვლავაც კომუნისტურ რელსებზე მდგარი საბჭოთა კავშირზე მეოცნებე ქვეყანაა და სწორედ მართლმადიდებლობის ნიღბით ცდილობს ძველი გავლენების რეანიმირებას. ამას მოჰყვა ჩვენი მწვავე რეაქცია, რაც, დიდი ალბათობით, გათვლილი ჰქონდათ. რაც მოხდა, მიანიშნებდა მმართველი პოლიტიკური ელიტის წინდაუხედაობაზე, რაც გამოიყენა ოპოზიციამ. ეს გასაკვირიც არ არის, ამაშია სწორედ ოპოზიციის ძალა, დროულად გამოიყენოს მთავრობის სისუსტეები. პარალელურად რუსეთმა წამოიწყო კამპანია, თითქოს საქართველოში რუსოფობიაა. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. აშკარაა, ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მოკლევადიანი მიზანი მალევე გაცხადდა - ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში, როდესაც ტურისტული პიკია და შემოვიდოდა უცხოური ვალუტა, მომაგრდებოდა ეკონომიკა და ლარი, კრემლმა უმნიშვნელოვანეს სეგმენტში დაგვარტყა, თან მაშინ, როდესაც ძალიან იყო გაზრდილი რუსეთიდან ტურისტების ნაკადი. მიზეზი? თურმე საქართველოში ვერ უზრუნველყოფენ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას. ახლა კი არა, აგვისტოს ომის დღეებშიც არ ყოფილა ეთნიკურ ნიადაგზე რუსების დევნა. ცხადია, მოსკოვმა კარგად გათვალა, სად და როგორ დაერტყა. ფაქტობრივად, ორი კურდღელი დაიჭირეს - ისედაც სუსტი ქართული ეკონომიკის უფრო დასუსტება სცადეს. ამას აუცილებლად მოჰყვებოდა ჩვენი მოქალაქეების ნაწილის განაწყენება, რუსეთისთვის კი ეს არეულობის გაჩენის უფრო მეტ შანსს ნიშნავს.

დარწმუნებული ვარ, გავრილოვის გარდა, რუსეთს სხვა სცენარიც ექნებოდა მომზადებული, არ გამოვიდოდა "გავრილოვის გეგმა", რუსეთი სხვა სცენარს მოიშველიებდა.

მაშინ კლინტონი, ახლა პომპეო?

ლევან ბოძაშვილი: - ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო ჩვენს პრემიერთან ერთად გამოდის და ლაპარაკობს ანაკლიის პორტზე და ამბობს, გადაწყვიტეთ, რა გინდათ - ეს ყალბი მეგობრები და რუსულ-ჩინური გზა თუ დასავლური და ამერიკული ორიენტაციაო? ამის მერე გამოდიან პრემიერი ბახტაძე, მთავრობის სხვა წევრები და დასავლური კურსის უცვლელობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ განცხადებას არ აკეთებს ივანიშვილი. ერთი თვის შემდეგ გამოდის ლავროვი და ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოსო, რის მერეც ივანიშვილი მყისიერად აკეთებს განცხადებას, ვინც რუსულ ბაზარს ეწინააღმდეგება, ის ქვეყნის მტერიაო. ეს ყველაფერი მაინცდამაინც სახარბიელო დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ვფიქრობ, ნაადრევი შეფასებებიც არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ფაქტია, გაჩნდა საფუძველი კითხვისთვის: ხომ არ ცდილობს ხელისუფლება რუსეთს უფრო მეტი დაუთმოს, ვიდრე ეს საჭიროა იმისთვის, რომ სტატუს-კვო შენარჩუნდეს და ხომ არ ხდება ეს ეროვნული ინტერესების ხარჯზე? აქვე აღვნიშნავ, რომ პირდაპირი ეროვნული ინტერესია: სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა, ლარის კურსი, ანაკლიის პორტი... მინდა კიდევ ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება - 2012 წლის ივლისში აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა "ნაცმოძრაობის" შესახებ უკიდურესად კრიტიკული განცხადება გააკეთა, რასაც მოჰყვა კიდეც ხელისუფლების შეცვლა. წელს ივნისში უკვე სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსგან მოვისმინეთ ასევე უმწვავესი შეფასებები და ეს ორი განცხადება ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

"სალომე ზურაბიშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა"

ვახტანგ ძაბირაძე: - სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა. გახსოვთ, ალბათ, მისი პირველი ნაბიჯები შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, როდესაც თქვა, რომ არ სურდა შეწყალების უფლება შეენარჩუნებინა. საბოლოოდ აღარ შეიქმნა შეწყალების კომისია, რომელიც მანამდე მუდმივად არსებობდა; შესაწყალებელთა სიებსაც ბუნდოვან ვითარებაში ადგენდნენ. როგორც ვიცი, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს ჯგუფი, რომელიც შეწყალების საკითხებზე მუშაობს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი პრეზიდენტის მოვალეობაა. რატომ დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა ამის წინააღმდეგ გალაშქრება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო თავიდანვე და გაუგებარია ახლაც.

