რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს - კვირის პალიტრა

რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს

"პროექტში არც ერთი ამერიკული კომპანია არ შემოვიდა. მგონია, რომ ამერიკელები კონსორციუმის გასვლას ელოდებიან, რათა თავად შემოვიდნენ"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა: "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე". პროფესორი ლადო პაპავა აცხადებს, რომ ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება და იმის გათვალისწინებით, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვალდებულებები ვერ შეასრულა, შესაძლებელია, პრიორიტეტი ფოთის პორტის განვითარებას მიენიჭოს.

"საქართველოს ნამდვილად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი. ეს პრინციპული და სტრატეგიულია ქვეყანაში ეკონომიკური დერეფნის განვითარებისთვის. როგორც ირკვევა, "ანაკლიის კონსორციუმმა" ვალდებულებები ვერ შეასრულა. აქედან გამომდინარე, მთავრობას დასჭირდება კარგად გაიაზროს ყველაფერი, მათ შორის, შეიძლება, ამ ეტაპზე პრიორიტეტი ფოთის პორტის განვითარებას მიენიჭოს, მის გაფართოებას და გაღრმაწყლოვანებას, რაც უკუგდებული იყო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. უნდა გაკეთდეს ის, რისი გაკეთებაც რეალისტურია, სადაც არის ინვესტორი, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსურ გარანტიებს არ მოითხოვს და პროექტს ბოლომდე მიიყვანს" - აცხადებს ლადო პაპავა.

პაპავას პოზიციას არ იზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილი და ამბობს, რომ ხელისუფლებას სურს თავად აკონტროლებდეს "ანაკლიის პროექტს", რათა ამით ივაჭროს დასავლეთისა თუ რუსეთის მიმართულებებით.

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ ივანიშვილმა რუსეთიდან მიიღო დავალება, ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი. ამ თემასთან დაკავშირებით, ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გვესაუბრება:

- უსაფუძვლოდ მიმაჩნია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ვადების ამოწურვის მიუხედავად, მუშაობას არ შეწყვეტენ და ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა პროექტი არ გაჩერდეს. კონტრაქტით გათვალისწინებულ 590 მილიონ ამერიკულ დოლარს საიდან დადებენ ანგარიშზე? ამის შესაძლებლობა არ აქვთ უკვე ორი წელია, ახლა რა უნდა ქნან?!

- ეს კონსორციუმის ცუდად მუშაობის შედეგია, თუ ხელისუფლების შექმნილი დაბრკოლებების? - ჩემი აზრით, პრობლემა ის არის, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები კონსორციუმს რაღაც მიზეზების გამო, რომელზე საუბარიც არ მინდა, მიზანმიმართულად არ უჭერენ მხარს.

პროექტში არც ერთი ამერიკული კომპანია არ შემოვიდა. მგონია, რომ ამერიკელები კონსორციუმის გასვლას ელოდებიან, რათა თავად შემოვიდნენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ მჯერა, რომ პორტის აშენება მთავრობას არ უნდა. ვფიქრობ, პორტი აუცილებლად აშენდება!

- სწორედ ის მიზეზებია საინტერესო, რომელზე საუბარიც თქვენ არ გსურთ.

- ეს თემა ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება და ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ. საკმაოდ სენსიტიური საკითხია, გამგები გაიგებს.

- მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კონსორციუმს ხელისუფლება რუსეთის დავალებით უქმნის დაბრკოლებას. წარმოუდგენელია, აშშ-ს რაიმე პროექტის განხორციელება უნდოდეს საქართველოში და ჩვენს მთავრობას ეყოს იმის გამბედაობა, პროექტს დაუპირისპირდეს. ხელისუფლება ანაკლიის პორტის ალტერნატივად ფოთის პორტს ასახელებს, ამის შესახებ რას ფიქრობთ? - გამორიცხულია, ანაკლიისა და ფოთის პორტებს აბსოლუტურად სხვადასხვა დატვირთვა აქვთ. ფოთის პორტში ისეთი სიღრმეების უზრუნველყოფა გამორიცხულია, როგორიც არის ანაკლიაში. ეს კი გადამწყვეტია პროექტისთვის. სრულიად სხვადასხვაა ამ პორტების კომერციული და სტრატეგიული დანიშნულებაც. ჩემი აზრით, ხაზარაძის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ დაიწყო პროექტის კომერციალიზაცია. ეს არ არის კომერციული, ეს ერთმნიშვნელოვნად სტრატეგიული პროექტია.

რუსეთი რომ ანაკლიის პორტის ალტერნატივად ტამანის პორტს განიხილავს, ხომ ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? მეტს ვერაფერს ვიტყვი, ეს ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.

- რას იტყვით იმ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ანაკლიის იმ პროექტზე მუშაობა, რომელსაც ახლა განვიხილავთ, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო. - ამ პროექტზე მუშაობა კიდევ უფრო ადრე დაიწყო. იმ პერიოდში, ანუ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიყავი, ჩემთან ამერიკის ელჩი მოვიდა და ჩამოაყალიბა პირობები, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პორტი, რომლის აშენებაც სურდათ აქ ამერიკელებს. დავიწყეთ კვლევა და მთელი საქართველოს სანაპიროდან მხოლოდ ანაკლიაში მოვნახეთ ამ პორტისთვის საჭირო ადგილი.

- მაშინ რატომ ვერ განხორციელდა ეს პროექტი?

- ბევრი მიზეზის გამო. მთავარი კი მაინც ის გახლდათ, რომ ამერიკის პრეზიდენტ კლინტონს არ უნდოდა რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა დაიჯერა, რომ პუტინთან მოახერხებდა ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვას და სამხედრო შემადგენელზე, ანუ აშშ-ის ინტერესების დაცვაზე უარი თქვა, რაც შეცდომა იყო.

- ამბობთ, რომ საკითხი სენსიტიურია და ბევრ რამეს საჯაროდ ვერ იტყვით, თუმცა ამ თემაზე მაინც ხმამაღალი განცხადებები კეთდება როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან. - დიახ, მაგრამ ეს განცხადებები ზოგადია. კიდევ ერთ მინიშნებას მოგცემთ - ამბობენ, რომ პორტი უნდა აშენდეს, მაგრამ რა უნდა განთავსდეს იმ პორტში, ამას საჯაროდ არავინ ამბობს.

- ფიქრობთ, რომ პორტი უნდა აშენდეს? - აუცილებლად უნდა აშენდეს. ანაკლია ძალიან ახლოს არის აფხაზეთთან, თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენს უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, ეს გადამწყვეტი იქნება ჩვენი შემდგომი სტრატეგიისთვის აფხაზეთთან დაკავშირებით.

- თქვენ ამბობთ, რომ ეს თემა ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება და ამაზე ხმამაღლა საუბარი არ შეიძლება, თან ხაზარაძის შეცდომად მიგაჩნიათ, რომ მან პროექტის კომერციალიზაციაზე დაიწყო საუბარი. აბა, რა უნდა ექნა? - კონსორციუმს ეს პროექტი ძალიან ჩუმად უნდა გაეკეთებინა. ასეთი ამბის ატეხას კონსორციუმს არავინ აპატიებს. დააკვირდით ერთ რამეს - როდესაც ხაზარაძის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედებები, მისმა პარტნიორებმა მხარი არ დაუჭირეს. ე.ი. რაღაცაშია საქმე, მან გადაკვეთა ის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაეკვეთა. პრინციპში, გაწირეს მისი ინტერესები.

- როგორ ახსნით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას: "იმედი მაქვს, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს. პორტი გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას, რომელთაც არ აქვთ კეთილი სურვილები თქვენი ქვეყნის მიმართ". - ეს განცხადება ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტისთვის კონსორციუმს ჩინეთში არ უნდა დაეწყო ინვესტორის ძებნა. ეს პროექტი არ უნდა ყოფილიყო დაფინანსებული არადასავლური და არაქართული წარმოშობის ფულით. როგორ გგონიათ, როდესაც ამერიკელები ამბობენ, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტია, რატომ ტოვებენ კონსორციუმს ამერიკული კომპანიები? იმიტომ ხომ არა, რომ კონსორციუმის ჩანაცვლება უნდათ სხვა, ამერიკული კომპანიით?!

ხათუნა ბახტურიძე