"არა მგონია, ირანმა წითელი ხაზი გადაკვეთოს" - რა ელის საქართველოს, თუ აშშ-სა და ირანს შორის ომი დაიწყო? - კვირის პალიტრა

"არა მგონია, ირანმა წითელი ხაზი გადაკვეთოს" - რა ელის საქართველოს, თუ აშშ-სა და ირანს შორის ომი დაიწყო?

"დიდი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ირანიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადი დაიძვრება და ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ვეღარ გავდგებით განზე, ამიტომაც შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ირანის მოსახლეობა თითქმის 85 მილიონია. აქედან მხოლოდ 10%-ც რომ იქცეს ლტოლვილად, ეს უკვე რვა-ნახევარი მილიონი კაცია. ამ დიდ მასაში შეიძლება იყვნენ რადიკალური ჯგუფებიც, რომელთა გარჩევა ძალიან ძნელია"

ამერიკამ ბიძგი მისცა გამანადგურებელ ომს ერაყში, მთელ რეგიონსა და მსოფლიოში, - განაცხადა ერაყის პროირანელმა პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ მას შემდეგ, რაც აშშ-მა ბაღდადის აეროპორტში "ყუდსის" ძალების"მეთაურის, ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა. სხვა სამხედრო პირებთან ერთად, ირანის ე.წ. ჩრდილოვანი გენერალი ყასემ სოლეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ. ცნობისთვის: 31 დეკემბერს ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი თეირანს დაჰპირდა, რომ ის "დიდ ფასს გადაიხდის".

ყასემ სოლეიმანი

"ერაყის სამხედრო მეთაურის მკვლელობა, რომელსაც ოფიციალური პოზიცია უკავია, ერაყზე აგრესიაა. წამყვანი ერაყელი პირების მკვლელობა და მასთან ერთად ჩვენი მოძმე სახელმწიფოს წარმომადგენლების ლიკვიდაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა", - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა."

"აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისისა და ყასემ სოლეიმანის სიკვდილზე ამერიკელი და ებრაელი მტრები არიან პასუხისმგებლები", - აღნიშნა ერაყის "სახალხო მობილიზაციის ძალების პრესსპიკერმა აჰმედ ალ-ასაადიმ.

"ჰეზბოლას" ლიდერ ჰასან ნასრალაჰის თქმით, ყასემ სოლეიმანი წინააღმდეგობის ოსტატი იყო. "ჩვენ გავაგრძელებთ გენერალ სოლეიმანის გზას და აღვმართავთ მის დროშას ყველა ბრძოლის ველზე. კრიმინალი მკვლელებისთვის სათანადო სასჯელის მიგება ყველა წინააღმდეგობის მებრძოლის პასუხისმგებლობა იქნება მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ნასრალაჰმა.

ირანის ხელისუფლებას, ლიდერსა და ხალხს"გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა "ჰამასმაც". მათი თქმით, სოლეიმანი იყო ერთ-ერთი უმთავრესი ირანელი სამხედრო ლიდერი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა პალესტინის წინააღმდეგობის ბრძოლებში. ბაღდადის აეროპორტში ჩატარებული ოპერაცია დაგმეს სირიისა და რუსეთის მთავრობებმა და ირანს სამძიმარი გამოუცხადეს.

თავის მხრივ, საბრძოლო მზადყოფნას აცხადებს ისრაელის არმია "ჰეზბოლას", "ჰამასისა" და ღაზის სექტორში "ისლამური ჯიჰადის" შესაძლო თავდასხმების გამო.

ერთ-ერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა არსებული სიტუაცია ასე შეაფასა: "დინამიტი დენთის კასრში".

"სოლეიმანის ლიკვიდაცია პირდაპირი მნიშვნელობით ირანზე შეტევაა"

ამერიკისა და ირანის დაპირისპირების მიზეზებზე, შესაძლო სამხედრო კონფრონტაციასა და მოსალოდნელ შედეგებზე რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრება:

- ირანსა და ამერიკას შორის დღეს არსებულ ვითარებას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ დაბალი ინტენსივობის ომი. ირანმა თავისი გავლენის სფეროში მოაქცია ერაყის დიდი ნაწილი, სირია, ლიბანი. პირველად გავიდა როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ისე მთავარ მოწინააღმდეგე ისრაელზე. შესაბამისად, ამერიკის მთავარი მიზანია ირანის შეკავება. ამიტომ დაბომბა პროირანული ძალების 6 ბაზა, რასაც მოჰყვა ამერიკის საელჩოზე თავდასხმა. ინციდენტი დროებით ჩააცხრეს, მაგრამ დაძაბულობა არ განელებულა. კონფლიქტის სხვა პოტენციური კერაც ბევრია. რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებსა და ირანს შორის დროდადრო დაძაბულობა მწვავდება. ყველას გვახსოვს თავდასხმა საუდის არაბეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე, საიდანაც აშშ მარაგდება. ასევე გახშირდა სირიის ტერიტორიაზე ისრაელის მიერ ირანული ძალების დაბომბვა. ფაქტია, რეგიონში დაძაბულობის პოტენციალი ძალიან დიდია. ეს წერტილები შეიძლება იყოს როგორც ერაყში, ასევე სირიაში, ლიბანში, სპარსეთის ყურეში, უშუალოდ საუდის არაბეთსა და ირანს, ასევე ისრაელსა და ირანს შორის.

- შესაძლოა ეს დაძაბულობა მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს? - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ირანის პასუხი. რა ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ მისგან? სია ძალიან გრძელია. ეს შეიძლება იყოს როგორც შტატების სამხედრო ბაზებზე ან დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმა, ასევე შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნები რეგიონში. მოსალოდნელია სპარსეთის ყურეში ნავთობის გადამზიდავი ტანკერების ბლოკირება ან მათზე შეტევაც.

- ცოტა ხნის წინ რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. ამასთან, რუსეთმა სამძიმარი გამოუცხადა ირანს და ამერიკა ავანტიურისტულ ნაბიჯსა და არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა. ყოველივე ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რუსეთი და ჩინეთი ამ კონფლიქტში ირანს დაეხმარებიან? - რუსეთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აქტიურად გამოხატავს ანტიამერიკულ პოზიციას.

ყველამ იცის, რომ გარკვეულწილად ირანის წამქეზებელი რუსეთია. ამ შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, რუსეთი ცდილობს საკუთარი თავი მშვიდობისმყოფლად, სხვები კი სისხლისმსმელებად წარმოაჩინოს. რა ფორმით შეიძლება ჩაერიოს კონფლიქტში? შესაძლოა ცოცხალი სამხედრო ძალა არ გაგზავნოს, მაგრამ იარაღს მიაწვდის. არც ეკონომიკურ დახმარებაზე იტყვის უარს.

რუსეთისა და ჩინეთის ჩართულობის ფორმა ამ კონფლიქტში იმაზეც არის დამოკიდებული, ირანის საპასუხო ნაბიჯის შემდგომ რას მოიმოქმედებს ტრამპი.

- "ჰეზბოლასა" და "ჰამასზე", ასევე "ისლამურ ჯიჰადზე" რომ არაფერი ვთქვათ, სამხედრო და დიპლომატიურ კონტრშეტევაზე ლაპარაკობს ჩრდილოეთ კორეის ლიდერიც. ირანის შესაძლებლობებსაც თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრამპი კომპრომისზე წავა? - არის ასეთი ვერსიაც, თითქოს ამერიკა ვერ გაბედავს ირანთან ღრმა კონფრონტაციას. თუმცა, ჩემი აზრით, ბაღდადის აეროპორტზე საჰაერო თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ შტატები მზად არის სრული კონფრონტაციისთვის. სოლეიმანის ლიკვიდაცია პირდაპირი მნიშვნელობით ირანზე შეტევაა.

- ამერიკასა და ირანს შორის კონფლიქტის საფრთხე საქართველოს რა გამოწვევების წინაშე აყენებს? - კარგია, რომ ამ დავიდარაბაში სამხედრო მონაწილე არა ვართ. ერთი მხრივ, ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, იმავდროულად, ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც ირანია, და ჩვენს ინტერესებში არ შედის სამხედრო კონფრონტაცია. აქ სხვა პრობლემაა - დიდი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ირანიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადი დაიძვრება და ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ვეღარ გავდგებით განზე, ამიტომაც შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ირანის მოსახლეობა თითქმის 85 მილიონია. აქედან მხოლოდ 10%-იც რომ იქცეს ლტოლვილად, ეს უკვე რვა-ნახევარი მილიონი კაცია. ამ დიდ მასაში შეიძლება იყვნენ რადიკალური ჯგუფებიც, რომელთა გარჩევა ძალიან ძნელია.

