მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ომის დაწყებიდან წლისთავზე მხოლოდ ის ემოციები მახსენდება, რაც შარშან, აგვისტოში მქონდა. მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი და ომის დღეების დიდი ნაწილი ფოთში გავატარე, - რუსების უკან დევნაში. თუმცა ეს შემდეგ იყო, როდესაც ომის (თუ ბედის!) ჩარხი უკუღმა დატრიალდა და რუსებმა არა მხოლოდ ე. წ. სამხრეთ ოსეთი, არამედ გორი და სამეგრელოს ერთი ნაწილი წაგვართვეს.

დავდევდით ჟურნალისტები რუს სამხედროებს და ვიღებდით კადრებს, თუ როგორ აფეთქებდნენ ქართულ სამხედრო გემებს, როგორ ანგრევდნენ ჩვენს ბაზებს და ა. შ. ბუნებრივია, მქონდა უსუსურობის განცდა. მანამდე კი, ომის პირველ დღეებში, სულ სხვა გრძნობა მეძალებოდა. ეს ის დღეები იყო, როდესაც ჩვენი ჯარი ჯერ კიდევ წინ მიიწევდა და ბოლოს ცხინვალში შევიდა. მაშინ ყოველ საათში მოდიოდა ცნობა, რომ ქართველები აკონტროლებდნენ ამა თუ იმ ტერიტორიას და მეც მიხაროდა... მიხაროდა, რომ სეპარატისტებს ვამარცხებდით. მინდა ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და გულწრფელად ვთქვათ, გვიხაროდა, თუ არა ომის პირველ დღეებში, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა თავგასული სეპარატისტებისთვის ჭკუა ესწავლებინა? მე მაშინ ჩემ გარშემო არავინ მახსენდება, ვისაც ქართული ჯარის ის ხანმოკლე წარმატებები არ უხაროდა და ვინც ცხინვალის აღების გამო ჩვენს ხელისუფლებას დაგმობდა. მაშინ ბევრი ჩვენგანი არც ფიქრობდა იმ დროისათვის ცხინვალში დარჩენილი ოსების მდგომარეობაზე, რომ მათ თავზე ბომბები ცვიოდა. ამაზე მხოლოდ მას შემდეგ დავფიქრდით, როდესაც ბომბები ჩვენს თავზეც ჩამოცვივდა. მხოლოდ შემდეგ გაგვიჩნდა ხელისუფლებისადმი სიბრაზის განცდა, როდესაც რუსებმა იქიდან კუდით ქვა გვასროლინეს და ლამის თბილისამდე მოვიდნენ. მხოლოდ მაშინ დავიწყეთ ხელისუფლების დაგმობა იმის გამო, რომ ამ ავანტიურაში ჩაერთო. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მეტი მოეთხოვება, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს; ხელისუფალთ ჩვენგან განსხვავებით უნდა გაეთვალათ, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა (ამიტომაც მათი პასუხისმგებლობა განუზომელია), მაგრამ მიმაჩნია, რომ ომის დაწყებაზე ყველა ვაგებთ პასუხს, ვისაც ომის პირველივე დღეს პროტესტის გრძნობა არ გაგვჩენია; ვინც ხელისუფლების მილიტარისტულ პროპაგანდას ამ წლების განმავლობაში თვალს მშვიდად ვადევნებდით და ჩვენი დუმილით "პატარა სამხედრო ოპერაციაზე" თანხმობას ვაძლევდით.

ყველა ვაგებთ პასუხს...

ის, რაც ყველაზე უკეთ გვეხერხება

აბა, გამოიცანით, რა გვეხერხება ქართველებს ყველაზე უკეთ? რა თქმა უნდა, შოუების, სანახაობების მოწყობა. 7 აგვისტოსაც ასე შევხვდით, - პერფორმანსებით. აქეთ დროშის გაშლაო, იქით - ცოცხალი ჯაჭვიო, რუსთაველზე ოკუპაციის გამოფენაო, გორში მოდების ჩვენება და სიმფონიური ორკესტრის კონცერტიო,  Yყველა ქალაქში ერთდროულად ჰიმნის შესრულება... თან ვგლოვობდით, თან ვაპროტესტებდით, მაგრამ მაინც ვმღეროდით და ვუკრავდით. რა თქმა უნდა, ეს დღე უნდა აღგვენიშნა, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება კიდევ ერთხელ მიგვექცია. მე უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთი რაღაცები ყველაზე უკეთ გვეხერხება. ეს კი კარგი სულაც არ არის. ასევე კარგი არ არის ის, რომ ხელისუფლებას და აქციების ორგანიზატორებს დევნილები და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა არც გახსენებიათ. სოფელ დვანში რადიო "პალიტრის" კორესპონდენტს უთხრეს, რომ შუქი არა აქვთ, ათასი პრობლემა აწუხებთ და ვერ გაუგიათ, ამ დღეს სხვებს რა ეშოუებათ...

