"ამერიკის საპასუხო ქმედება აუცილებლად მწვავე იქნება... უნდა თუ არა, ირანს მოუწევს ამ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა" - კვირის პალიტრა

"ამერიკის საპასუხო ქმედება აუცილებლად მწვავე იქნება... უნდა თუ არა, ირანს მოუწევს ამ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა"

"არაფრისმომცემია, მუქარა იმის შესახებ, რომ ირანი დაარტყამს ისრაელს და არაბეთის საამიროს. ირანს ნამდვილად არ აქვს საამისო სამხედრო შეირაღება და მატერიალური რესურსი, რომ ამდენი მიმართულებით გახსნას ფრონტის ხაზი, თან ასეთი ძლიერი სახელმწიფოების წინააღმდეგ"

ირანელებმა, ეროვნულ გმირად შერაცხილი გენერლის, ყასემ სოლეიმანის გამო შური იძიეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა, ერაყში ამერიკის ბაზა დაბომბა. სააგენტო "როიტერი" ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა. შეტევის სამიზნე ერაყში მდებარე ორი ბაზა - ალ-ასადი და ირბილი იყო.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა" დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით გაისროლეს.

პენტაგონს მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

შეგახსნებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა. დღემდე პოლიტოლოგები და ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ამერიკასა და ირანს შორის დაძაბული ვითარება, ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზრდებოდა, ირანი "სახის შენარჩუნების" მიზნით, რამდენიმე წერტილოვან დარტყმას განახორციელებდა, შემდეგ კი საქმეში მსოფლიო ლიდერების ჩართვით კონფლიქტი დარეგულირდებოდა.

დღეს ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა იყო ირანის მხრიდან "სახის შენარჩუნების მცდელობა" თუ ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისი, ამის შესახებ ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გვესუაბრება.

- მე ისევ არ ველოდები ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას. დღეს ირანმა განახორციელა წერტილოვანი დარტყმა, რომელიც ნამდვილად მოსალოდნელი იყო. ეს სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო. ახლა უკვე ირანს მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა.

- თქვენი აზრით, ამერიკული ბაზების წინააღმდეგ ირანის მიერ განხორციელებულ შეტევაზე ამერიკის პასუხი როგორი იქნება? - ამერიკის საპასუხო ქმედება აუცილებლად მწვავე იქნება. ირანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და მისი მოთხოვნების შესრულებას აიძულებს.

ჩემი აზრით, ამერიკის პასუხი შეიძლება იყოს როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო ღონისძიებები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფართომასშტაბიანი ომი არის წარმოუდგენელი. მით უფრო, რომ ახლა ირანს არ აქვს ამის შესაძლებლობა არც სამხედრო და არც ეკონომიკური თვალსაზრისით. უნდა თუ არა, ირანს მოუწევს ამ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა.

- როგორც ჩანს, ასე ფიქრობს, ტრამპიც. სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ მან ასეთი რამ განაცხადა "ირანს არასოდეს მოუგია ომი, მაგრამ ირანს არასოდეს წაუგია მოლაპარაკებებში". თუმცა დღეს, თეირანის ბიუროს ხელმძღვანელი ალი აროუზი აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან საპასუხო ზომების მიიღების შემთხვევაში, ისინი დაიწყებენ დატყმების მესამე ტალღას ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროზე. - ეს იქნება ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯი. რაც შეეხება რიტორიკას, ასეთი მუქარები ახლა კი არა, ბოლო რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში ისმის. მე ერთი რამის თქმა შემიძლია, ირანში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ აკეთონ მკვეთრი განცხადებები, მაგრამ ამავე დროს ძალიან წინდახედულები და პრაგმატულები არიან. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ისინი, საბოლოოდ, ემოციებს არ აჰყვებიან, არსებულ ვითარებას შესაბამისად შეაფასებენ და პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ირანს დღეს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და მას ყველაზე მეტად სჭირდება ეს მოლაპარაკებები. აქ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ თითქოს ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო დაიძაბა, მაგრამ რეალურად, სიტუაცია დაიძაბა მაშინ, როდესაც შეტევა განხორციელდა ამერიკის საელჩოზე. საელჩოზე შეტევის განხორციელება ომის გამოცხადების ტოლფასია. ასე, რომ ის, რაც მერე მოხდა, საპასუხო ნაბიჯი იყო. მთელ ამ ამბავს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ სიტუაცია ძალიან ჰგავს 1979 წელს თეირანში, ამერიკის საელჩოზე თავდასხმის ამბავს. საბოლოოდ, ირანი აუცილებლად დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან.