- ასეთი გამოწვევისთვის საქართველო რამდენად არის მზად? - საქართველომ თავის დროზე უსაფრთხოების საბჭოც გააუქმა და უშიშროების საბჭოც, შემდეგ ახალი კი შექმნა, მაგრამ მათი ფუნქციონირება არც დაწყებულა. 2015, 2018 წლებში ჩვენ გვქონდა უსაფრთხოების შეფასების დოკუმენტები, რომლებსაც დიდი ხანია ვადა გაუვიდა, ახალი კი არ შექმნილა. ამ დოკუმენტებში მხოლოდ ასეთი საფრთხეები კი არ უნდა განისაზღვროს, გაწერილი უნდა იყოს კრიზისების დროს საჭირო ქმედებები. თუმცა ასეთი დოკუმენტი არ არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მოუმზადებელია პროცესების ასეთი განვითარებისთვის. ჩემი ინფორმაციით, ყველა სტრუქტურა, ვისაც ეს ეხება, საგარეო დაზვერვით დაწყებული, საგარეო საქმეთა სამინისტროთი დამთავრებული, ამ საკითხებზე დახურულ კარს მიღმა მუშაობს.

"ამერიკა მსგავს თავდასხმებს, როგორც წესი, არავის აპატიებს"

ამირან სალუქვაძე სამხედრო საკითხების ექსპერტი:

- როგორც ცნობილი ხდება, 3 იანვარს ამერიკული ავიაციის მიერ ბაღდადის აეროპორტის სარაკეტო დაბომბვა 31 დეკემბერს ერაყში აშშ-ის საელჩოს ბლოკირების პასუხი იყო. მანამდე, 27 დეკემბერს, ქალაქ ქირქუთთან განთავსებულ ერაყულ სამხედრო ბაზაზე შეტევისას დაიღუპა ამერიკელი ბიზნესმენი და დაშავდა აშშ-ისა და ერაყის რამდენიმე მოქალაქე. მაშინ ამერიკის ხელისუფლებამ თავდასხმაში შიიტი მებრძოლები დაადანაშაულა, რომლებიც ირანის მხარდაჭერით სარგებლობენ. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე - ირანი იწვევს ამერიკას, თუ პირიქით, ტრამპი ცდილობს ირანის კონფლიქტში ჩათრევას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად?

- ტრამპი, რა თქმა უნდა, რეიტინგის შესანარჩუნებლად გულხელდაკრეფილი არ იქნება, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია არჩევნების მოსაგებად ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყოს ახლო აღმოსავლეთში. ყველა კარგად აცნობიერებს, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, დაწყებული საომარი მოქმედებების მასშტაბით, დამთავრებული მსოფლიო ეკონომიკაზე ზემოქმედებით. ნავთობის ფასი უკვე 4%-ით გაიზარდა, არავინ იცის, რა იქნება ხვალ. რაც შეეხება ირანსა და ამერიკას შორის დაძაბულობას, შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი პროცესების გართულებისკენ მიდიოდა. მაგალითად, ნავთობტანკერებზე თავდასხმა და აფეთქება, ტანკერების დაკავება, სარაკეტო იერიში ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთის უმსხვილეს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე... ამ ყველაფერს ემატება დაპირისპირება ბირთვული პროგრამის გამო, ამერიკის საელჩოზე თავდასხმა კი კულმინაცია იყო. საელჩოებს საომარი ვითარების დროსაც კი არ ეხებიან. ამერიკა მსგავს თავდასხმებს, როგორც წესი, არავის აპატიებს, ამიტომ მისი ქმედება მოსალოდნელი იყო.

- ერაყის პრემიერი ამბობს, რომ შესაძლოა ეს დაძაბულობა გადაიზარდოს გამანადგურებელ ომში ერაყისა და მსოფლიოს მასშტაბით. - დაძაბული ვითარებისა და მსოფლიო ლიდერების მუქარების მიუხედავად, არა მგონია, რეგიონული ფართო მასშტაბიანი ომი დაიწყოს. უნდა დაველოდოთ ირანის საპასუხო ქმედებას, ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული.

