"სამხრეთ კავკასიის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას საქართველო უშლის ხელს..." - კვირის პალიტრა

"სამხრეთ კავკასიის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას საქართველო უშლის ხელს..."

შეიძლება ითქვას, რომ მთელ 2019 წელს გასდევდა რუსული საფრთხის ჩრდილი... ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთისგან მომდინარე საფრთხე მუდმივია. კრემლისთვის საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დასავლური ინტეგრაციისკენ, მიუღებელი იქნება. გადავხედოთ ვითარებას... ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ საქართველოა მუდმივად ჯანყის მდგომარეობაში და რუსეთის ინტერესებს არ ითვალისწინებს. პოტენციური თვალსაზრისით, ვიქნებით თუ არა ნატოს წევრი ქვეყანა, დიდად მნიშვნელოვანი არც არის, რადგან საქართველოზე აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა ისედაც უკვე ძალიან დიდია. ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას საქართველო და მისი ხელისუფლებები უშლიდნენ და უშლიან ხელს. რაც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ რუსულ გავლენაზე, რუსულ ნარატივსა და ათას სხვა სისულელეზე, ეს არის მხოლოდ ლაპარაკი.

გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობას იდიოტად მიიჩნევს. ძალიანაც რომ მოინდომოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ქვეყნის საგარეო კურსს ვერ შეცვლის - ბოლოს და ბოლოს, იმხელა ვალდებულებები გვაქვს აღებული დასავლეთის მიმართ!

გარდა ამისა, დასავლეთს აქ ვითარების კონტროლისთვის საკმაოდ დიდი ბერკეტები აქვს.

მოკლედ, რუსეთის მუდმივი მცდელობა - საქართველოში ვითარება შეცვალოს, ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია, თუმცა ბოლო დროს კრემლის მიდგომები შეიცვალა. თუ ადრე რუსეთი აქცენტს აკეთებდა პრორუსულ პოლიტიკურ ძალებზე, დღეს ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია - რუსეთი აქცენტს აკეთებს საზოგადოებასა და პერსონალიებზე, ანუ რბილი ძალა მოქმედებს საზოგადოების ცნობიერების შესაცვლელად. ძირითადად, იმაზე კი არ ხდება აქცენტირება, რომ რუსეთი კარგია და დასავლეთი - ცუდი, არამედ მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ თურმე დასავლეთია ცუდი. ეს უნდა დავინახოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ბრძოლის იარაღად მხოლოდ ის დარჩათ, ერთმანეთს პრორუსი ეძახონ.

რუსეთი - ეს არის ხიფათი, რომელთანაც თამაში არ შეიძლება. არ შეიძლება კუდის ქიცინი. სიტუაციის მეტ-ნაკლებად მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური კონსოლიდაციით. შეიძლება ერთბაშად არ გადაწყდეს ქვეყნის ერთიანობის პრობლემა, მაგრამ მოქმედების ახალი მეთოდებისა და ერთიანი პოზიციის შემუშავება, იმ საკითხების გამოკვეთა, რომელთა გარშემოც ქვეყანა გაერთიანდება, ბევრ რამეს შეცვლის. ვფიქრობ, სწორად მოიქცა ხელისუფლება, ჩორჩანაში საგუშაგო რომ გახსნა. ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროდ, ამის საპასუხოდ საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზეა, მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგმულიყო. ახლა აუცილებელია ახალგორელებზე ვიფიქროთ და პრობლემის გადაჭრის გზები ვეძებოთ, მაგრამ აქაც აუცილებელია ჩვენი ერთიანი პოზიცია.

ვიდრე პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთის გაშავების პრინციპით იმოქმედებს, ვერასდროს მოიგებენ ამომრჩევლის გულს და ქვეყანას რა მოუვა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. მთავარი უბედურება ის არის, რომ ქვეყანაში პატრიოტიზმის დიდი დეფიციტია. სუფრის პატრიოტიზმი გამოგვდის, პოლიტიკური პატრიოტიზმი კი, რომელიც პოლიტიკური სპექტრის გადაწყვეტილებებში უნდა ჩანდეს, გამქრალია.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად