"ერთ დღეში შეიძლება ვერაფერი შეცვალო, მაგრამ 7 წელიწადში მცდელობა მაინც ხომ უნდა დაგვენახა?" - კვირის პალიტრა

"ერთ დღეში შეიძლება ვერაფერი შეცვალო, მაგრამ 7 წელიწადში მცდელობა მაინც ხომ უნდა დაგვენახა?"

"14 დეკემბრის აქციაზე ხელისუფლებით აღფრთოვანებული ხალხი კი არ მოვიდა, არა, ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ მათ წინა ხელისუფლების, ანუ "კოლექტიური სააკაშვილების" მობრუნება არ სურთ!"

2019 წლის ერთ-ერთ საქვეყნოდ მნიშვნელოვან პროექტად შეიძლება დავასახელოთ ქართველი პოეტის დათო მაღრაძის წიგნის აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე თარგმნა, რასაც საერთაშორისო რეზონანსიც მოჰყვა. პროექტი რომ მნიშვნელოვანია, ეს რუსეთის შესაბამისი სამსახურების ქცევითაც გამოჩნდა - სწორედ მათი ხელშეწყობით იორდანიის სამეფოს დედაქალაქ ამანში თარგმანების წარდგენისას ღონისძიების ჩაშლა სცადეს. გადავწყვიტეთ განვლილი წლისთვის დავით მაღრაძესთან ერთად გადაგვეხედა, ინტერვიუ კი ამ პროექტზე საუბრით დავიწყეთ.

- უპირველესად დიდი მადლობა, რომ ეს ამბავი გაიხსენეთ. როდესაც ქართველი პოეტის წიგნს აფხაზურ და ოსურ ენაზე თარგმნიან ეთნიკური აფხაზები და ოსები, შეუძლებელია ამას ჩვენი ქვეყნისთვისაც არ ჰქონდეს მნიშვნელობა. წიგნი ჩერქეზულ ენაზეც ითარგმნა. კავკასიური სივრცე ყოველთვის ღრმა და შინაარსიანი იყო. ამ სივრცის მნიშვნელობა იზრდება მით უფრო ახლა, როდესაც იმპერიებმა მასში ბევრი დისონანსი შეიტანეს, როდესაც მიზანმიმართულად უპირისპირებდნენ ერთმანეთს კავკასიაში მცხოვრებ ეთნოსებს. კავკასიის ერთიანი სულიერი სივრცის გადარჩენა უმნიშვნელოვანესია მით უფრო მაშინ, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები. იორდანიაში ამ თარგმანების პრეზენტაციის ჩაშლის მცდელობას ხელმძღვანელობდა რუსეთის კონსული იორდანიაში, მაგრამ არაფერი გაუვიდათ - როდესაც დარბაზში "პროტესტანტები" შემოიჭრნენ შეძახილებითა და რუსულწარწერებიანი ტრანსპარანტებით, მიკროფონთან იდგა წიგნის აფხაზი მთარგმნელი, ქალბატონი ირმა ოსია და აფხაზურად კითხულობდა ლექსს, იმწუთას ცხადი გახდა, რომ აფხაზეთის ხმა რუსულენოვან ტრანსპარანტებზე კი არ იკითხებოდა, ისმოდა სცენიდან და ეს ხმა ერთდროულად აფხაზურ-ქართული იყო... მოხარული ვარ, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასა ეს მოვლენა, ილიას ფონდმა კი მთარგმნელები ირმა ოსია, სოხუმში მცხოვრები მინაზ ლაზბა, ნაირა ბეპიევა, მერი ცუხურბათი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს, და ჩერქეზი ქალბატონი ლარისა ტუბწაყვა პრემია "საგურამოთი" დააჯილდოვა. მთარგმნელებს უმასპინძლეს "კავკასიურმა სახლმა" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. როგორც უკვე ვთქვი, საზოგადოებამ სწორად შეაფასა ეს პროექტი, განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან, რომელსაც ქართული სახელმწიფო აბარია, ამ სახელმწიფოში მომხდარი მოვლენის მნიშვნელობა კი ვერ აღიქვა. ისე, ამას წინათ მოვისმინე, სიმართლის დრო დადგაო. მე კი მგონია, სიმართლის თქმის დრო ყოველთვის არის, შენ როდის გაქვს ამის თქმის შნო, ეს სხვა საქმეა.

