რა მისიით ჩამოდის ერდოღანი საქართველოში?! - კვირის პალიტრა

რა მისიით ჩამოდის ერდოღანი საქართველოში?!

"შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს საქართველო-რუსეთის პირველი პირების შეხვედრა, თურქეთი კი შუამავლის როლში მისაღები იქნება"

გაზაფხულისთვის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საქართველოში ვიზიტი იგეგმება. თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას თქმით, 2020 წლის თებერვალში ანკარაში სტრატეგიული კომისიის სხდომა გაიმართება. "ანკარაში რამდენიმე კვირის წინ ვიზიტით იყო პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რასაც, 14-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ეკონომიკური კომისიის შეკრება მოჰყვა. შემდეგ იყო პრემიერის განმეორებითი ვიზიტი ქალაქ ედირნეში ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის გამო. "ჩვენ თურქულ მხარესთან მოვილაპარაკეთ. სავარაუდოდ, მაისში პრეზიდენტი ერდოღანი საქართველოს ეწვევა... თურქეთი არის არა მარტო ჩვენი კეთილი მეზობელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორიც, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრებას", - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. რას უკავშირდება თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, იქნება ის მხოლოდ ეკონომიკურ და სავაჭრო თემებთან დაკავშირებული თუ სხვა მნიშვნელოვან, მათ შორის სტრატეგიულ საკითხებსაც შეეხება, ამის თაობაზე ექსპერტ-პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ვესაუბრეთ.

- ამჟამად თურქეთის ინტერესის საგანი საქართველო არ არის. ახლახან თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარის გაგზავნა გადაწყვიტა. დღეს ეს არის ამ სახელმწიფოს ინტერესის საგანი. ისე, საინტერესოა, ერდოღანს აქვს თუ არა შუამავლობის სურვილი რუსეთსა და საქართველოს შორის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ორ-სამ თვეში. ისეთ ტურბულენტურ გარემოში ვცხოვრობთ, სამი თვის შემდეგ კი არა, ხვალ-ზეგ რა მოხდება, არ ვიცით.

- რუსეთი და თურქეთი დღეს პარტნიორები, მაგრამ ისტორიულად მტრებიც არიან. როგორ წარმოგიდგენიათ თურქეთი ისტორიულ მტერს დაეხმაროს ერთ დროს მის ქვეშევრდომ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგებაში? - დიახ, რუსეთი და თურქეთი ისტორიული მტრები არიან და მოსკოვს ბევრი რამ არ მოსწონს, მაგალითად, თურქეთის აქტიურობა შავ ზღვაზე. რუსეთს არც ის აწყობს, რომ თურქეთი და საქართველო სტრატეგიული მოკავშირეები გახდნენ და თურქეთი ნატოში საქართველოს ლობისტად იქცეს. შესაძლოა ერდოღანსაც ბევრი რამ არ აწყობდეს, ბევრ საკითხზე მათი ინტერესები იკვეთება, მაგრამ ერთმანეთი ორივეს ძალიან სჭირდებათ, რათა ევროპა და ამერიკა მუდმივად შანტაჟში ამყოფონ. ეს კავშირიც დროებითია. მათი სტრატეგიული, მტკიცე კავშირი გამორიცხულია. ასეთ მოცემულობაში ბევრი რამ არის დამოკიდებული ქართულ დიპლომატიაზე არა მარტო აფხაზეთსა და ცხინვალთან, არამედ აჭარასთან დაკავშირებითაც.

ახლა ლაპარაკია რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე. ეს ამბავი პოზიტივს შეიტანს მოსკოვი-თბილისის ურთიერთობაში და შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრაც. ამ შეხვედრის ინიციატივას რუსეთი ამერიკისა და ევროპისგან არ მიიღებს, თურქეთი კი შუამავლის როლში გაცილებით მისაღები იქნება.

- მაგრამ თურქეთის ინტერესებში რამდენად შეიძლება შედიოდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარება? - ერდოღანმა მშვენივრად იცის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობა მაინც არ შედგება. მისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ისე წარიმართოს, მუდმივი კონფლიქტის საფრთხე არ იდგეს და სავაჭრო ურთიერთობას ხელი არ ეშლებოდეს.