ბუნებრივია, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ აღვნიშნავთ ომის წლისთავს 7 აგვისტოს და  არა 8 აგვისტოს. ყველას ახსოვს, ფართომასშტაბიანი ქმედებები სწორედ 8-ში, გამთენიისას დაიწყო. საქმე ის არის, რომ 8-ში ბრძოლაში ქართული არმია ჩაერთო. თუ ომის წლისთავს ამ რიცხვში აღვნიშნავთ, გამოვა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. 7 კი ის რიცხვია, როდესაც ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რეგულარულმა არმიამ როკის გვირაბი გამოიარა.

"უხერხული ადგილები"

მაპატიეთ ამ ცოტა სკაბრეზული სათაურისთვის, მაგრამ რა ვქნა, ამ თემას ჩვენი პრეზიდენტი ბოლო დროს განსაკუთრებით აპიარებს. ჰოდა, მეც არ შემეძლო ამ თემისთვის გვერდი ამევლო. გახსოვთ, ალბათ, შარშან აგვისტოში ის ჩვენი ცოდვით სავსე პუტინი (თითქოს სააკაშვილს  უცნაურობების სალაპარაკოდ თემები აკლდა) სარკოზის დაჰპირდა, სააკაშვილს კვერცხებით დავკიდებო (პირდაპირ ასე დაიწერა ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემაში). ჩვენს პრეზიდენტს კარგა ხანს ამაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ წლისთავზე პუტინს თითქმის ყოველ გამოსვლაში ამ მუქარას ახსენებს. ამას წინათ ისიც კი თქვა, თუ ამით საქმეს ეშველება, წავალ და პუტინს საკუთარი ხელით მივართმევ სხეულის იმ ნაწილებს, რომლებზეც ნადირობსო. იქვე დააყოლა: დიმიტრი თავდადებულის მსგავსად მოვიქცევიო(!). (პუტინს მიეცა ჩვენი ცოდვა!). თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი პრეზიდენტის სხეულის ნაწილები ჯერჯერობით არც ასე ძვირად ფასობს. ამიტომ სააკაშვილს ისღა დარჩენია, პუტინს აუსრულებელი მუქარა ხშირ-ხშირად შეახსენოს.

წინა კვირას ერთ-ერთ ფრანგულ არხს განუცხადა: საოცარია, მაგრამ მე ჯერ ისევ თბილისში ვარ და არც ჩემი სხეულის იმ ნაწილებს დამუქრებია რამე, რომლებითაც დაკიდებას პუტინი დამპირდაო.

მოკლედ, ომი წავაგეთ თუ არა - ამის განმსაზღვრელი სწორედ ეს ფაქტორი ყოფილა. ჰოდა, ვიდრე პრეზიდენტის ... ადგილზეა, ბრძოლა გრძელდება!

და ისევ, ბრძოლა გრძელდება!

პრეზიდენტმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ოპოზიციის გასაგონად ასეთი რამ განაცხადა: ხალხს რომ ჰპირდებოდით, სააკაშვილს გავაქცევო, პუტინი ტანკით მომადგა და ვერ გამაქცია, საინტერესოა, კუკავამ როგორ უნდა გამაქციოსო. პრეზიდენტმა ამით ოპოზიციას იმ განცხადებების გამო დასცინა, რომლითაც ისინი ხალხს "ცოტა ხანში" სააკაშვილის "დამთავრებას" ჰპირდებოდნენ. როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ეკითხები, აქციები რომ უშედეგოდ დასრულდა, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხელისუფლებასთან წააგეთო, ისინი პასუხობენ, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და რომ ბრძოლა გრძელდება. საინტერესოა, რა განსხვავებაა მათსა და სააკაშვილს შორის, რომელიც ზუსტად ასევე აცხადებს, რომ რუსეთთან ომი არ წაუგია და რომ ბრძოლა გრძელდება?! მაშინ რატომ დასცინოდა ასეთი განცხადებების გამო ოპოზიცია სააკაშვილს, თუ ცოტა ხანში ხალხისთვის თავადაც იგივე უნდა ეთქვა? ახლა, ალბათ, დროა ოპოზიციამაც ხელისუფლების მსგავსად დაამზადოს კლიპები ამავე სლოგანით (ბრძოლა გრძელდება!) და უკეთეს დროებას დაელოდოს.