"მითხრეს, რუსული ხომ იციო. დიახ, თარჯიმანი არ მჭირდება, თუმცა რუსული თქვენი მშობლიური ენა არ არის-მეთქი" - კვირის პალიტრა

"მითხრეს, რუსული ხომ იციო. დიახ, თარჯიმანი არ მჭირდება, თუმცა რუსული თქვენი მშობლიური ენა არ არის-მეთქი"

სანამ ვაჟა გაფრინდაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესკონფერენციას გამართავდა, მისთვის რამდენიმე კითხვის დასმა მოვასწარით:

- გილოცავთ, ბატონო ვაჟა. როგორ განწყობაზე ხართ?

- ჯერ არ ვიცი... ეს ამბავი იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გონზე არა ვარ, თავი სიზმარში მგონია. მას შემდეგ, რაც განაჩენი გამომიტანეს, ჩვეულებრივ გავაგრძელე პატიმრობა. საკანში შემოგზავნილი ტკბილეული მქონდა და ჩემს წარმოდგენაში ახალი წლის შესახვედრად ვემზადებოდი.

- ადვოკატმაც არ იცოდა, რომ გათავისუფლებდნენ? - არა, მე კი დავწერე შეწყალების თხოვნა, მაგრამ გათავისუფლებას ასე მალე არ ველოდი, სულ რაღაც ნახევარ დღეში გადაწყდა ჩემი ამბავი... სამარტოო საკანში ტელევიზორი მქონდა, უმეტესად რუსულ არხებს აჩვენებდა, ორჯერ ვუყურე ქართულ არხს - კარასინი-აბაშიძის შეხვედრა რომ გაიმართა, იმ დღეს და მანამდეც, ისიც ცოტა ხნით. არხები მალე ითიშებოდა.

- იცოდით, თქვენ გამო გარეთ რა ამბავი იყო ატეხილი? - ასეთი ამბავი თუ იყო, არ ვიცოდი. ისე, "წითელი ჯვრის" კომიტეტმა შემომიტანა ინფორმაცია, აქციები რომ იმართებოდა და რაც ხდებოდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ასეთმა თანადგომამ უფრო გამაძლიერა.

- თქვენი ცხინვალის ციხეში ყოფნის პერიოდში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წამლების შეგზავნა მოითხოვეთ. ჯანმრთელობის პრობლემები ხომ არ შეგექმნათ? - წამლები არ მომითხოვია, მეუღლეს "წითელი ჯვრის" მეშვეობით ვიტამინები შემოვაგზავნინე, მინდოდა ცოტა მოვძლიერებულიყავი, ცუდად ნამდვილად არ მექცეოდნენ.

- თარჯიმანი მართლა მოითხოვეთ? - როცა დამაკავეს, მაშინ მოვითხოვე, მერე აღარ მომითხოვია. 20 დეკემბერს სასამართლოზე მითხრეს, რუსული ხომ იციო. დიახ, თარჯიმანი არ მჭირდება-მეთქი და ისიც ვუთხარი ოსებს, რუსული არც თქვენი მშობლიური ენა არ არის-მეთქი...

"დავრწმუნდი, რომ ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ"

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი ბედნიერებისგან ემოციებს ვერ ფარავს: - როცა სახელმწიფო ორგანოებიდან დაგვირეკეს, ვაჟა თავისუფალიაო, კინაღამ გადავირიეთ. როგორ წავედით გორისკენ, არ მახსოვს. ჩვენც და ვაჟაც ნელ-ნელა მოვდივართ გონს. ხომ ნახეთ, როგორი აღელვებული და დაბნეულია. ალბათ, დრო დასჭირდება ფორმაში ჩასადგომად. ვაჟას ვერ წარმოუდგენია, რა მოხდა ან თავში, ან ბოლოში... არ ეგონა, თუ გაათავისუფლებდნენ, გაოგნებულია კაცი. დავრწმუნდი, რომ მთელი ქვეყნის ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ. ვაჟა მალე მოიკრებს ძალას, ნაახალწლევს, ალბათ, კლინიკაშიც გავა. ყველას დიდი მადლობა ამ შედეგისთვის. ყველამ დიდი შრომა, გული, სული და რესურსი ჩადო ვაჟას გათავისუფლებაში. უანგაროდ ცდილობდნენ ამ საქმის დაგვირგვინებას. ყველა უწყება, ყველა პარტია, ყველა ადამიანი, ყველა მედიასაშუალება პირველივე დღიდან ჩართული იყო ვაჟას უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლების საქმეში, ყველა გულით აკეთებდა ამ საქმეს. დიდი მადლობა ქართულ მედიასაც. ვაჟამ ყველანი გაგვაერთიანა და ასეთი ერთიანები რომ ვიყოთ ყველა საქმეში, ყველაფერი გამოგვივა.