- სულ რაღაც ერთ წელიწადში ყარსის ხელშეკრულების დადების მეასე წლისთავი შესრულდება...

- საქართველომ და თურქეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ თავიდან აღიარეს ყარსის ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრები და აღარანაირი დრო არ დათქმულა. შესაბამისად, ყარსის ხელშეკრულება იმოქმედებს მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე მას არ დაარღვევს, ეს კი თურქეთს არ აწყობს. მას აჭარის საკითხზე გრძელვადიანი სტრატეგია აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც ხელს უწყობს მეჩეთებისა თუ რელიგიური სასწავლო დაწესებულებების აშენებას და თურქული ბიზნესის განვითარებას. დღეს თურქეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ზედმეტი თავსატეხია. ერდოღანი ისედაც ძალიან რთული ამოცანების წინაშე დგას. ძალიან ბევრ საკითხში იკვეთება თურქეთისა და რუსეთის ინტერესები, მაგალითად,

ერდოღანსა და პუტინს ლიბიაში სხვადასხვა ფავორიტი ჰყავთ - მოსკოვი ფელდმარშალ ხაფთარს ეხმარება, თურქეთი კი მისი მოწინააღმდეგის დასახმარებლად გზავნის ჯარს. თურქეთს პრობლემები აქვს სირიასთანაც - იდლიბიდან 240 000 ლტოლვილი მიადგა საზღვარზე, მას კი ევროკავშირთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რომ ამ ლტოლვილებს მოუვლის. ერდოღანს მძიმე ურთიერთობა აქვს ევროპასთანაც, ხომ ხედავთ, როგორ იმუქრება, თუ ევროკავშირი და ნატო ქურთებს ტერორისტებად არ ცნობს,"ნატოს ყველა გადაწყვეტილებას დავბლოკავო - როგორც ნატოს წევრს, ეს შეუძლია.

- ცოტა ხნის წინ თურქეთმა ამერიკაც დაგმო ბაღდადში სარაკეტო შეტევის გამო. ჩვენ გვახსოვს ერდოღანის სკანდალური განცხადებებიც როგორც ტრამპის, ასევე მაკრონის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტს ტვინის შემოწმებაც კი ურჩია. სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან მის ასეთ დამოკიდებულებას როგორ ახსნით? - ერდოღანი თავისი ქვეყნის ყველაზე დიდ საფრთხედ ქურთებს აღიარებს, ქურთებს კი მხარს უჭერენ ამერიკა და სამი წლის შექმნილი მისი კოალიცია, რომელშიც სამოცი ქვეყანაა გაერთიანებული.

- ერდოღანმა შარშან ზაფხულს ბერძნულ ძალებზე გამარჯვების 96-ე წლისთავის აღნიშვნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ თურქეთი 2023 წლისთვის რეგიონის მომავალს განსაზღვრავს. თქვენი ვერსიით, რას გულისხმობდა? - ერდოღანი ამბიციური კაცია. ის რეგიონულ ლიდერად განიხილავს თავს, თუმცა, ვფიქრობ, ეს განცხადება მაინც შიდამოხმარებისთვის იყო გამიზნული. ამჟამად ერდოღანი მაინც ახლო აღმოსავლეთისა და ქურთების პრობლემით არის დაკავებული. ჯობია, თურქეთმა ჯერ იდლიბის ამბავი მოინელოს და მერე იფიქროს რეგიონის ლიდერობაზე.

- როდესაც სირიაში ამერიკული სამხედრო ძალების კვალდაკვალ თურქეთი და რუსეთი შევიდნენ, მაშინ ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ სირია შესაძლოა რუსეთსა და თურქეთს შორის განხეთქილების საგანი გამხდარიყო. დღევანდელი მოცემულობა რა ტიპის ანალიზის საფუძველს იძლევა? - დღეს რუსეთი სირიაში ორივე ფეხით ისე მყარად დგას, როგორც გასული საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა კავშირი ეგვიპტეში. ასადი ჯიბეში უზის პუტინს.

