"რუსეთი - ეს არის ხიფათი, რომელთანაც თამაში და კუდის ქიცინი არ შეიძლება" - კვირის პალიტრა

"რუსეთი - ეს არის ხიფათი, რომელთანაც თამაში და კუდის ქიცინი არ შეიძლება"

"მსოფლიომ ვაჟა გაფრინდაშვილის წყალობით ჩვენს პრობლემას კიდევ ერთხელ მიაქცია ყურადღება, თან - ძალიან მასშტაბურად. ხომ ნახეთ, მისი გათავისუფლების შემდეგ რამხელა იყო მსოფლიოს გამოხმაურება!"

ძალიან რთული გამოდგა 2019 წელი ჩვენი ქვეყნისთვის. თითქმის მუდმივმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ ქვეყნის სტაბილურობას საგრძნობი დაღი დაასვა, თუმცა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატუსაღებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებით, შეიძლება ვთქვათ, რომ წელიწადი მაინც სასიკეთო ამბით სრულდება. ვიდრე ახალი 2020 წელი შემოაბიჯებს, გადავწყვიტეთ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად გადავხედოთ 2019 წელს. ინტერვიუ კი, რა თქმა უნდა, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების სასიხარულო ამბით დავიწყეთ:

- მქონდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და ე.წ. ხელისუფლება ახალ წლამდე გეგმავდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. აშკარაა, რომ მისი პატიმრობა მათ უკვე დიდ პრობლემებს უქმნიდა. ამოუვიდათ ყელში, განსაკუთრებით მოსკოვში ის, რომ უკვე ლამის მთელი მსოფლიო აგინებდა რუსეთს ექიმის დატუსაღების გამო. ვფიქრობ, ამ საქმის ასეთ რეზონანსულობაში განსაკუთრებული როლი სწორედ მისმა პროფესიამ ითამაშა. როგორც ვიცი, ამ კვაზიწარმონაქმნის ე.წ. ხელისუფლებაში დიდი ჭიდაობა ჰქონდათ გამართული. როგორც მითხრეს, გაფრინდაშვილის გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე დე ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი ითხოვდა, რა იქნება, მარტო ის დაწეროს, რომ შეცდომა დაუშვა და საზღვარს ნუ ახსენებსო... ადგნენ და ახალი წლისთვის ვითომ გულმოწყალება გამოიჩინეს, არადა, უკვე ერთი სული ჰქონდათ, გამოეშვათ, თან როგორმე სახეც შეენარჩუნებინათ. ფაქტია, რომ ამ ადამიანმა თავისი იქ ყოფნით, პრინციპულობით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა - მან მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ეს არის ქართული მიწა და ქართული სახელმწიფოს ტერიტორია, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს! მსოფლიომ ვაჟა გაფრინდაშვილის წყალობით ჩვენს პრობლემას კიდევ ერთხელ მიაქცია ყურადღება, თან - ძალიან მასშტაბურად. ხომ ნახეთ, მისი გათავისუფლების შემდეგ რამხელა იყო მსოფლიოს გამოხმაურება! აქვე ერთსაც აღვნიშნავ - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე უხერხული აჟიოტაჟი ატყდა; ყველა ცდილობს, თავისი ღვაწლი წარმოაჩინოს. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ცნობილია ყველას ნამოქმედარი - პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ვიცი, ვინ რა გააკეთა. ხელისუფლების მუშაობაც უნდა აღინიშნოს და ოპოზიციური პარტიების ძალისხმევაც, მაგრამ ვერც ერთის მოქმედება ვერ იქნებოდა გადამწყვეტი, რადგან აქ ძალიან სერიოზულ პროცესებთან გვქონდა საქმე და ნურავინ იტყვის, რომ მისი სიტყვა იყო საბოლოო. რა გამოდის - აშშ-ის ადმინისტრაციის, ევროპული სახელმწიფოებისა და პოლიტიკური წრეების, პოსტსაბჭოთა სივრცის უამრავი გამოჩენილი ადამიანის პოზიცია და მხარდაჭერა არაფერი ყოფილა და რომელიღაცა ქართველმა პოლიტიკოსმა გააკეთა ეს საქმე?

სიამაყით უნდა ვთქვათ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში ყველამ თავისი წილი აგური დადო. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ რაც უფრო ერთიანი პოზიციით ვიმოქმედებთ, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის... არ არის საჭირო, საბანს ყველა თავისკენ ექაჩებოდეს, არავის ღვაწლი არ დარჩება შეუმჩნეველი. გვახსოვდეს - ტრაგედიიდან ფარსამდე ერთი ნაბიჯია. ნუ გადავდგამთ ამ ნაბიჯს...

- გადავავლოთ თვალი 2019 წელს... რას იტყვით, როგორი იყო ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის? - 2019 წელი, პოლიტიკური თვალსაზრისით, ქვეყნისთვის იყო ძალიან მძიმე. თითქმის მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკურ ძალებს შორის აშკარა ბრძოლა მიმდინარეობდა და ამან ძალიან მძაფრი ფორმა მიიღო - ვგულისხმობ პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადასვლას. ეს არ ხდებოდა მხოლოდ თბილისში, საპროტესტო აქციები იყო რეგიონებშიც. წლის დასაწყისში დაპირისპირება დაიწყო სასამართლოსთან დაკავშირებით და ხმაური ამ თემაზე მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა... ამას ერთვოდა ახალ-ახალი პრობლემური თემები, რომელთა უმეტესობა გამოწვეული იყო ხელისუფლების შეცდომებით და იმ მეთოდოლოგიით, რაც, როგორც ჩანს, საარჩევნოდ შეიმუშავა ოპოზიციამ - ვგულისხმობ, ძირითადად, "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის განაყოფებს. მათ ამ მეთოდოლოგიის გამოყენება მოუხდათ ერთი წლით ადრე ან, შესაძლოა, მიზანმიმართულად გამოცადეს - აინტერესებდათ, რა შედეგს მიიღებდნენ და საარჩევნოდ როგორ გამოადგებოდათ. გარკვეული მეთოდოლოგიით რომ მოქმედებდნენ, ცხადია. ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდული "პოლიტიკური სკოლების" შექმნითა და ამ "სკოლების შეგირდების" ქუჩაში გაშვებით. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად და დაგეგმილად ხდებოდა. ამგვარი რამ ჩვენ გვახსოვს "კმარას" მაგალითზე. არ გამოვრიცხავ, რომ ახლა მისი კლონის შექმნა ქვეყნის გარეთაც მომხდარიყო. ეს ყველაფერი საბოლოოდ ქმნიდა სურათს, რომ ქვეყანაში არ არის სტაბილური ვითარება. ამ არასტაბილურობის განცდამ გააშიშვლა მთელი პოლიტიკური პროცესი. გამოჩნდა, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ რაზე შეიძლება წავიდეს. გამოჩნდა პოლიტიკური ელიტის პოტენციალიც და ამ ყველაფრის დემონსტრირება მოხდა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. პრაქტიკულად, ჩვენ წინასაარჩევნო რეჟიმში ჩაგვაყენეს ერთი წლით ადრე, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ნამდვილად არ არის კარგი. რაც ყველაზე სამწუხაროა, ამით გამოაშკარავდა, რომ ქართველი პოლიტიკური ელიტისთვის მთავარია ძალაუფლებისთვის ბრძოლა და არა - ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა.

- ხელისუფლების არასწორი ნაბიჯები ახსენეთ. რას მიიჩნევთ მის მთავარ შეცდომად?

- ყველაზე დიდი შეცდომა იყო იმ დაპირების შეუსრულებლობა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გასცეს.ხომ გახსოვთ, ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მიდგომებს ძირფესვიანად შეცვლიდა, რაც არ მოხდა. დღეს რომ ჰკითხო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ალბათ, იტყვიან, რომ მათ ამის საშუალება ოპოზიციამ არ მისცა მუდმივი დაძაბულობით. ეს იქნებ ნაწილობრივ მართალიც იყოს, მაგრამ ხელისუფლების სიძლიერე ხომ სწორედ ის არის, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა გადალახოს.

