გახდება თუ არა ირაკლი შოთაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე?! - კვირის პალიტრა

გახდება თუ არა ირაკლი შოთაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე?!

"ქართველი პროკურორის გამოცდილებით, ვეჭვობ, შოთაძემ ასეთ ამოცანებს გაართვას თავი"

ერთ-ერთი ვერსიით, მას შემდეგ, რაც ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩევენ, არ არის გამორიცხული, ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც გახდეს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ გენპროკურორის თანამდებობა გასული წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ დატოვა.

ლია მუხაშავრია, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი: - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა უფრო კვალიფიციურ იურისტს უნდა დაეკისროს. თუ შოთაძეს დანიშნავენ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არის ხელისუფლების დაკვეთა. შარშან და შარშანწინ საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამოიტანა, რამაც, როგორც ჩანს, დისკომფორტი შეუქმნა "ოცნებას", ამიტომაც გადაწყვიტეს სრულად გააკონტროლონ საკონსტიტუციო სასამართლო. ივანიშვილი ასე მართავს შპს "საქართველოს" - ჰგონია, ყველგან თუ ეყოლება დავალების შემსრულებელი, ხელისუფლების მართვა შესაძლებელია. მას წარმოდგენაც არა აქვს, რამდენად დიდია განსხვავება კომპანიისა და სახელმწიფოს მართვის ფორმებს შორის. სრულიად შეუსაბამო პირების დანიშვნა ამ ინსტიტუტების რღვევას და მთლიანად სახელმწიფოს ნგრევას იწვევს. მას თავის დროზე ეს არ უსწავლია და ჰგონია, საქმე ასე გაკეთდება. ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ შეუსრულებია მნიშვნელოვანი როლი თავისი გადაწყვეტილებით. ეს არის სასამართლო, რომელმაც ხელისუფლების შტოებს შორის დავის შემთხვევაში ყველას თავისი კონსტიტუციური ადგილი უნდა მიუჩინოს. თავის დროზე ავთანდილ დემეტრაშვილი აღმოჩნდა თავის სიმაღლეზე, პაპუაშვილიც, ზაზა თავაძის დროსაც "გაიპარა" 1-2 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეტყობა, ივანიშვილს ჰგონია ხელმძღვანელის შეცვლის მერე საკონსტიტუციო სასამართლო აღარ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც დისკომფორტს შეუქმნის პარლამენტს და აიძულებს ცვლილებები შეიტანოს კანონში. ივანიშვილს ეს ერთი რგოლიღა დარჩა გაუკონტროლებელი და ამასაც უპირებს სრულად გაკონტროლებას.

უზენაესზეც ვამბობდი, ივანიშვილი თავის სასურველ კანდიდატებს გაიყვანდა, რათა უზენაესშიც სრული კონტროლი ჰქონდეს და ყველა დავა ისე გადაწყდეს, როგორც მას უნდა-მეთქი. ახლა ეს გავრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოზეც, რომელიც, ალბათ, კონკრეტული დაკვეთის შემსრულებელი ვერ გახდება, მაგრამ ფუნდამენტური უფლებების, საკონსტიტუციო კონტროლის თვალსაზრისით ეს ორგანო ჩაკვდება და ამით სახელმწიფოს უფრო მეტად ეთხრება ძირი, ვიდრე რამდენიმე თავდასხმით პარლამენტის შენობაზე და სახელმწიფო გადატრიალებით. ასე რომ, ივანიშვილი იმ ტოტს იჭრის, რაზედაც ზის.

- გია ვოლსკის თქმით, არ არსებობს საქმეები, რომლებიც შეიძლება შოთაძეს წინ დაუდო და უთხრა, არასწორად იმოქმედეო.

- ამ ანეკდოტურ კომენტარზე მხოლოდ გაცინება შეიძლება. შოთაძეს მთელი კარიერა პროკურატურაში აქვს გატარებული, ის ყოველთვის გამომძიებელი და პროკურორი იყო. საკონსტიტუციო სასამართლოში კი საჭიროა მოაზროვნე იურისტი, რომელსაც აქვს უნარი განჭვრიტოს, განიხილოს, გადაწყვიტოს სახელმწიფოს ხელისუფლების შტოებსა და კონსტიტუციასთან მიმართების საკითხები. ეს ძალიან სერიოზული, ღრმა და თეორიული იურიდიული საკითხებია და მე რომ მკითხოთ, შოთაძისგან, რომელმაც ვერ შეძლო მთავარი პროკურორის მოვალეობის შესრულება ისე, რომ არ გადამდგარიყო, ეს წარმოუდგენელია. მას არა აქვს სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება. გარდა ამისა, საერთაშორისო სამართლის ცოდნა და გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ქართველი პროკურორის გამოცდილებით, ვეჭვობ, შოთაძემ ასეთ ამოცანებს გაართვას თავი.