"შეწყალების წერილში მე ბრალი არ მიღიარებია"

ამონარიდები ვაჟა გაფრინდაშვილის პრესკონფერენციიდან:

"დილის 09:25 წუთი იყო, დაცვა შემოვიდა, იკითხეს, ეს ყველაფერი შენიაო? კი, აბა, სხვისი რა უნდა იყოს-მეთქი. ციხის უფროსი გეძახის, გაგიშვესო. წარმოიდგინეთ, ის ბარგიც არ ჩამილაგებია. რამდენიმე შოკოლადი და მიწის თხილი მქონდა ახალი წლისთვის შენახული. ცხადია, იქ რაღაც პატარა ზეიმი იქნებოდა. ვფიქრობდი, საერთო სუფრაზე შევიტანდი, ან თუ გამომიშვებდნენ, ვინმეს დავუტოვებდი"...

"არ შემიძლია ადგილობრივი მოსახლეობისადმი მადლიერება არ გამოვხატო. იქაც ვთქვი საბოლოო სიტყვაში, შეიძლება გავრცელდეს კიდევაც თვითონ იქ, ოსურ გაზეთებშიც, რომელიც შეიძლება რუსულენოვანია, თითქოს მე სასამართლოზე მოვინანიე ჩემი დანაშაული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე იქ ერთადერთი, დუმილის უფლებას ვიყენებდი. რა თქმა უნდა, რაც იყო დაკითხვის დროს ნათქვამი, იმაზე არც დამატება, არც არაფრის გამოკლება არ შემეძლო. უბრალოდ, საბოლოო სიტყვაში არ შემეძლო არ გამომეხატა ოსი მოსახლეობისადმი ჩემი მადლიერება. თვე-ნახევარი ვიყავი ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე. შეიძლება თავიდანვე არასწორი გზა ავირჩიე, რომ მხოლოდ პურს და კვერცხს ვიღებდი, იქაური ციხის საჭმელი მე არ მიჭამია... მინდა მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ჩემ გამო შეწუხდნენ და დიდი ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემ გამო შეაწუხეს"...

"შეწყალების წერილში მე ბრალი არ მიღიარებია, უბრალოდ, მიწერია, რომ დამაკავეს ტერიტორიაზე რუსებმა, მომისაჯეს ამდენი და გთხოვთ, გამათავისუფლოთ-მეთქი. მეტი არაფერი დამიწერია. როდესაც შეწყალებაზე იყო ლაპარაკი, ვინც შემომთავაზა, იმას ვუთხარი, რომ მე ბრალდებას არ ვაღიარებ (როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შეწყალება რომ გაგიკეთონ, ბრალი უნდა აღიარო), თვითონ შემომთავაზა, მოდი, ისე დავწეროთ, სადაც არ ჩანს, რომ თქვენ აღიარებთ ამ საზღვრის დარღვევას. მე იმ წერილში მიწერია, რომ დამაკავეს ტერიტორიაზე რუსებმა, მომისაჯეს ამდენი და გთხოვთ, გამათავისუფლოთ"...

"პირველი 4 დღე ვიყავით მესაზღვრეების კაპეზეზე, თუ რაც ჰქვია, არ ვიცი. 3-საწოლიან ოთახში ვიყავით ოთხნი. ქვევით ე.წ. კარცერი იყო, ფანჯრების გარეშე. სამი დღე იქ ვიყავით. მერე 2 დღე ვიყავი იზოლატორში და სასამართლოს წინასწარი დაკავების განყოფილებაში, ერთადგილიანში, მარტო გამოვყავდი სასეირნოდ. დამოკიდებულება ჩემი და სხვა დაკავებული ქართველების მიმართ იყო ნორმალური, ჩვეულებრივი... არავითარი განსაკუთრებული ზეწოლა და ცუდი დამოკიდებულება იქ არ დამინახავს. ადგილობრივებისგან, დაცვის თანამშრომელი იყო თუ ვინც იყო, აბსოლუტურად არავითარი აგრესია და ცუდი დამოკიდებულება არ ყოფილა"...

"გასახსენებელი ბევრი არაფერია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა. მაპატიეთ, სამწუხაროდ, გვარს ვერ ვიტყვი და ვერც იმას, სად ცხოვრობს, რადგან პრობლემა შეექმნება... როცა რუსეთის სასაზღვრო ნაწილებმა დამაკავეს, იქ უკვე ვუთხარი მიზეზი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში"..."

"მე პირველივე დღიდან, რუსი მესაზღვრეები იქნებოდნენ თუ ცხინვალის მილიციის თანამშრომლები, ვეუბნებოდი, რომ საქართველოს ტერიტორია არ დამიტოვებია, მე ვიმყოფები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე"...

"ყველას დიდი მადლობა, ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ არ არის გასაკვირი, არ ვარ მიჩვეული სახალხო გამოსვლებს, ჩემი დიქციიდან გამომდინარე, ამას ყოველთვის ვერიდებოდი... ვიცოდი, რომ იქნებოდა მხარდაჭერა, მაგრამ ამხელა მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდი, ყველას დიდი მადლობა!"...

იხილეთ ასევე: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს