"ზურაბიშვილი შეიწყალებს: პოლიციელების მკვლელებს, "ბარიგებს" და ყველა უბედურს, მაგრამ იქ, სადაც საზოგადოებრივი მოლოდინია, ის ამას არ იზამდა" - კვირის პალიტრა

"ზურაბიშვილი შეიწყალებს: პოლიციელების მკვლელებს, "ბარიგებს" და ყველა უბედურს, მაგრამ იქ, სადაც საზოგადოებრივი მოლოდინია, ის ამას არ იზამდა"

მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებდა, ფუჭი იყო. სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს: პოლიციელების მკვლელებს, "ბარიგებს" და ყველა უბედურს, მაგრამ იქ, სადაც საზოგადოებრივი მოლოდინია, ის ამას არ იზამდა, - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი "ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი და მისი სადამსჯელო ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია".

"ის არ არის პრეზიდენტი, რომელიც იწყალებს, ის არის ივანიშვილის სადამსჯელო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი. სამარცხვინოა მისი გადაწყვეტილება. სამარცხვინოა მთლიანად რაც გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ხდება. მე ხაზი მინდა გავუსვა საპატრიარქოს პოზიციას, რომელსაც პილატეს პოზიცია აქვს. როდესაც საპატრიარქოს რაღაც სურს, ჩვენ გვინახავს მათი დაჟინებული თხოვნაც. ის პოზიცია კი, რაც საპატრიარქომ დაიჭირა, არის ის, რომ ხელები დაიბანა როგორც პილატემ და გიორგი მამალაძე ჩაუგდო სამოქალაქო ხელისუფლებას და ჯალათებს, რადგან ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებდა. ამით კიდევ ერთხელ გაფორმდა მეორე ტურის ის მეგა-ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ პრეზიდენტი ავირჩიეთ. ის არის ივანიშვილის მარიონეტი და ის არის მისი სადამსჯელო ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი," - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად გააკეთა.