ქართულ-პრეზიდენტული ლექსიკონი, ანუ რისი თქმა სურს პრეზიდენტს? - კვირის პალიტრა

ქართულ-პრეზიდენტული ლექსიკონი, ანუ რისი თქმა სურს პრეზიდენტს?

16 დეკემბერს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციიდან, ანუ თუ მასვე დავესესხებით, "აღსაყდრებიდან".

ის ჯერ 2013 წელს შეეცადა გაპრეზიდენტებას, თუმცა არ გამოუვიდა. გვახსოვს, მაშინ აცხადებდა, პრეზიდენტის როლი ჩემზეა გამოჭრილიო! მას ხუთი წლის შემდეგ დაუჯერა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის პირადი გადაწყვეტილებითაც შეირჩა ვითომ დამოუკიდებელ, არაპარტიულ საპრეზიდენტო კანდიდატად. საარჩევნო კამპანია როგორ წარიმართა, ამაზე ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ, თუმცა ვიტყვი, რომ რაც დღეს ქალბატონი ზურაბიშვილისა და საპრეზიდენტო ინსტიტუტის თავს ხდება, უპირველესად იმის ბრალია, რომ იმ ადამიანების უმრავლესობაც კი არ მიიჩნევს მას თავის პრეზიდენტად, ვინც ხმა მისცა - მას ხომ ძირითადად, "ქართული ოცნების" გამო და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, გამოკითხულთა 70% ზურაბიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. დაბალია პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ნდობის მაჩვენებელიც - 27%.

"მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არსებითად მნიშვნელოვანია", - ეს არის ამონარიდი პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვიდან. შეიძლება ითქვას, ზურაბიშვილს შემდეგაც დროდადრო ახსენდებოდა "ეროვნული თანხმობის" მნიშვნელობა და ამის თაობაზე განცხადებებს აკეთებდა, თუმცა რეალურად მისი მოქმედება, სამწუხაროდ, განხეთქილებას და საზოგადოების დანაწევრებას უფრო უწყობდა ხელს. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერთი შეხედვით ის თითქოს ხალხთანაა - ფეხით დადის ქუჩაში, სადილობს საზოგადოებრივი კვების ისეთ ადგილებში, სადაც მუდმივად ხალხმრავლობაა, შეიძლება გადააწყდეთ საცურაო აუზზე, არ აცდენს კულტურულ ღონისძიებებს, მაგრამ როცა საჭიროა, როცა შეიძლება მის სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდეს, ის თითქმის არასდროს ჩანს, ანუ ლამის ზედმიწევნით ასრულებს თავისივე ნათქვამს - პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ცოტა ზემოთ. ამის მაგალითად გამოდგება ე.წ. გუგუტიანთკარის კრიზისი, როცა გორის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, რის შედეგად ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ზურაბიშვილს ამ საკითხზე ჟურნალისტებმა აზრი ჰკითხეს, მან კი განაცხადა, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას, გაგაფრთხილებთო... მოკლედ, ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია, თვითონ როდის და რას გადაწყვეტს და არცთუ მნიშვნელოვანი - რას ითხოვს მისგან დრო და ვითარება...

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ბულინგის სამიზნეა.

"პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება? იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (რომ არაფერი ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ ლობიოს ჭამაზე) ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით... ვის აწყობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების, ან კიდევ მასა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა?" - კითხულობს პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ თავზე მესამე პირში ლაპარაკობს და თან აშკარად ჩანს, რომ იოტისოდენადაც არ ფიქრობს საკუთარ შეცდომებზე.

დიახ, მას მართლაც ძალიან ბევრი ჩასაფრებული ადამიანი აკვირდება და მის ყველა განცხადებასა და ნაბიჯს პრეზიდენტის წინააღმდეგ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, მაგრამ ვინ აძლევს მათ ყველაზე მეტ საკბილოს?! ისევ და ისევ პრეზიდენტი, რომელიც ხშირად გაუგებარ განცხადებებს აკეთებს და აუხსნელად იქცევა. რა თქმა უნდა, ლობიოს ჭამა ცოდვა არ არის, მაგრამ როდის და სად შეჭამ ლობიოს, ამას აქვს მნიშვნელობა. როცა ხალხი ქუჩაშია, დედაქალაქში საპროტესტო აქციები არ წყდება და შენ, პრეზიდენტი, ამაზე სიტყვასაც არ ძრავ, უარესი - ამბობ, რომ ვერ გარკვეულხარ, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ჯობია თუ პროპორციული, და მომიტინგეებისგან 100-ოდე მეტრის მოშორებით ლობიოს საჭმელად მიდიხარ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ სალობიეშიც შეიძლება მოგიცვივდნენ, გისტვინონ და შენი "დაბულინგებაც" სცადონ. პრეზიდენტი წინასაახალწლო საყიდლებზე ერთ-ერთ სუპერმარკეტში

მას რომ ჰკითხოთ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება პრეზიდენტის საქმე არ არის, თუმცა, როცა მმართველ პარტიას სჭირდება, ამსხვრევს მითს პრეზიდენტის ინსტიტუტის ზეპარტიულობის შესახებ...

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საგარეო ურთიერთობები მეტ-ნაკლებად პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების სფეროს განეკუთვნება, ინაუგურაციიდან მალევე ევროპაში ჰქონდა წარმატებული ვიზიტებიც, მაგრამ გვაჩვენა ისიც, რომ საგარეო მიმართულებით ქვეყნის სკანდალში გახვევაც ხელეწიფება. მისი განცხადებები ქვეყნის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე ლამის აზერბაიჯანთან პოლიტიკური კონფლიქტის მიზეზად იქცა. აბსოლუტურად მართალია პრეზიდენტი, როდესაც აცხადებს, რომ თანამედროვე სამყაროში ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება სურს, მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვარი დადგენილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამის ხმამაღლა განცხადებასაც შესაბამისი დროისა და ადგილის შერჩევა სჭირდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას როცა ამას ამბობ აზერბაიჯანში ვიზიტისას ისე, რომ სახელმწიფოთა შორის ეს საკითხი მომზადებული არ არის, უნდა ივარაუდო მაინც, რომ ამას დაძაბულობა მოჰყვება, რითაც შეიძლება სულ სხვა ძალამ ისარგებლოს. ასეც მოხდა და როგორც ცდილობდა რუსეთი ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის წახალისებას, ამის მომსწრენიც გავხდით.

როცა საზღვრებზე ლაპარაკობს, პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს ისიც, რომ ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებულია და განსაკუთრებულად იფრთხილოს, თუმცა ზურაბიშვილს ლაპარაკისას სიფრთხილე არ სჩვევია.

"პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის - საზღვრებზე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვინდა, ხან NATO-ში შესვლა, ხან - ევროკავშირში. ეს ყველაფერი, ყველა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, დამოკიდებული არის იმაზე, რომ ჩვენ, სახელმწიფოს, გვქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები. ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არა გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან".

კვლავ არასწორი ფორმულირება, არასწორი შედარება და აქცენტები. პრეზიდენტს უჭირს ქართულ ენაზე ლაპარაკი და შეიძლება მისი ლაფსუსები ამასაც მივაწეროთ, მაგრამ ის ამას არ აღიარებს, ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარ ნათქვამზე, იმასაც კი არ ცდილობს, ტექსტი განცხადებებისა, რომელთაც, როგორც თვითონ ამბობს, როცა გადაწყვეტს, მაშინ აკეთებს, წინასწარ მოამზადოს, რომ მერე მსმენელმა და მკითხველმა არ იმკითხაოს, რისი თქმა სურდა პრეზიდენტს... ზურაბიშვილი ამას არ აკეთებს, ჰოდა, გაუგებარია, რატომ უკვირს, რომ მისი ორაზროვნად ნათქვამი ფრაზები საქილიკო ხდება!