- რთული წელიწადი მოვიტოვეთ უკან, რამდენჯერმე ბეწვის ხიდზეც მოგვიწია გავლამ...

- იმ პრობლემების სათავე, რაც დღეს იჩენს თავს და გაუსაძლის ვითარებას ქმნის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაივიწყა სამართლიანობის აღდგენის დაპირება, არ შეეცადა სააკაშვილის შექმნილი სისტემის შეცვლას, ხელოვნურად დააკონსერვა პოლიტიკურ ავანგარდში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა". ამის მიზეზი კი არის ის, რომ გადაწყვიტეს დაებალანსებინათ ის ხალხი, ვინც რეპრესიულ რეჟიმს ებრძოდა, რათა ამ ხალხს გამარჯვებულად არ ეგრძნო თავი. ბიზნესურად შეხედეს საზოგადოებრივ ცხოვრებას - მართვის საკონტროლო პაკეტის 100%-ის მფლობელი "ქართული ოცნება" უნდა ყოფილიყო და მასში საზოგადოებას ადგილი არ უნდა ჰქონოდა, რათა შემდგომ ხელისუფლებისთვის საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება არ მოეთხოვათ. ამ ყველაფერმა გამოიწვია დღევანდელი ქაოსური პოლიტიკური ვითარება...

- წლის მიწურულს კიდევ ერთმა ტრაგედიამ შეძრა ქვეყანა, ვგულისხმობ 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობას, რასაც წინ უსწრებდა "მწვანე სკოლის" ინციდენტი, როდესაც სკოლის კედლებზე გაჩნდა წარწერები, რაშიც მოზარდს დასდეს ბრალი, მის დაკითხვას კი უბედურება მოჰყვა... ვფიქრობ, მომხდარმაც ქვეყნის მართვის სისტემის არაერთი შავი ლაქა გამოაჩინა... - ღმერთს ებარებოდეს პატარა ბიჭი, ლუკა სირაძე. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. გავრცელებული ინფორმაციის შეჯამებით, ასეთი სურათი დაიხატა - ბიჭი უსახსრობის გამო გაიყვანეს კერძო სკოლიდან, რომელთანაც, როგორც ჩანს, ემოციები აკავშირებდა, იქნებ შეყვარებულიც ჰყავდა იქ, ვინ იცის... როგორც ჩანს, ამ განცდებმა მიიყვანა იმ წარწერამდე. რატომ გახდა ეს ამბავი პოლიციის განსახილველი საქმე, არ მესმის.

თუ ეს დანაშაული და გამოძიების საქმეა, მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე ვიღებ პასუხისმგებლობას ლუკა სირაძის წარწერაზე და ვაწერ ხელს იმ "მწვანე სკოლის" კედელზე.

უმძიმესი ამბავია, მაგრამ მეორე უბედურება ის არის, რომ ხალხი უკიდურესად გულგრილი გახდა, მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს ხედავენ და მხოლოდ იქ ეძებენ საკუთარ ადგილს. დაიკარგა გულისხმიერება, წრფელი თანაგრძნობა.

ცხედარზე როგორც სვავები, ისე მოდიან, რომ ეს ტრაგედიაც აქციონ მომგებიან თემად, რაც ამაზრზენია.

ამ ერთმა წელმა დაგვანახა კიდევ ერთი რამ - როგორი რთულია და რა დიდი დრო სჭირდება იმას, რომ საზოგადოებამ განვითარების გზაზე ერთი საფეხურით აიწიოს და როგორი ადვილია თვალის დახამხამებაში წუმპეში მოადინო ზღართანი.

