"სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ფარისევლობის უმაღლესი გამოვლინება იყო" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ფარისევლობის უმაღლესი გამოვლინება იყო"

პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ აქვს არგუმენტები თუ რატომ უნდა დაუშვას გამონაკლისი და შეიწყალოს დეკანოზი. სამწუხაროდ, მეც შემიძლია მას ვუთხრა, რომ ჩვენც არ გვაქვს არგუმენტები თუ რატომ არის ის პრეზიდენტი, მასთან შედარებით უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან" სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

ხუხაშვილმა პრეზიდენტის მიერ ჩამოთვლილ არგუმენტებს "ფარისევლური, ფსევდო-რელიგიური და ფსევდო-სახელმწიფოებრივი" უწოდა.

"რაც შეეხება მის ე.წ. არგუმენტაციას - აპელირებს რაღაც რელიგიურობაზე, საუბრობს აბსოლუტურ აბსურდზე, რომ ეკლესია და სახელმწიფო თურმე ეს ერთიანი ორგანიზმი ყოფილა, აქედან პრინციპში პირდაპირი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ მას საერთოდ არ წაუკითხავს კონსტიტუცია და არ იცის, რომ ეკლესია და საერო ხელისუფლება ეს ორი ინსტიტუტი თავის ცხოვრებით ცხოვრობს და ერთმანეთისგან გამიჯნული არიან. საბოლოო ჯამში ერთი რამის თქმა მინდა, რომ მისი მთელი ეს არგუმენტაცია იყო აბსოლუტურად ფარისევლური, ფსევდო-რელიგიური და ფსევდო- სახელმწიფოებრივი. ეს იყო ფარისევლობის კლასიკური ნიმუში, რაც ზოგადად მისთვის დამახასიათებელია",- განაცხადა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

რაც შეეხება მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის წარმომადგენელთა მიერ გაჟღერებულ პოზიციას, რომ პრეზიდენტზე გარკვეულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა "გააკეთა ზუსტად ის, რისი გაკეთებაც უნდოდა"

"მე არ ვეთანხმები იმას, რომ აქ რაიმე ზეწოლა იყო საჭირო.ზეწოლა ხორციელდება ადამიანზე, რომელსაც არაფრის გაკეთება არ უნდა და ძალით აკეთებინებ. მე კი ვფიქრობ, მან გააკეთა ზუსტად ის, რისი გაკეთებაც უნდოდა. სხვა საკითხია, რომ ეს იმ პოლიტიკურ კონიუნქტურაში იჯდა, რასაც ის ემსახურება, შესაბამისად, მასზე ზეწოლა აღარავის სჭირდება. იგივე შეწყალების წინა აქტებით, ის არის აბსოლუტურად კომპრომეტირებული ფიგურა, მის სხვა ცოდვებს თავი რომ დავანებოთ. ეს კომპრომატი სავსებით საკმარისია, რაც გინდა და როცა გინდა, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააკეთებინო, ამისთვის ერთი სატელეფონო ზარიც კი საკმარისია,"- აღნიშნა ხუხაშვილმა.

ამასთან, ექსპერტი ოპოზიციის წარმომადგენელთა იმ შეფასებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც დეკანოზის საქმეში ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე მიუთითებენ. ხუხაშვილის აზრით, ინტერესთა თანხვედრის გამო, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იქნა მიღებული.

"მე ასე შორს არ წავიდოდი, აქ უკვე ინტერესთა თანხვედრაა. აღარ სჭირდება ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილისთვის რამის თქმა. მისი ეს ნაბიჯი ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. სალომე ზურაბიშვილს სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი არც გადაუდგამს. ის მხოლოდ პრობლემებს ქმნის, მაგალითად პრობლემები შეგვიქმნა აზერბაიჯანთან, თითქმის ომის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, ასე რომ ვთქვათ სარისკო ნაბიჯები გადადგა, იგივე შეწყალების თემა და რომელი ერთი დავასახელო?!. სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთი დიდი გაუგებრობაა. მაგრამ პრობლების სათავე, ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილია, იმიტომ, რომ მისი პირადი ახირება იყო, რომ ეს ქალბატონი დღეს საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო. და რა არგუმენტები არსებობს იმის, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი იყოს? - ჩვენ არ გვაქვს. მან კი მოიყვანა ფსევდო-არგუმენტები, მამალაძე რატომ არ უნდა შეეწყალებინა და თემა თეთრი ძაფით კერა, მაგრამ სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებას არანაირი არგუმენტი არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი იყოს, -ასეთია რეალობა. აქ მთავარი ის, არის, რომ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ფარისევლობის უმაღლესი გამოვლინება იყო", - განაცხადა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

"ინტერპრესნიუსი"