"მთავარი კითხვაა - რაში დასჭირდება ერთი მხრივ, აშშ-ს და მეორე მხრივ, რუსეთს საქართველოს ტერიტორია" - კვირის პალიტრა

"მთავარი კითხვაა - რაში დასჭირდება ერთი მხრივ, აშშ-ს და მეორე მხრივ, რუსეთს საქართველოს ტერიტორია"

"ხელისუფლებამ ფართომასშტაბიან პოზიტიურ პროექტებზე უნდა გააკეთოს აქცენტი. ხელისუფლებისგან ბოღმის ნთხევას კი არ ითხოვენ, არამედ საქმის კეთებას"

ახლო აღმოსავლეთში ახალი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხე გაჩნდა - 3 იანვარს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-მა საჰაერო დარტყმით მოკლა ირანის გავლენიანი სამხედრო პირი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ნაწილის "ყუდსის" ძალების"მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი. 63 წლის გენერალი, რომელიც ამერიკული დრონიდან გაშვებული რაკეტებით მოკლეს, ირანის საგარეო და სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. ის საკვანძო როლს თამაშობდა პროირანული გასამხედროებული ორგანიზაციების მეშვეობით ისლამური რესპუბლიკის გავლენის გაფართოებაში სირიაში, ერაყში, ლიბანსა და იემენში. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტთა შეფასებით, სოლეიმანი ახლო აღმოსავლეთში უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ არა მარტო სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და ჩატარებაში, არამედ ოფიციალური თეირანის პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებაშიც. შესაბამისად, მისი სიკვდილი დიდი დარტყმაა ირანის ხელისუფლებისთვის. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ირანელთა სულიერი ლიდერი და მაღალჩინოსნები უმკაცრესი პასუხითა და შურისძიებით იმუქრებიან. "გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლა იგივეა, რაც ირანისთვის ომის გამოცხადება", - განაცხადა გაეროში ირანის ელჩმა მაჯიდ თახთ რავანჩიმ. რით შეიძლება უპასუხოს ირანმა აშშ-ს და ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება როგორ შეიძლება აისახოს რეგიონსა და სახელდობრ, საქართველოზე? - ამ და 2020 წლის სხვა გამოწვევებზე გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

- გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია ამერიკელების მორიგი შეტევის თაობაზე - თავს დაესხნენ ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ დაჯგუფებას, რასაც, სულ მცირე, ექვსი ირანელი მაღალჩინოსანი სამხედრო ემსხვერპლა. ეს ცხადყოფს, რომ სავარაუდოდ, საქმე გვაქვს აშშ-ის მიერ წინასწარ დაგეგმილ და გათვლილ მოქმედებებთან და არა სპონტანურ გადაწყვეტილებებთან.

ყასემ სოლეიმანი, ფაქტობრივად, ირანის მეორე პირი და აიათოლას მიერ სიცოცხლეშივე წმინდანად იყო აღიარებული. ამერიკელების მტკიცებით, სწორედ ის იყო 31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზატორი.

სოლეიმანი იყო კრემლთან პირდაპირ კავშირზე მყოფი გენერალი, რომლის რჩევითაც შევიდა რუსეთი სირიაში. ის ცნობილი გახლდათ როგორც სირიის არაფორმალური მმართველი, მისი გავლენა, ფაქტობრივად, შეუზღუდავი იყო ლიბანის ხელისუფლებაზე.

მოგეხსენებათ, ირანმა ბოლო წლებში არნახულად გააფართოვა თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში, რითაც შეავიწროვა აშშ-ის ინტერესები და ამასთანავე, გაიზარდა საფრთხე ისრაელისთვის. ამ პროცესებში დიდი წვლილი სწორედ სოლეიმანიმ შეიტანა. თუ ვინმემ მოიგო სირიის კონფლიქტით, მოიგო ირანმა - დღედ ის აკონტროლებს სირიის, ერაყისა და ლიბანის მნიშვნელოვან ნაწილს. ირანის გარეთ ოპერაციების მთავარი დამგეგმავი და ჩამტარებელი კი სწორედ გენერალი სოლეიმანი იყო, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანეს სტრატეგოსად მიიჩნევდნენ.

- ირანის რელიგიური რეჟიმი იმუქრება: "ჰორმუზის სრუტე დასავლეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წერტილია, სადაც ამერიკული გამანადგურებლებისა და სამხედრო ხომალდების დიდი ნაწილი გაივლის. ირანმა ამერიკული სამიზნეების იდენტიფიცირება დიდი ხნის წინ მოახდინა. ჩვენთვის ადვილად ხელმისაწვდომია 35 ამერიკული სამიზნე რეგიონში და ასევე თელ-ავივი", - განაცხადა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა მეთაურმა გოლამალი აბუჰამზემ. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ირანის პასუხი და რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ რეგიონში ახალი ფართომასშტაბიანი ომი გაჩაღდეს? - მოგეხსენებათ, ირანმა მაშინვე განაცხადა, რომ ამას სასტიკი პასუხი მოჰყვება. ასევე მოვისმინეთ ტრამპის გამოსვლა, რომ ის ყველა მეთოდით დაიცავს აშშ-ის ინტერესებს და უსაფრთხოებას. უკვე ვთქვით, რომ ეს აშკარად წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, შესაბამისად, ირანის საპასუხო ნაბიჯისთვისაც აშშ, წესით, მზად უნდა იყოს. ფართომასშტაბიან ომამდე რამდენად მივა საქმე, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, თავდაპირველად ირანისთვის მარტივ სამიზნედ შეიძლება იქცნენ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პარტნიორები, ანუ ის ქვეყნები, სადაც აშშ-ის ბაზებია, მაგალითად, პაკისტანი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი. ამერიკელები განიხილავენ იმ ვერსიასაც, რომ შესაძლოა სხვადასხვა ქვეყანაში ტერაქტების სერია მოუწყონ აშშ-ის მოქალაქეებს. აიათოლას ფანატიზმი იმდენად დიდია, ვერაფერს გამოვრიცხავთ.

იმავდროულად, ამერიკელი ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩართვა ამერიკისთვის შესაძლოა იქცეს რუსეთის და ჩინეთის წისქვილზე წყლის დასხმად. ტრამპის ბოლოდროინდელი პოლიტიკა აგებული იყო ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანაზე, თუმცა მომხდარის შემდეგ გაირკვა, რომ აშშ 3000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გადასროლას აპირებს ახლო აღმოსავლეთში, სადაც აშშ-ის ინტერესები მხოლოდ ნავთობითა და გაზით არ ამოიწურება. იქ ახლა ისეთი ვითარებაა, იქიდან წასვლამ შესაძლოა აშშ-ის უსაფრთხოებას ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნას.

ცალკე თემაა რუსეთი, რომელიც ირანს აუცილებლად დაეხმარება. ვლადიმირ პუტინი სოლეიმანის ლიკვიდაციას მაშინვე გამოეხმაურა და ამერიკელები ლამის ტერორისტულ აქტში დაადანაშაულა. ჯერ ძალიან მწვავეა ვითარება და ძნელია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები.

- როგორ შეიძლება ყოველივე ეს აისახოს საქართველოზე? - ჩემი აზრით, თუ პროცესები ფართომასშტაბიან კონფლიქტში არ გადაიზარდა, ეს ვითარება ჩვენს ქვეყანაზე დიდად არ აისახება, თუმცა, თუ ფართომასშტაბიან ომამდე მივიდა საქმე, რისი ალბათობაც ჯერჯერობით დიდი არ ჩანს, ბევრი მიმართულებით შეიძლება ვისაუბროთ პრობლემებზე - დაწყებული ლტოლვილთა ნაკადით და ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო პროცესებით დამთავრებული. ბევრმა შეიძლება გაიხსენოს სირიის კონფლიქტი და ის, რომ სირიელ ლტოლვილთა უდიდესი ნაკადიდან ჩვენამდე ძალიან ცოტამ თუ მოაღწია, მაგრამ ირანი სხვა თემაა. სომხეთის გავლით შეიძლება ლტოლვილთა დიდი რაოდენობა მოგვაწყდეს, რამაც შეიძლება ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს.

