ნატო ერაყში საწვრთნელ მისიას წყვეტს - კვირის პალიტრა

ნატო ერაყში საწვრთნელ მისიას წყვეტს

ნატო ერაყში საწვრთნელ მისიას წყვეტს და საკუთარი ხალხის დასაცავად საჭირო უსაფრთხოების ყველა ზომას ახორციელებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"შეხვედრაზე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა და ნატო-ს საწვრთნელი მისიის სირთულეები ერაყში. ნატო და მისი ყველა მოკავშირე ისლამური სახელმწიფოს დამარცხების მიზნით შექმნილი კოალიციის წევრები არიან და ნატოს მისია ერაყში კოალიციის ძალისხმევას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ერაყის მთავრობის მიწვევით ქვეყანას სამხედრო ძალების გაწვრთნაში ვეხმარებით და ხელს ვუშლით ისლამური სახელმწიფოს დაბრუნებას," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ნატოს წევრებმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ერაყში ნატოს მისიის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. „თუმცა, პირადი შემადგენლობის უსაფრთხოება პირველხარისხოვანია. ამიტომ, ამ დროისთვის ადგილზე წვრთნებს ვწყვეტთ,"- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ალიანსი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და ერაყის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას ინარჩუნებს, „ნატო წვრთნებს მაშინვე გააგრძელებს, როგორც კი ამის შესაძლებლობას სიტუაცია მისცემს,"- განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული რჩება.

"ინტერპრესნიუსი"