- მაინც რა არის მოსალოდნელი?

- ირანი ძალისმიერ ნაბიჯებს აუცილებლად გადადგამს, შესაძლოა ეს პირდაპირ ამერიკას კი არა, რეგიონში მის მოკავშირეებს შეეხოს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ირანის უშიშროების საბჭო. მაინც არა მგონია, ირანმა წითელი ხაზი გადაკვეთოს, ალბათ, სახის შესანარჩუნებლად რაიმე მასშტაბურ ღონისძიებას მიმართავს. ათასგვარი ვერსია ვრცელდება, რომელიც, ჩემი აზრით, მოსახლეობის დაშინებას ემსახურება. ვფიქრობ, ირანსა და ამერიკას შორის სამხედრო დაპირისპირებამდე არც მივა საქმე. ორივე ქვეყნის ლიდერებმა იციან, რომ თუ დაიწყეს, მერე უკან დახევა შეუძლებელი გახდება. დათმობაზეც არავინ წავა, მაგრამ საზღვარსაც არ გადავლენ. მერე საქმეში მსოფლიო ლიდერები ჩაერთვებიან...

- როდესაც მსოფლიო ლიდერების ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე იქნება გადატანილი, შეეცდება თუ არა რუსეთი საქართველოში სადამსჯელო ღონისძიების გატარებას? - საქართველოსა და უკრაინაში აგრესიის მიუხედავად, რუსეთი მაინც ცდილობდა თავისი მოქმედების როგორღაც შეფუთვას, თუნდაც საკუთარი მოქალაქეების დაცვის საფრით. ამჟამად რუსეთს საქართველოში ძალისმიერი ღონისძიების არანაირი საბაბი არა აქვს, თუ, რა თქმა უნდა, კრემლში თავი არ გაიგიჟეს.

- თქვენ ახსენეთ, რომ ამერიკასა და ირანს შორის დაძაბულმა ვითარებამ უკვე გაზარდა ნავთობის ფასი. ჩვენ ვიცით, რომ ეს რუსეთს აძლევს ხელს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ კონფლიქტის ინსპირირებას მოსკოვი ხელს უწყობს? - დიახ, 2015 წელს, როდესაც ნავთობის ფასი 30 დოლარზე ჩამოვიდა, რუსეთის მცდელობით ნავთობის ფასმა ისევ მატება დაიწყო. ნავთობის დღეს არსებული ფასები რუსეთისთვის სავსებით მისაღებია. საომარ ვითარებას შესაძლოა ერთხანს ფასების ზრდა მოჰყვეს, მაგრამ თუ პროცესი გაგრძელდა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, როგორც წესი, ნავთობის ფასი დაბლა ჩამოდის. აშკარაა, რუსეთს დღეს არსებული ვითარების შენარჩუნებაც აძლევს ხელს და ნავთობის ფასიც.

"სოლეიმანი პასუხისმგებელია მილიონობით ადამიანის სიკვდილზე"

ყასემ სოლეიმანის დაღუპვას "ტვიტერზე" დონალდ ტრამპი ეხმაურება.

"ხანგრძლივ დროში გენერალმა ყასემ სოლეიმანიმ დახოცა და მძიმედ დაჭრა ათასობით ამერიკელი, ის გეგმავდა კიდევ ბევრის დახოცვას, მაგრამ გამოვიჭირეთ! ის პირდაპირ და ირიბად პასუხისმგებელია მილიონობით ადამიანის სიკვდილზე, მათ შორის ირანში გამოსვლების დროს დაღუპულთა დიდ რაოდენობაზე. ირანი არ აღიარებს, მაგრამ ქვეყანაში სოლეიმანი ეზიზღებოდათ და ეშინოდათ მისი. ისინი არ დაუმწუხრებია სოლეიმანის დაღუპვას ისე, როგორც ლიდერები ცდილობენ მსოფლიოს დააჯერონ. ის დიდი ხნის წინ უნდა მოეშორებინათ!"

იხილეთ ასევე: ვინ იყო გენერალი ყასემ სულეიმანი, რომლის სიკვდილიც ლამის მსოფლიო ომის მიზეზად იქცეს?

ხათუნა ბახტურიძე