2019 წლის უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. აქამდე ძალიან ძნელად მივედით, მაგრამ მივედით და უნდა გავუფრთხილდეთ, რასაც მივაღწიეთ. მოფრთხილებაში ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს მოქალაქემ შეკითხვა "გვეშველება რამე?", რომელიც მოჯადოებულ წრეზე დაგვატარებს, უნდა შეცვალოს, უნდა დაფიქრდეს, რა და როგორ უნდა შეცვალოს ქვეყანაში ისე, ერთ მშვენიერ დღეს დაინახოს, რომ თურმე ეშველა.

შეუძლებელია ქვეყანას ერთმა ადამიანმა და ერთმა პარტიამ უშველონ, დაქცევა ნამდვილად შეუძლიათ, მაგრამ ერთბაშად შველა, არა. უხერხულია ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოქალაქე ბიულეტენში მესიას ეძებდეს შემოსახაზად და მერე ელოდებოდეს, როდის უშველის ის, ვინც შემოხაზა.

აქვე ვიტყვი ერთსაც - როგორც პერიფერიას სჩვევია, შინაარსობრივ და თვისებრივად უკეთეს ცვლილებებზე კი არა, მუდმივად ფასადურ ცვლილებებზე ვფიქრობთ. მზად ვართ ევროპაც ფასადი იყოს და ჩვენი პროვინციული ყოფა შინაარსობრივად იგივე დარჩეს.

ილია ჭავჭავაძე, თავისი ღირსეული ცხოვრებითა და მოღვაწეობით, რაც მოწამებრივი სიკვდილით დააგვირგვინა, აბსოლუტურად სწორად შერაცხეს წმინდანად, მაგრამ პრობლემა ის არის, ჩვენ როგორ აღვიქვით ეს. ავდექით და ილია ჭავჭავაძე ჩავანაცვლეთ წმინდა ილია მართლით და ვინაიდან ილია ჭავჭავაძე მოითხოვს ჩვენგან სწავლას, განათლებას, ყოველდღიურ მუხლჩაუხრელ შრომას, პროფესიონალიზმსა და სამშობლოს მუდმივ მსახურებას, ეს რომ აგვეცდინა თავიდან, გადავწყვიტეთ წმინდა ილია მართალთან გვეურთიერთა, დაახლოებით ასე მარტივად, ვილოცებთ და შეგვეწევაო. უარი ვთქვით იმაზე, რასაც ის ითხოვდა ჩვენგან და ასე გავიიოლეთ ეს გზა. ილია იყო კაცი, რომელიც სამშობლოდ განსხეულდა და ჩვენც სამშობლო შევრაცხეთ წმინდანად, რათა კი არ ვემსახუროთ, პირჯვრითა და სანთლით მოვიხადოთ ვალი.

- წლის ერთ-ერთი სკანდალური პროცესი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა... - ამანაც აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას" სისტემური ცვლილებების მცდელობაც არ ჰქონია. ერთ დღეში შეიძლება ვერაფერი შეცვალო, მაგრამ 7 წელიწადში მცდელობა მაინც ხომ უნდა დაგვენახა? უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებად ყველაზე რეპუტაციაშელახული ხალხი რატომ უნდა შეარჩიო?! ერთიცაა, როცა ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, მორალური უფლება გვაქვს, მაგრამ არის მეორე მხარე, ვინც ეს სისტემა შექმნა, ვინც ეს მოსამართლეები თავის სამსახურში ჩააყენა, მათ რა აქვთ სალაპარაკო?! ამ ხელისუფლებამ ეს სისტემაც და მოსამართლეებიც მათგან გადაიბარა, რასაც გამართლება არა აქვს არც მორალურად და არც სახელმწიფოებრივად. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ "ქართული ოცნება" ამ ქვეყნის პრობლემად იქცა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" ტრაგედიაა.

ერთიც უნდა ვთქვა, რაც წინა ხელისუფლებიდან გადმობარებულ საქმეს ჰგავს - ლუკა სირაძე ჯერ გარდაცვლილი არ იყო, "იმედის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, რითაც რაღაც პროცესების პრევენციას შეეცადნენ, სცადეს სამართალდამცავთა პოზიცია დაეცვათ, ერთი-ერთში ისე გაკეთებული სიუჟეტი იყო, როგორსაც "ნაცმოძრაობის" დროს "რუსთავი 2" აკეთებდა. ამ სიუჟეტმა აჩვენა, რომ ეს იყო "რუსთავი 2"-ის მემკვიდრე "იმედი 2". "ქართულ ოცნებას" კითხვაზე, რატომ შეარჩიეს უვადო მოსამართლეები ყველაზე მძიმე რეპუტაციის პირებიდან, პასუხი არა აქვს, უფრო სწორად, გვპასუხობენ, ადრე ცუდები იყვნენ, მაგრამ ახლა კარგად მოიქცევიანო. ასე ერთმანეთს ელაპარაკონ, ხალხს ნუ ელაპარაკებიან.

- კიდევ ერთი თემა, რამაც გვარიანად შეარყია ჩვენი ქვეყანა - გავრილოვის ვიზიტი...

- დიახ, გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ვიხილეთ, რაც არ უნდა მომხდარიყო და ამას მოჰყვა გულწრფელი პროტესტი. მაგრამ ამ პროცესმა აჩვენა ისიც, რაც უნდა წრფელი იყოს პროტესტი, სადაც ძველი ხელისუფლების "ერთი წვეთი" მაინც დაეცემა, იქ ხალხი იშლება. ვფიქრობ, დაგვიანებული იყო კობახიძის გადადგომა, რამაც გამოაჩინა ისიც, რომ ხელისუფლებაში ვერ აცნობიერებენ ხალხის განწყობას. მოჩლუნგებული აქვთ საამისო განცდა და ეს არც მიკვირს, რადგან ამას პოლიტიკური ბრძოლის გავლა, გამოცდილების მიღება სჭირდება. ამ ე.წ. გავრილოვის ღამეს ხან პერფორმანსს არქმევენ და ხან პოსტმოდერნიზმს, არადა, ეს იყო პოლიციელთა კორდონზე, სახელმწიფოზე შეტევა.

რაც შეეხება ოკუპაციის წინააღმდეგ მავანის ბრძოლას, გავიგე, რომ ამ ხალხს "მამაცი გული" ნანახი აქვს, მივიდნენ და უკანალი მიუშვირეს ოკუპანტს, მაგრამ ეს ფილმი ამ ეპიზოდამდე აქვთ, ალბათ, ნანახი და მერე "რუსთავი 2"-ზე გადართეს. როცა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნად "ოცნების" აქციაზე ამდენი ხალხი გამოვიდა, ამან საინტერესო რამ აჩვენა.

- სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, ხელისუფლებამ ამ ღონისძიებისთვის დიდი შრომა გასწია და დიდძალი ფულიც დახარჯა.