ჩემი აზრით, დიდი შეცდომა დაუშვეს პანკისში, სადაც ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სრულიად გაუთვლელი და არაადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა. ხელისუფლების შეცდომა იყო გავრილოვის ვიზიტი - ვერ გათვალეს, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის პარლამენტში სტუმრობას.

მოგეხსენებათ, რამხელა საპროტესტო ტალღა აგორდა, რა დროსაც ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, ბოლოს კი იძულებული გახდა, ხალხს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას დაჰპირებოდა და ამით განემუხტა ვითარება.

შეცდომა იყო ამ დაპირების შეუსრულებლობაც, რამაც ისევ ქუჩაში გადაიტანა პოლიტიკური პროცესი. ამასთანავე, "ქართულმა ოცნებამ" დაუშვა უმრავლესობიდან მნიშვნელოვანი ბირთვის წასვლა - სულ 30 კაცამდე წავიდა... სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში ეს შეიძლება ნორმალური ყოფილიყო, მაგრამ არა ჩვენთან, სადაც პოლიტიკური კულტურა დაბალია, პოლიტიკური ინსტიტუტები კი - ჩამოყალიბების პროცესში. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქვეყანაში საკადრო პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი იყო მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული ამბები... მოკლედ, 2019 წელს ხელისუფლების შეცდომების მთელი კასკადი ვიხილეთ.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება ეს შეცდომები მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას "ქართული ოცნებისთვის" საბედისწერო აღმოჩნდეს?

- ქუჩის პოლიტიკური პროცესის ინსპირატორი ზოგჯერ ხდებოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, თითქოს ზოგიერთი პროცესის პროვოცირებას ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობდა იმისთვის, რომ ენახა, ვის რა შეუძლია, ანუ რადიკალური ოპოზიციის რესურსი დროზე ადრე დახარჯულიყო. რეალურია თუ არა ეს ვერსია, არ ვიცი. მე უფრო ეჭვი მეპარება. ჩემი აზრით, პროცესები, ძირითადად, სპონტანურად ვითარდებოდა, თუმცა ნამდვილად მოხდა ოპოზიციის რესურსის დემონსტრირება. ამას ხელისუფლებისთვის დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. დადებითად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ხელისუფლებამ დაახლოებით უკვე იცის ოპოზიციის ქცევის მეთოდოლოგია, მისი რესურსები და, შესაბამისად, უფრო მომზადებული იქნება საარჩევნო წელს. უარყოფითი მხარე კი ის არის, რომ ამომრჩეველი უფრო დაიბნა. რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეშინებულია. მას აშინებს არასტაბილურობა და მაინცდამაინც არ ენდობა ხელისუფლებას; არ სჯერა, რომ კრიტიკულ ვითარებაში ის მის სტაბილურობას დაიცავს. რაც ყველაზე ცუდია - ჩვენს მოსახლეობას არ აქვს პროცესების პოზიტიურად განვითარების იმედი... ასე რომ, ვითარება სასწორზეა შემოდებული - კატეგორიულად ვერც იმას ვიტყვი, რომ ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს თავის შეცდომებს და ვითარების შემოტრიალებას მოახერხებს, და ვერც იმას, რომ ოპოზიციას წარმატება ჯიბეში უდევს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება საჭადრაკო სვლების სწორად გათვლაზე. ვინ რისი გამკეთებელია და ვინ რაზეა წამსვლელი, უკვე ჩანს. ამიტომაც არის მოქალაქეების 60% გაურკვევლობაში და არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნებზე.

- ბოლო დროს ძალიან კრიტიკულად აფასებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დასავლეთიდან. ასეთი კრიტიკული განცხადებები აქამდე არ მოგვისმენია... - გეთანხმებით, საკმაოდ მკაცრი განცხადებები ისმის, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, დასავლური პოლიტიკური ელიტა ვითარებაზე გავლენას ძალისმიერი მეთოდებით არ ახდენს. დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია სხვანაირად მოქმედებს. გავიხსენოთ ის დრო, როცა ძალიან მძიმე და მკაცრი შეფასებები კეთდებოდა სააკაშვილის რეჟიმის მიმართ - ვგულისხმობ 2012 წლის არჩევნებამდე პერიოდს, როდესაც სააკაშვილს არ მისცეს უფლება, არჩევნები გაეყალბებინა ისე, როგორც სურდა და რეპრესიები განეხორციელებინა. ძალიან კარგი იქნება, თუ არც ამ ხელისუფლებას მიეცემა ამის საშუალება. მთავარია მომავალმა არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად დემოკრატიულად. ეს განცხადებები, რაც გაკეთდა - რამდენიმეს გარდა, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვან თემებს შეეხება - არ მგონია, საქმეში ჩახედული ადამიანების პოზიცია იყოს. მე ეს უფრო ლობისტური ჯგუფების ნამუშევარი მგონია. "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს თავისი ლობისტური ჯგუფები როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში.

თუ აშშ - ჩვენი მთავარი პარტნიორი - მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რესურსი ამოწურა და ის სახიფათო ხდება მათი ინტერესებისა და, ზოგადად, დემოკრატიისთვის, მაშინ რატომ აძლიერებს მას?! ამერიკის მომავალი წლის ბიუჯეტში საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის გამოყოფა გარკვეულწილად რეჟიმის გაძლიერებაც არის, არა? ამ ყველაფერში ლოგიკა სად არის?!

ამიტომ მთავარი ის კი არ არის, ვინ რა თქვა, არამედ მთავარია, ვინ როგორ მოიქცა. ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ლაპარაკი იყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების შესაძლო გაყინვაზეც, რაც ცოტა არასერიოზული მგონია. ვიდრე ივანიშვილის ანგარიშებამდე მივა საქმე, ვფიქრობ, ჯერ უნდა გაყინონ იმ რუსი ოლიგარქების ანგარიშები, რომლებმაც მართლაც შეუქმნეს საფრთხე დასავლურ პრინციპებსა და ღირებულებებს სწორედ დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში. თქვენ გგონიათ, ვაშინგტონში ვერ აცნობიერებენ, რა როლი აკისრიათ რუს ოლიგარქებს რუსული რბილი ძალის მოქმედებაში, რომელმაც დასავლური სოციუმის ლამის ყველა ფენაში შეაღწია? შეზღუდვები კი დაუწესეს, მაგრამ მათ ანგარიშებს შეეხო ვინმე?! არსებობს გლობალური საფინანსო სისტემა, სადაც ასეთ გადაწყვეტილებებს იოლად ვერ იღებენ - საქმე ის არის, რომ ერთისთვის დაწესებული სანქციებით სხვებიც ზარალდებიან.

- შეიძლება ითქვას, რომ მთელ 2019 წელს გასდევდა რუსული საფრთხის ჩრდილი... - სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთისგან მომდინარე საფრთხე მუდმივია. კრემლისთვის საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დასავლური ინტეგრაციისკენ, მიუღებელი იქნება. გადავხედოთ ვითარებას... ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ საქართველოა მუდმივად ჯანყის მდგომარეობაში და რუსეთის ინტერესებს არ ითვალისწინებს. პოტენციური თვალსაზრისით, ვიქნებით თუ არა ნატოს წევრი ქვეყანა, დიდად მნიშვნელოვანი არც არის, რადგან საქართველოზე აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა ისედაც უკვე ძალიან დიდია. ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას საქართველო და მისი ხელისუფლებები უშლიდნენ და უშლიან ხელს. რაც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ რუსულ გავლენაზე, რუსულ ნარატივსა და ათას სხვა სისულელეზე, ეს არის მხოლოდ ლაპარაკი.

გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობას იდიოტად მიიჩნევს. ძალიანაც რომ მოინდომოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ქვეყნის საგარეო კურსს ვერ შეცვლის - ბოლოს და ბოლოს, იმხელა ვალდებულებები გვაქვს აღებული დასავლეთის მიმართ!

გარდა ამისა, დასავლეთს აქ ვითარების კონტროლისთვის საკმაოდ დიდი ბერკეტები აქვს.

მოკლედ, რუსეთის მუდმივი მცდელობა - საქართველოში ვითარება შეცვალოს, ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია, თუმცა ბოლო დროს კრემლის მიდგომები შეიცვალა. თუ ადრე რუსეთი აქცენტს აკეთებდა პრორუსულ პოლიტიკურ ძალებზე, დღეს ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია - რუსეთი აქცენტს აკეთებს საზოგადოებასა და პერსონალიებზე, ანუ რბილი ძალა მოქმედებს საზოგადოების ცნობიერების შესაცვლელად. ძირითადად, იმაზე კი არ ხდება აქცენტირება, რომ რუსეთი კარგია და დასავლეთი - ცუდი, არამედ მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ თურმე დასავლეთია ცუდი. ეს უნდა დავინახოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ბრძოლის იარაღად მხოლოდ ის დარჩათ, ერთმანეთს პრორუსი ეძახონ.

რუსეთი - ეს არის ხიფათი, რომელთანაც თამაში არ შეიძლება. არ შეიძლება კუდის ქიცინი. სიტუაციის მეტ-ნაკლებად მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური კონსოლიდაციით. შეიძლება ერთბაშად არ გადაწყდეს ქვეყნის ერთიანობის პრობლემა, მაგრამ მოქმედების ახალი მეთოდებისა და ერთიანი პოზიციის შემუშავება, იმ საკითხების გამოკვეთა, რომელთა გარშემოც ქვეყანა გაერთიანდება, ბევრ რამეს შეცვლის. ვფიქრობ, სწორად მოიქცა ხელისუფლება, ჩორჩანაში საგუშაგო რომ გახსნა. ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროდ, ამის საპასუხოდ საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზეა, მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგმულიყო. ახლა აუცილებელია ახალგორელებზე ვიფიქროთ და პრობლემის გადაჭრის გზები ვეძებოთ, მაგრამ აქაც აუცილებელია ჩვენი ერთიანი პოზიცია.

ვიდრე პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთის გაშავების პრინციპით იმოქმედებს, ვერასდროს მოიგებენ ამომრჩევლის გულს და ქვეყანას რა მოუვა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. მთავარი უბედურება ის არის, რომ ქვეყანაში პატრიოტიზმის დიდი დეფიციტია. სუფრის პატრიოტიზმი გამოგვდის, პოლიტიკური პატრიოტიზმი კი, რომელიც პოლიტიკური სპექტრის გადაწყვეტილებებში უნდა ჩანდეს, გამქრალია.

- ბოლო კვირის მთავარ თემად იქცა რამდენიმე ტელევიზიის ანგარიშებისთვის ინკასოს დადება. რა თქმა უნდა, გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს, მაგრამ დამეთანხმებით, არ უნდა არსებობდეს პრივილეგირებული ტელევიზიები, რომელთაც მუდმივად გადაუვადებენ ან ჩამოაწერენ დავალიანებას, სხვას კი ასე არ ექცევიან... - შეცდომა ის კი არ არის, ინკასო რომ დაადეს, არამედ ის, რომ წლების განმავლობაში ტელევიზიის დავალიანებებზე თვალს ხუჭავდნენ. არ ვიცი, ამ "რუსთავი 2"-მა ასე როგორ შეაშინა ეს ხელისუფლება, რომ 2013 წლიდან მაინც არ დაიწყეს დაგროვილი გადასახადების ამოღება. ტელევიზიებისთვის შეღავათები შეიძლება ყოფილიყო და მომავალშიც იყოს, მაგრამ გეთანხმებით - მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი და კანონის შესაბამისი.