ჩემი აზრით, ბოლო შეწყალების აქტისას აშკარად გამოჩნდა კონკრეტული პირების დაინტერესება, რომლებმაც ეს ბუნდოვანი ვითარება სათავისოდ გამოიყენეს. გამიჭირდება იმაზე ლაპარაკი, ჩაიდინეს თუ არა დანაშაული მათ, ვინც პრეზიდენტს ამ სიას უმზადებდნენ, თუმცა ჩემთვის ძალიან საეჭვოა ის, რომ შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯავრდადებული სამი პირიდან ორი აჭარიდანაა... ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ვიღაცებს მიანდო მასალების მომზადება და, სავარაუდოდ, პირადად საფუძვლიანად არ გაეცნო. ეს მას ბუმერანგივით დაუბრუნდა უკან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტის ზურგს უკან მოხდა დანაშაული და ვიღაცამ მართლაც აიღო ქრთამი, პასუხისმგებელი მაინც პრეზიდენტია, ასე რომ, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე მდგომარეობის ფონზე ამ ნაბიჯით მან, ფაქტობრივად, კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ქართულ სამართალს.

"მეუფე პეტრე არ ყოფილა გამონაკლისი, ბევრმა ამჯობინა პირადი კეთილდღეობა სულიერებას"

მამუკა არეშიძე: - დიდი ხანია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. ამ ბრძოლის უკან, უპირველესად ივარაუდება რუსეთი, თუმცა დასავლეთშიც არიან წრეები, რომელთაც მართლმადიდებელი ეკლესია გულზე დიდად არ ეხატებათ. რასაკვირველია, როდესაც შენი მტერი ებრძვის ასეთ ინსტიტუტს, ებრძვის შენს სახელმწიფოებრიობას. ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს და ამიტომაც გამოჟონა ამ ყველაფერმა ასე მწვავედ ამ სკანდალურ სინოდის სხდომაზე. ეკლესიაში ნამდვილად არის პრობლემები, რაც შეიძლება ბევრი რამით იყოს განპირობებული. გავიხსენოთ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სტილი, როგორ ცდილობდნენ და დიდწილად ახერხებდნენ კიდეც გავლენის მოსაპოვებლად მღვდელმსახურების, მათ შორის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელთა მოსყიდვას. ამის თაობაზე თვითონ "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო აზრთა სხვადასხვაობა, ნაწილი ამას აპროტესტებდა კიდეც. რას ვიზამთ, ეკლესიის წიაღშიც ადამიანები არიან და ბევრზე იმოქმედა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკამ, უხეშად რომ ვთქვათ, ბევრი მიეყიდა. გავიხსენოთ იგივე მეუფე პეტრე, რომელიც, შეიძლება ითქვას, დოტაციაზე ჰყავდათ - ის დიდ თანხებს იღებდა ხელისუფლებისგან, გვახსოვს ჯიპების ჩამორიგების ამბავიც... მეუფე პეტრე არ ყოფილა გამონაკლისი, ბევრმა სხვამაც ამჯობინა პირადი კეთილდღეობა სულიერებას. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არაერთი ადამიანი ჰყავდა კა-გე-ბეს ჩანერგილი ეკლესიის წიაღში. თქვენ რა გგონიათ, ჩვენს ხელისუფლებებს არ ჰყავდათ და ჰყავთ იქ აგენტები?! ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, თავისი ქნა... ამას დაერთო ისიც, რომ პატრიარქი ასაკშია და ეკლესიაში ტახტისთვის ბრძოლა გაჩაღდა.

მაჟორიტართა "ამბოხება"

ხათუნა ლაგაზიძე: - ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად წარმოშობილი საპროტესტო ტალღა"მიინავლა, ხელისუფლებამ მწარედ ინანა საკუთარი დაპირება მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე. ეს აშკარად ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, მერე კი დაფიქრდნენ და თავში ხელი შემოირტყეს, ამ ორდღიანი აქციებისთვის ღირდა კი ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის სასწორზე შეგდებაო? ჩემი აზრით, ზაფხულშივე ფიქრობდნენ, რომ ამ დაპირებას არ შეასრულებდნენ, საბოლოო გადაწყვეტილება კი სადღაც აგვისტოს ბოლოსთვის მიიღეს, რაც ბევრი დეტალით ჩანდა, ზოგ შემთხვევაში თითქოს ერთმანეთთან დაუკავშირებელ ამბებშიც. უცნაურია, რომ ეს ვერ დაინახა ოპოზიციამ. არ ვიცი, რატომ იფიქრეს, რომ "ქართული ოცნება" ასე გამოსროლილ დაპირებას აუცილებლად შეასრულებდა. ეს გასვლები რეგიონებში, შეხვედრები, კანონპროექტის ჩაგდების სცენარის ნაწილი იყო, რათა მოედუნებინათ ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ყურადღება. მაგრამ მათი სცენარი ამით არ სრულდება, ვიღაცამ ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად, თითქმის ფილიგრანული ოსტატობით გათვალა. დასანანია, რომ ასეთი სცენარები მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იქმნება და არა ქვეყნის განვითარებისთვის. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადასატანად. ვფიქრობ, ესეც გათვლილი იყო. "ქართულ ოცნებას" მომზადებული აქვს სცენარები პროცესის განვითარების სხვადასხვა გზის გათვალისწინებით. აქამდე "ქართული ოცნება" ორსახოვანი იანუსი იყო, რომლის ორი სახიდან ერთი პროდასავლური გახლდათ. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ""ქართულმა ოცნებამ" პროდასავლური სახე თავისივე ხელით""აიხია". ის დეპუტატები, რომლებიც წამოვიდნენ უმრავლესობიდან, "ოცნების" პროდასავლური სახეები იყვნენ.