- არ გამოვრიცხავ, რომ ასეც იყო, მაგრამ მე არაერთი მიტინგის ორგანიზატორი ვყოფილვარ და ვიცი, თუ ხალხს არ სურს, რაც უნდა ორგანიზება გაუკეთო, ქუჩაში ვერ გამოიყვან. 14 დეკემბრის აქციაზე ხელისუფლებით აღფრთოვანებული ხალხი კი არ მოვიდა, არა, ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ მათ წინა ხელისუფლების, ანუ "კოლექტიური სააკაშვილების" მობრუნება არ სურთ! "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიგოს: იმის საჩვენებლად, ჩვენ "ნაციონალებს" ვჯობივართო, ამ ვითარების შენარჩუნება აღარ შეიძლება, ერთხელაც იქნება გამწარებული ხალხი "ოცნებას" მიუბრუნდება. გასაგებია, ივანიშვილი რომ ამბობს, "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო", ეს გენიალური ნათქვამია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მშობელს მოკლული შვილის მკვლელი სულ თვალწინ უტრიალო ხან როგორც მოსამართლე, ხან როგორც შეწყალებული, დაწინაურებული და ა.შ. ეს მტრობით დანგრეულის შენება კი არა, სიყვარულის ნგრევაა. თუ სახელმწიფო ჩაიბარე, კეთილინებე და სახელმწიფო სტრუქტურები გამართე როგორც წესია, ლექსს კი მე უკეთესად დავწერ... ამ ორპოლუსიანმა პოლიტიკამ შეჭამა მთელი სივრცე, ემოცია, უინტერესო გახადა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ვთქვი, ესენი ისე უნდა წავიდნენ, ისინი ვერ მოვიდნენ-მეთქი. "ქართულმა ოცნებამ" კეთილინებოს და მისი უპირველესი მოვალეობა აღასრულოს - არჩევნებიდან არჩევნებამდე უზრუნველყოს ქვეყნის მშვიდობიანი მისვლა. ასევე უზრუნველყოს, რომ კანონის წინაშე თანაბარი იყოს ყველა. მოკლედ, სიყვარულის ნგრევა უნდა შეწყდეს საქართველოში, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რაც მტრობას დაუნგრევია, იმის სიყვარულით აშენება. ხელისუფლება ვერსად წავა, სანამ არ აღასრულებს სამართალს და არ მისცემს საზოგადოებას საშუალებას, რომ ახალი ძალა დაიბადოს. ახალი კი მანამ ვერ გამოჩნდება, სანამ ეს ორპოლუსიანობა არ გაქრება, რადგან მედიაც და მატერიალური რესურსიც ამ ორ პოლუსს ეკუთვნის.

ნახეთ, "ფეისბუკმა" რამდენი ფეიკგვერდი დაბლოკა, თან პირდაპირ გამოაცხადა, რომ ხელისუფლებას უკავშირდებოდა ეგ გვერდები. რაც მოხდა, ლოგიკურია - სახელისუფლებო პიარს თვალწინ დაუხიეს ტროლები და ბოტები, რომლებიც მეც მომიქსიეს და ჩემს წინააღმდეგაც იყენებდნენ. ასე მთავრდება პოეტზე თავდასხმა.

დღეს კონიუნქტურა ძალადობს - თუ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს უჭერ, ლიბერალი გეწოდება, თუნდაც პატიმრების წამებასაც უჭერდე მხარს. კონიუნქტურა იქცა მოდურ ტრენდად, რომელიც კულტურას მარგინალობად წარმოაჩენს, უკულტურობასა და უზრდელობას კი პროგრესად. მაგალითად, თუ მიშას არ უჭერ მხარს, ე.ი. ხელისუფლების მხარეს ხარ და პირიქით, თუ "ოცნებას" აკრიტიკებ, "მიშისტი" ყოფილხარ. ეს კონიუნქტურა სახიფათოა...

ორიოდე სიტყვით შევეხები ჩემს სფეროსაც. არსებობს ქართული ლიტერატურა და არსებობს ქართული მაკულატურა და როგორც ფალსიფიცირებული ღვინო ვერ მოუტანს სახელს და დიდებას საქართველოს, ასევე მშობლიური მაკულატურა, როგორი ტრენდულიც უნდა იყოს. ისე კი, ვფიქრობ, მცირედ, მაგრამ მაინც იგრძნობა ქვეყნის წინსვლა, იმასთან შედარებით მაინც, როდესაც 90-იან წლებში ცის გახსნას ელოდა ხალხი. მითოლოგიიდან და ილუზიებიდან გამოვდივართ ნელ-ნელა.