ჩვენთვის გაცილებით მძიმე შეიძლება გამოდგეს ის, თუ რაში დასჭირდება, ერთი მხრივ, ამერიკას და მეორე მხრივ, რუსეთს საქართველოს ტერიტორია, ეს მთავარი კითხვაა. საინტერესოა, რომ 3 იანვარს თურქეთმა აშშ-ს ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზის გამოყენების უფლება არ მისცა. ამიტომ ბუნებრივად დგება დღის წესრიგში საკითხი, როგორ შეიძლება დასჭირდეს ამერიკას საქართველოს ტერიტორია, მათ შორის საჰაერო სივრცე? აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ 2019 წლის მიწურულს აშშ-მა საქართველოს სამხედრო მიზნებისთვის უპრეცედენტო ფინანსური დახმარება გამოუყო. ეს მიანიშნებს სწორედ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო აშშ-ისთვის.

რაც შეეხება რუსეთს, ის აუცილებლად გვერდში დაუდგება ირანს. საფრთხე იმისა, რომ სომხეთში საკუთარი ბაზა გააძლიეროს და საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს ირანის საზღვართან შეიარაღებისა და სამხედრო ძალების გადასროლისთვის, საკმაოდ დიდია, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ახლა თეორიულ საფრთხეებზე ვსაუბრობთ და ეს მხოლოდ ვარაუდებია.

რეალობაა ის, რომ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დადგება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ჩვენს სამეზობლოში ტრიალებს - ვგულისხმობ რუსეთის მიერ საბჭოთა სივრცის ახალი სახით აღდგენის მცდელობებს, რაც ბოლო დროს თვალსაჩინოდ გამოჩნდა უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის მოწოდებაში, დავიწყოთ ფიქრი ახალი ვარშავის ბლოკის შექმნაზეო. ამის სანაცვლოდ ის უკრაინელებს დამამცირებელ თანხას სთავაზობდა, რუსეთი 100 მილიარდს გვაჩუქებსო.

რთული პროცესები მიმდინარეობს ბელორუსშიც. გასული წლის დეკემბერში რუსეთ-ბელორუსის ერთიანი პარლამენტისა და მთავრობის შექმნის საკითხი განიხილებოდა, რაზეც ლუკაშენკომ კატეგორიული უარი განაცხადა. მან პირდაპირ თქვა, თუ რუსეთი შეეცდება ბელორუსის დაპყრობას, ამას ნატო არ დაუშვებს და სამხედრო კონფრონტაცია დაიწყებაო. ამის შედეგად რუსეთმა ბელორუსს ნავთობი გადაუკეტა.

მოლდოვაში კი პროდასავლური მთავრობა პრორუსმა პრეზიდენტმა შეცვალა. საქართველოც მთელი 2019 წლის განმავლობაში რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნე იყო.

ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ფონს ქმნის და თუ ამას ირან-აშშ-ის კონფლიქტიც დაერთო, ეს კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იქნება. გარკვეულწილად, ეს შეიძლება იყოს შანსიც, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა იმდენად მჭიდრო გახდეს, როგორიც არასდროს ყოფილა, მაგრამ რისკებიც თავისთავად ცხადია, იზრდება, მათ შორის ირანის მიერ აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებში ტერორისტული აქტების მოწყობის თვალსაზრისითაც.

მთელ ამ ნეგატივში ჩემთვის მაინც ყველაზე იმედისმომცემია აშშ-ის სამხედრო დახმარება, რაც თვალსაჩინო მესიჯია იმისა, რომ აშშ არ აპირებს რუსეთისთვის საქართველოს დათმობას, ეს კი მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ ძალიან მნიშვნელოვანი ირიბი გზავნილია. ვფიქრობ, მომავალი არჩევნები სწორედ ამ ჭრილში წარიმართება - რუსეთი სულ უფრო მძაფრი ზეწოლის შედეგად მოახერხებს და დააბრუნებს საქართველოს თავისი გავლენის სივრცეში, თუ აშშ შეინარჩუნებს მას როგორც პროდასავლურ და დემოკრატიულ ქვეყანას?

- თქვენ ჰიბრიდული ომი ახსენეთ, რომელიც 2019 წელს განსაკუთრებით მასშტაბური იყო. ამის ხელშემწყობ ფაქტორად ისიც იქცა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამის წინააღმდეგ სათანადო ნაბიჯებს არ დგამდა. - გასულ წელს რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოში ჩვენი საზოგადოება იყო. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი მოსახლეობა როგორმე სრულ სულიერ და მორალურ კაპიტულაციამდე მიეყვანა. ამას ფსიქოლოგიურ-დივერსიული ოპერაციებით ცდილობდა. რუსეთი ამ ხერხებს სხვადასხვა ქვეყანაშიც ხშირად იყენებს საზოგადოების დაქსაქსვისთვის, აგრესიის გაღვივებისა და ნიჰილიზმის დასათესად. პრობლემა ის არის, რომ ამის საწინააღმდეგო პრევენციული ზომები ჩვენს ხელისუფლებას არ მიუღია, ალტერნატიული საინფორმაციო ველის შექმნაც არ უცდია. არადა, ჩვეულებრივ ომში ვართ ყოველდღიურად, უბრალოდ, ამას საინფორმაციო ომი ჰქვია და იარაღი ფსიქოლოგიურ-დივერსიული აქტებია. ისევე როგორც ნებისმიერ ომში, ამ დროსაც გჭირდება კონტრსტრატეგია. საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეემუშავებინა რუსული საინფორმაციო შემოტევის შეკავებისა და პრევენციის სტრატეგია, რაც არ გაუკეთებია. თქმა იმისა, რომ ამასთან სრულად გამკლავება და მისი განეიტრალება შესაძლებელია, ტყუილი იქნება. ამას ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებიც ვერ ახერხებენ, მაგრამ ზიანის შემცირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. თუნდაც იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, რომლებმაც ამ საქმეში დიდ წარმატებას მიაღწიეს. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში არის ნატოს კიბერუსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ცენტრები. ჩვენც შეგვეძლო მათ ქსელში ჩართვა როგორც აღმოსავლეთპარტნიორობის მონაწილე ქვეყანას, როგორც ნატოს კონტრიბუტორს. საქართველოს უარს არავინ ეტყოდა - დაგვეხმარებოდნენ კიდეც და გამოცდილებასაც გაგვიზიარებდნენ, მაგრამ ჩვენ არ გვითხოვია დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში ეს საფრთხეები ნათლად იყო ასახული.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებისა, რუსეთისთვის არ არსებობს საქართველოში ფასეული და ღირებული პოლიტიკური პარტნიორი. ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მისთვის მიუღებელია. მას არ სჭირდება პოპულარული და მაღალრეიტინგიანი პოლიტიკური ძალა. ის, რასაც რუსეთი შარშან მთელი წლის განმავლობაში აკეთებდა საოკუპაციო ხაზთან - ვგულისხმობ ჩვენი მოქალაქეების პერმანენტულ გატაცებასა და მცოცავ ოკუპაციას"- ჰიბრიდული ომის ნაწილი იყო, რათა ერთი მხრივ, ჩვენს საზოგადოებას თავი სრულიად უსუსურად ეგრძნო და იმავდროულად, მოეხდინა ხელისუფლების დისკრედიტაცია, წარმოეჩინა ის უნიათოდ მოსახლეობის თვალში. ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა გავიხსენოთ, რამდენ ხანს ამყოფა რუსეთმა საზოგადოება და განსაკუთრებით ხელისუფლება ჩოქბჯენში...

მოკლედ, კრემლს არ სჭირდება აქ რომელიმე პოპულარული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მაღალი მხარდაჭერითა და ნდობით ისარგებლებს, რათა საქართველო მუდმივად იყოს ქაოსის კერა.

რუსეთს "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნა კი არ ანაღვლებს, არამედ იმ გავლენის შენარჩუნება, რომელიც ამ ბოლო წლებში მოიპოვა. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო და საფრთხილოც იქნება რუსეთის ტაქტიკა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

მისი მთავარი ამოცანა ჩვენი ოპოზიციის ერთიანობის დაშლა-დაქსაქსვა იქნება. დღეს მას ქაოსი ყველაზე მეტად აწყობს. თუ ვერ მოჰყავს და ვერ მოიყვანს ხელისუფლებაში ძალას, რომელიც სრულად გაატარებს რუსეთის ინტერესებს - მაგალითად, 2024 წლამდე შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევრაზიულ კავშირში და ა.შ. - ის მაინც უნდა მოახერხოს, რომ აქ მუდმივი ქაოსი იყოს, რათა ისე დაასუსტოს ქვეყანა, რომ ბოლოს და ბოლოს თავის საწადელს მიაღწიოს.

საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკას საარჩევნო ჭრილში თუ განვიხილავთ, ერთადერთი, რამაც შეიძლება მას სიტუაცია გაუუმჯობესოს, არის არა""ნაციონალური მოძრაობის" მისტიფიკაცია როგორც ყველაზე საშიში ძალისა, რაც ძველებურად ვეღარ იმუშავებს, არამედ პოზიტივზე აქცენტი. "ქართულმა ოცნებამ" მაქსიმალური პოზიტივი უნდა შეიტანოს საარჩევნო კამპანიაში, თუ სურს დღევანდელი ძალიან ცუდი რეიტინგის გაუმჯობესება. ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აქამდე საოცარი რამ ხდებოდა - ეს იყო იშვიათი ხელისუფლება, რომელიც თავის საარჩევნო კამპანიებს მხოლოდ ნეგატივზე აგებდა, არადა, პოზიტივზე აქცენტირება მის ხელთ არსებული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების გამოყენებით, თუ ვინმეს შეუძლია, სწორედ ხელისუფლებაა. მისი მესიჯი 2016 წლიდან დღემდე ასეთი იყო: "გაერთიანდით ჩემ გარშემო იმიტომ კი არა, რომ მე ვარ კარგი, არამედ იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობაა" ცუდი". ახლა ამგვარი პოლიტიკა ვეღარ უშველის. ბოლოს და ბოლოს, გასულ წელს იმდენი შეცდომა დაუშვა "ქართულმა ოცნებამ", რომ სხვისგან საფრთხობელას გაკეთება, მეეჭვება, გამოუვიდეს.

ხელისუფლებამ ფართომასშტაბიან პოზიტიურ პროექტებზე უნდა გააკეთოს აქცენტი. ხელისუფლებისგან ბოღმის ნთხევას კი არ ითხოვენ, არამედ საქმის კეთებას.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღემდე ვერ შეძლო (იშვიათი გამონაკლისის გარდა) საზოგადოებისთვის ახალი, რესურსული ლიდერების შეთავაზება.

ამისთვის დრო კიდევ არის, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც 10 თვეა დარჩენილი. აუცილებელია ახალგაზრდა ლიდერების გამოკვეთა, რომლებიც შეძლებენ სიახლის, სასიკეთო ცვლილებების მოლოდინის შექმნას, რასაც შეუძლია გაანეიტრალოს ის ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც საზოგადოების ნაწილს ოპოზიციის მიმართ აქვს. გარდა ამისა, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია კიდევ რამდენიმე ფაქტორი: პირველი - გარდა იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლა სურს, ამომრჩეველს უნდა აუხსნას, თვითონ რას სთავაზობს საზოგადოებას, რას მოუტანს ამომრჩეველს უკეთესს? ამაზე პასუხი აუცილებლად სჭირდება საზოგადოებას, რომ ოპოზიციას ენდოს. მას ასევე სჭირდება ინოვაციურობა და სტრატეგიების დივერსიფიკაცია.

თუ მან არჩევნების წინ ვერ შეძლო ხალხის დიდი მასის გამოყვანა მხარდასაჭერად, გაუჭირდება არჩევნებში წარმატების მიღწევა. თუ ხელისუფლებას არ ექნება იმის რიდი, რომ ხალხის დიდი მასა გამოვა ქუჩაში არჩევნების შედეგების დაცვის მოთხოვნით, ის მოიქცევა ისევე, როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოიქცა - საკუთარ თავს საზოგადოების"გადაგდების"უფლებას მისცემს.