"რეფორმის ნაცვლად სასამართლოს კატასტროფა მივიღეთ"

გია ხუხაშვილი: - ბიძინა ივანიშვილის განცხადება, კვლავაც ერთგული ვართ 2012 წლის იდეალებისო, ცინიკურია. რა იდეალებზეა ლაპარაკი, როცა არც ერთი მაშინდელი დაპირება" "ქართულ ოცნებას" არ შეუსრულებია?! ეს განსაკუთრებით დამცინავად ისმის მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებისას მოხდა, როცა ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სამართალმემკვიდრე გახდა. საინტერესოა, რომელ იდეალს უერთგულა? მაშინ "ქართული ოცნების" დროშაზე გირგვლიანი ეწერა, დღეს კი გირგვლიანის საქმის მოსამართლე ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით უვადო მოსამართლედ არის გამწესებული... სასამართლო სისტემის სრული კონტროლის სურვილიც ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით არის განპირობებული. დღეს "ქართული ოცნება" აღარ არის ის პარტია, რომელიც თავის დროზე დაარსდა. შეიძლება ითქვას, მოხდა მისი სრული რებრენდინგი. ამის ბოლო ელემენტი სასამართლო სისტემა იყო. მართლმსაჯულების იმავე სახით დატოვება და მასთან ინტეგრირება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა თავი, ანუ მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა იმ სისხლიან ცხრა წელზე. მას სააკაშვილის რეჟიმის არც ერთი ატრიბუტი არ დაუთმია.

"რეფორმის ნაცვლად სასამართლოს კატასტროფა მივიღეთ"

გია ხუხაშვილი: - ბიძინა ივანიშვილის განცხადება, კვლავაც ერთგული ვართ 2012 წლის იდეალებისო, ცინიკურია. რა იდეალებზეა ლაპარაკი, როცა არც ერთი მაშინდელი დაპირება" "ქართულ ოცნებას" არ შეუსრულებია?! ეს განსაკუთრებით დამცინავად ისმის მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებისას მოხდა, როცა ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სამართალმემკვიდრე გახდა. საინტერესოა, რომელ იდეალს უერთგულა? მაშინ "ქართული ოცნების" დროშაზე გირგვლიანი ეწერა, დღეს კი გირგვლიანის საქმის მოსამართლე ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით უვადო მოსამართლედ არის გამწესებული... სასამართლო სისტემის სრული კონტროლის სურვილიც ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით არის განპირობებული. დღეს "ქართული ოცნება" აღარ არის ის პარტია, რომელიც თავის დროზე დაარსდა. შეიძლება ითქვას, მოხდა მისი სრული რებრენდინგი. ამის ბოლო ელემენტი სასამართლო სისტემა იყო. მართლმსაჯულების იმავე სახით დატოვება და მასთან ინტეგრირება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა თავი, ანუ მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა იმ სისხლიან ცხრა წელზე. მას სააკაშვილის რეჟიმის არც ერთი ატრიბუტი არ დაუთმია.

"ვაჟა გაფრინდაშვილი გმირია"

სანდრო თვალჭრელიძე: - ჩვენში ხშირად ჰგონიათ, რომ კორპორაციისა და სახელმწიფოს მართვა ერთი და იგივეა, რაც ასე არ არის. ქმედებები უნდა იყოს არა მხოლოდ რაციონალური, არამედ სოციალურად მნიშვნელოვანი. ზოგჯერ შეიძლება ეს რაციონალური სულაც არ იყოს. თუნდაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ნაბიჯი ვახსენოთ. მას რომ რაციონალურად ეფიქრა, აღიარებდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთას, გადაიხდიდა 40 დოლარს და წავიდოდა სახლში, მაგრამ ის მოიქცა სოციალური პასუხისმგებლობით და ჩაიდინა გმირობა. შეიძლება ამის გასაკეთებლად ვაჟკაცობა სხვასაც ჰყოფნოდა, მაგრამ ეს იდეა თავში არ მოუვიდა... მან გააკეთა არაჩვეულებრივი რამ! საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს საერთაშორისო სამართლით დამტკიცებულ საქართველოს საზღვრებს. ყველა მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქე თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. მან თავისი ნაბიჯით აჩვენა არა მხოლოდ რუსეთის ოკუპაციის სიმახინჯე, არამედ საქართველოს რიგითი მოქალაქის მორალური პასუხისმგებლობა და უპირატესობა. ვაჟა გაფრინდაშვილმა, ერთმა ადამიანმა, მსოფლიოს აჩვენა ოკუპანტსა და მის მარიონეტებზე საქართველოს მორალური უპირატესობა.