"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა", - ბრძანა ცოტა ხნის წინ მთავარსარდალმა და გადაირია ქვეყანა! კონტექსტს თუ დავუკვირდებით და ძალიან დავფიქრდებით, იქნებ მივხვდეთ კიდეც, რომ ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, იმის თქმას ცდილობდა, საქართველოს ვერასდროს ეყოლება ისეთი ძალისა და მასშტაბის არმია, რომ რეგიონის დაპყრობაზე იფიქროსო (ისიც საკითხავია, ძლიერი არმიაც რომ გვყავდეს, ამაზე რატომ უნდა ვიფიქროთ), მაგრამ თქვა ის, რაც თქვა, ამიტომაც დაიმსახურა კრიტიკა მეგობარი "ქართული ოცნების" ბოსებისგანაც კი, თვითონ კი ეს განცხადება მოგვიანებით ასე განმარტა: "ჩემი გამოსვლა იყო სრულიად კულტურულ სივრცესა და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით, რომ შეგვექმნა საკოორდინაციო ცენტრი. არანაირად არ ეხებოდა ეს ჯარს. იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა და ფიგურა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ".

ბუნებრივია, ისმის კითხვა: სად აქ? საქართველოში, რომლის პრეზიდენტიც თვითონ არის? და "იქ" სად არის? სად ესმით სალომე ზურაბიშვილის კარგად, ან რომელ ენაზე?! ყველაზე უარესი კი ის არის, რომ განცხადებაში ჩანს - პრეზიდენტი საკუთარ თავსაც "იქ" მყოფებს მიაკუთვნებს, თვითონაც "იქაურია" და აშკარად გრძნობს კულტურულ უპირატესობას აქაურთა მიმართ, რომელთაც გაგების უნარს უწუნებს... ანუ აქაც ზურაბიშვილი საკუთარ პრობლემას ვერ ხედავს.

"ავლაბრის რეზიდენციის აურა და ჰავა არ მიხდება, ორბელიანების სასახლე სჯობია ფსევდორაიხსტაგს", - განაცხადა მან ერთი წლის წინ და ორბელიანების სასახლეში გადაბარგდა, მაგრამ საბოლოოდ სახელმწიფოს ორი სასახლე შერჩა შესანახად. აქეთ ორბელიანების სასახლის მორთვა-მოკაზმვა გახდა საჭირო ძვირად ღირებული ანტიკვარული ნივთებით, იქით - სააკაშვილის აგებულ სასახლეს დაარქვეს ცერემონიების სასახლე და ისიც სახელმწიფო ბიუჯეტს აწევს კისერზე, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ზურაბიშვილს პომპეზური ღონისძიებების გამართვისას "ფსევდორაიხსტაგის" ჰავა სულაც აღარ ვნებს.

მის ირგვლივ აგორებული ყველაზე დიდი სკანდალი გახლდათ შეწყალების საკითხი. მის მიერ შეწყალებულთა შორის აღმოჩნდნენ მკვლელები, მათ შორის - ისეთი გახმაურებული საქმის ფიგურანტიც, როგორიც იყო ოთხმეზურის მკვლელობა, მაგრამ პრეზიდენტი აქაც ყველაფერს საზოგადოებას აბრალებს, რომელმაც თურმე ვერ გაიგო, რომ შეწყალება მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულთა მიმართ გულმოწყალებასაც ითვალისწინებს. ეს გასაგებია, თუმცა საქმესაც ხომ გააჩნია! თან შეწყალების ერთ ნაკადში რამდენიმე უმძიმესი ბრალდებით გასამართლებული რომ ხვდება, ეს ბუნებრივად აჩენს კითხვებს. მით უფრო გაუგებარი იყო პრეზიდენტის შემდეგი ნაბიჯი - თუ ის საკუთარ გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევდა, რატომ გამოაცხადა შეწყალებაზე მორატორიუმი? ესეც ახალი კითხვების გაჩენის საფუძველი...

"სახელმწიფო ენის დაცვა ჩემი კონსტიტუციური ვალდებულებაა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი სიამაყეა. ენა სახელმწიფოს მთავარი შემადგენელი ნაწილია. ენის გარეშე ერთიანი სახელმწიფო ვერ იარსებებს. ენა საზოგადოების გამაერთიანებელია..." - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, ჰოდა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ისწავლეთ ქართული ენა, ქალბატონო პრეზიდენტო! საპრეზიდენტო მართვის კიდევ ოთხი წელიწადი გაქვთ წინ და საკითხავია, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებენ "აქაურები" თქვენს ორაზროვან ლაპარაკსა თუ მოქცევას.

იხილეთ ასევე: მშობლები, შვილები, კარიერა, ქონება და ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული - ყველაფერი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის შესახებ