- ვფიქრობ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობისთვის ფეთქებადსაშიშია იდლიბის პრობლემა. სანამ ერდოღანი თბილისში ჩამოვა, მანამდე რამდენჯერმე ჩავა რუსეთში. ახლაც სოჭში აპირებს პუტინთან შეხვედრას. ძალიან ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. რატომ? - იმიტომ, რომ ვითარება ხელიდან არ გაექცეთ და მათ შორის კრიზისი არ შეიქმნას. ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ ერთ კრიზისს ვერ გადაიტანს. პირადი შეხვედრების რა მოგახსენოთ და, ტრამპი და ერდოღანი ტელეფონით ხშირად საუბრობენ. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ერდოღანს ქურთებთან მორიგების თაობაზე მისწერა,-არ გაჯიუტდე, ნუ იქნები სულელიო, ერდოღანმა კი წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა, მსოფლიო საზოგადოებრიობა თურქეთ-ამერიკის ურთიერთობის გამწვავებას ელოდა, თუმცა, როდესაც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ტრამპმა თურქ კოლეგას "კარგი მეგობარი" უწოდა და აღნიშნა, რომ მათ როგორც ქვეყნების დონეზე, ისე პირადად შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

ტრამპის თქმით, ის პრეზიდენტ ერდოღანის თაყვანისმცემელია. დღეს თურქეთის პრეზიდენტის წინააღმდეგი მაკრონია. მართალია, მას პირდაპირ არ უთქვამს, თურქეთის ადგილი ნატოში არ არისო, მაგრამ ხშირად სვამს რიტორიკულ კითხვას, როგორ შეიძლება ნატოს წევრი იყოს და რუსეთისგან რაკეტებს ყიდულობდესო?

- მართლაც, ვის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს თურქეთმა ისეთი ძლიერი იარაღი, როგორიც S-400-ია? - თურქეთი ნატოს წევრია. ამერიკასთან ომი გამორიცხულია, სირიასა და რუსეთთანაც. ქურთების წინააღმდეგ ხომ ვერ გამოიყენებს ამ უახლესი ტიპის რაკეტებს? ვფიქრობ, ეს იარაღი მან ამბიციის გამო შეიძინა. თურქეთი არ არის ბირთვული სახელმწიფო და S-400 უფრო ამის კომპენსაცია იყო. რუსეთის გარდა, რეგიონში მხოლოდ მას აქვს ასეთი ძლიერი იარაღი.

მართალია, ერდოღანი ნატოს წევრ ქვეყნებს ხშირად აშანტაჟებს ალიანსის გადაწყვეტილებების დაბლოკვითა და ლტოლვილებით, მაგრამ ის სულელი მართლაც არ არის და იცის, რომ მისი გრძელვადიანი და ერთადერთი საიმედო პარტნიორი მხოლოდ ნატოა.

- ბაღდადის აეროპორტის დაბომბვა ნატოს წევრმა ქვეყნებმაც დაგმეს. ექსპერტების ნაწილის აზრით, ტრამპმა ამით ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას შეუწყო ხელი. - ექსპერტები მუქად ხატავენ რეალობას. არანაირ ფართომასშტაბიან ომს არ ველოდები. ამერიკა დროდადრო ბომბავს ტერორისტების ბაზებს, ამაში ახალი არაფერია. ნახეთ, რა ქნა ტრამპმა, ირანს ეროვნული გმირი მოუკლა, დღეს კი მოლაპარაკებას სთავაზობს. ალბათ, იცით, თავის "ტვიტერზე" რომ დაწერა, "ირანს არ მოუგია არც ერთი ომი, მაგრამ არ წაუგია არც ერთი მოლაპარაკება". ამით მიანიშნა, ომის თავი მაინც არა გაქვს და მოლაპარაკებაზე წამოდიო.

- დათანხმდება ირანი? - სხვა რა გზა აქვს? ირანელები რამდენიმე თვეს ახლოსაც არ გაიკარებენ ამერიკელებს და ტერორისტულ აქტებსაც მოუწყობენ, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად დათანხმდებიან მოლაპარაკებას. ნახეთ, რა ხდება ირანში, ერთი კვირის განმავლობაში ინტერნეტი გათიშული იყო, რომ ხალხს სოციალური ქსელების საშუალებით პროტესტი არ გაეზიარებინა ერთმანეთისთვის. ამერიკული სანქციების გამო ირანი ისეთ კრიზისშია, ნამდვილად არ აქვს ფართომასშტაბიან ომში ჩართვის თავი.

ხათუნა ბახტურიძე