"ზამთრის კურორტების წყალმომარაგებაში წარმოქმნილი პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო შემოდგომაა" - კვირის პალიტრა

"ზამთრის კურორტების წყალმომარაგებაში წარმოქმნილი პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო შემოდგომაა"

პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა დამსვენებელსა და ადგილობრივ მცხოვრებს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. გვქონდა ორი ავარია, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის და ყველა შესაბამისი სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგად აღვადგინეთ მიწოდება და "რედკოში" დილიდან ყველა კორპუსს მარაგდება წყლით, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გუდაურში ჟურნალისტებს განუცხადა.

ცქიტიშვილის განმარტებით, პრობლემის მთავარი მიზეზი უნალექო შემოდგომაა, რაც წყლის მარაგზე აისახა.

"გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა ჰქონდა მხოლოდ "რედკოს" დასახლებას, დანარჩენი გუდაური კი უწყვეტ რეჟიმში მარაგდებოდა. პრობლემის რეალური მიზეზი არის უნალექო შემოდგომა, რაც აისახა წყლის მარაგებზე. ახალი წლის დღეებში, როცა დამსვენებელთა პიკური მაჩვენებელია, მოხმარება რამდენჯერმე იზრდება. შესაბამისად, გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომელიც სათავე ნაგებობებზე მაღლაა. ბაკურიანში რეალურად მხოლოდ ორ ქუჩაზე გვაქვს პრობლემა და იქაც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური ჯგუფი, მოხდა ალტერნატიული სათავე ნაგებობის მოწყობა და იქედან წყლის მიღება, ამ ეტაპზე ტუმბოებს აყენებენ, რათა წყლის სისტემაში გაშვება მოხერხდეს. ველოდებით, რომ დღის განმავლობაში ბაკურიანშიც სრულად აღდგება წყალმომარაგება, თუმცა როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში განუწყვეტლივ რეჟიმში ვაწვდით წყალმზიდების საშუალებით წყალს, ყველა იმ სასტუმროს, რომელსაც რეზერვუარი გააჩნია," - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"