- აბა, რა ფუნქცია ექნება? - მარტივი ფუნქცია - რომელ სარჩელზეც რას დაავალებენ, იმას გადაწყვეტს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება საბოლოოა, არ გასაჩივრდება. თავის დროზე 7 საქმე მაქვს მოგებული ამ სასამართლოში და როდესაც მე და ჩემი კოლეგები ვმსჯელობდით, სად ჯობდა გასაჩივრება, საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ ევროსასამართლოში, ჩვენ საკონსტიტუციოს ვამჯობინებდით, იქ უფრო სწრაფად წყდებოდა საკითხი. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ფუჭი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ფუნქციასაც დაკარგავს, მისი წევრები კი აშენდებიან - მიიღებენ მაღალ ხელფასებს, გარანტირებული ექნებათ ხელფასისოდენა პენსიები და არაფერს გააკეთებენ. მათთვისაც ხელსაყრელია შოთაძის თავმჯდომარეობა და ყველა შეტანილ სარჩელზე თქმა, დაუშვებელიაო. რა აზრი აქვს, თუ ვერ დაარწმუნებ რომელიმე მუხლის ანტიკონსტიტუციურობაში, თუ იქ ყრუ და ბრმა მოსამართლე გიზის? რა აზრი აქვს სარჩელის შეტანას, ბათუმში ჩასვლას და იქ სასამართლოს წინაშე წარდგომას? ამ ყველაფერს აზრი ეკარგება...

ამ თანამდებობაზე კანდიდატს, სავარაუდოდ, პარლამენტი წარადგენს, იმიტომ, რომ ზაზა თავაძე პარლამენტიდან იყო წარდგენილი.

- ზაზა თავაძემ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა. იყო ეს პირადი, კლანის თუ ვინმე სხვისი გადაწყვეტილება? - ვფიქრობ, პარლამენტში გასაუბრების დროს თავაძემ თავადვე იგრძნო, რომ საშიშ მდგომარეობაში იგდებდა თავს - ის იქნებოდა ვალდებული, შეესრულებინა ძალიან მძიმე დაკვეთები, ამიტომ ამჯობინა კანდიდატურის მოხსნა. მას ეყო გონიერება და თვითონვე თქვა უარი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობაზე.

- თავის დროზე გია გვიჩიანი შოთაძეს ადანაშაულებდა, საბრალდებო სიტყვას მოაწერა ხელი და ჩემს საქმეში ზეწოლას ახდენდა პროკურატურაზეო. შემდეგ იყო კიწმარიშვილის საქმე, რა დროსაც შოთაძე ამბობდა, სრულყოფილად ჩატარდა გამოძიებაო. ბოლოს იყო ე.წ. ხორავას ქუჩის საქმე, სადაც მოქმედი გენპროკურორი დამნაშავეთა მფარველობასა და საქმის არასრულფასოვნად გამოძიებაში დაადანაშაულეს... - ეს სავსებით საკმარისი უნდა იყოს, რომ შოთაძე დაწინაურებაზე კი არა, იმაზე ფიქრობდეს, პასუხისმგებლობასა და ციხეს როგორ გადავრჩებიო, მაგრამ ჩვენ ვერა და ვერ გავხდით სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ასეთი დანაშაულებისთვის ვიღაც პასუხს აგებს. თუმცა ეს სამი საქმე ხანდაუზმელი დანაშაულია და ვფიქრობ, მოვა ოდესმე ხელისუფლება, რომელიც ასეთ პირებს მოჰკითხავს პასუხს. არ გამოვრიცხავ, რომ შოთაძე ცდილობს მოსამართლის მანტია იმისთვის მოისხას, რომ ეს მისი იმუნიტეტია და მომავალში მისი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობაც. ვერავინ და ვერაფერი იქნება პასუხისმგებლობისგან დაცული ისეთ დანაშაულებზე, როგორიც მართლმსაჯულების პროცესში ჩადენილი მძიმე დანაშაულებია.

- სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა ამოქმედდა. როგორც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები განმარტავენ, ეს რეფორმა საერთაშორისო პარტნიორების დასანახავად დაიწყო... - კლანური მმართველობა არ შექმნილა ჩვენი ხელშეწყობით, ის ხელისუფლების უნიათობის და უგერგილობის შედეგია, მაგრამ ფაქტია, მისი მონაწილეობის გარეშე კლანი ასე მყარად ვერ მოკალათდებოდა მართლმსაჯულების სისტემაში, ამიტომ რაიმე რეფორმასა და გაუმჯობესებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმ პარტიებს, რომლებიც დაგვპირდებიან მართლმსაჯულების რეფორმას, როგორ აპირებენ სისტემისგან ამ კლანის ჩამოშორებას.

საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გარეშე ვითარებას ვერ შევცვლით. საპარლამენტო არჩევნებში ავირჩიოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც კი არ დააბეტონებს და განამტკიცებს წინა ხელისუფლების უკეთურობებს, როგორც ივანიშვილის ხელისუფლებამ გააკეთა, არამედ გაატარებს რეალურ რეფორმებს და სასიკეთო ცვლილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მათგანი ისევე მოიჭრის ტოტს, რომელზეც ზის, როგორც ივანიშვილი. ჩვენ, ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს, გვინდა სტაბილური და კანონზე, სამართალზე დამყარებული ქვეყანა და არა ვიღაცის ნება-სურვილზე, რომელსაც, ჩვენდა საუბედუროდ, არც ესმის სახელმწიფოსა და სამართლის ძირითადი პრინციპები და კანონები.

საკონსტიტუციო სასამართლოს წესები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისაგან შედგება. სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, სამს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავისი მოვალეობების განხორციელებისას დამოუკიდებელია. კონსტიტუციით უზრუნველყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხელშეუხებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია განიხილავს: დავას სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ;

დავას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ;

ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის (საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი) საკითხებთან მიმართებით;

საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.