- მაშინ როდესაც ირანს ამერიკასთან დაპირებისპირების შესაძლებლობა არ აქვს, არც სამხედრო და არც ეკონომიკური თვალსაზრით, მაშინ რატომ წავიდა სიტუაციის გამწვავების გზით, რას ელის მთელი ამ ამბავიდან? - ვფიქრობ, რომ ირანი არ ელოდა ასეთ პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სხვათა შორის, ბოლო დროის განმავლობაში, ირანმა ამერიკის წინააღმდეგ არაერთი ღონისძიება განახორციელა, შეგახსენებთ, რომ ადგილი ჰქონდა ამერიკულ ბაზებზე თავდასხმას. დღემდე ამერიკა მხოლოდ გაფრთხილებებით შემოიფარგლებოდა. ვფიქრობ, ამ ჯერზე, როდესაც ირანმა ამერიკის საელჩოზე თავდასხმა განახორციელა, ასეთ მკვეთრ ნაბიჯს ამერიკის მხრიდან არ ელოდა. ამერიკას ასეთი მკაცრი პასუხი ძალიან დიდი ხანია არავისთვის გაუცია. გენერალი სოლეიმანი იყო ირანში არსებული სისტემის მთავარი ღერძი. მისი მკვლელობა ირანისთვის ნამდვილი შოკი იყო. გასაგებია, მათი ემოცია, თუმცა მათთვისვე უკეთესი იქნება თუ მალე მოუხმობენ პრაგმატიზმს.

- დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, ნავთობის ფასმა 5%-ით მოიმატა. ნავთობის ფასის მატება ყველაზე მეტად რუსეთის ინტერესებში შედის. ირანში მთავარი გადაწყვეტილებების ერთ-ერთი მიმღები სოლეიმანი პუტინთან დაახლოებული პირი იყო. როგორი შეიძლება იყოს რუსეთის წილი ბოლო დროს ირანსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გამწავავებაში? - დიახ, პუტინს პირადად აქვს ნათქვამი, რომ სოლეიმანი მისი უახლოესი მეგობარი იყო. სოლეიმანი მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები იყო არა მხოლოდ ირანში, მას ძალიან დიდი გავლენები ჰქონდა სირიაში, ერაყსა და ლიბიაში. შესაბამისად, ის იყო რუსეთის მოკავშირე. თავის მხრივ, რუსეთს ნავთობის ფასების გაზრდაც აწყობს და ამ რეგიონში კონფლიქტის გამწვავებაც, მაგრამ ის რაც ახლა მოხდა ახლო აღმოსავლეთში, მოგნია, რომ რუსეთის გეგმებს და წინასწარ დასახულ მიზნებს მნიშვნელოვნად სცილდება. ამიტომ, ახლა რუსეთი შეეცდება თავისი წვლილი შეიტანოს მხარეებს შორის მოლაპარაკებების საქმეში. ახლა კონფლიქტის ესკალაცია არავის, არც რუსეთის და მით უფრო ირანის ინტერესებში არ შედის. არაფრისმომცემია, მუქარა იმის შესახებ, რომ ირანი დაარტყამს ისრაელს და არაბეთის საამიროს. ირანს ნამდვილად არ აქვს საამისო სამხედრო შეირაღება და მატერიალური რესურსი, რომ ამდენი მიმართულებით გახსნას ფრონტის ხაზი, თან ასეთი ძლიერი სახელმწიფოების წინააღმდეგ. თუ ირანი მაინც შევა ღია კონფროტანციაში, მაშინ ამას სხვაგვარი რეაქცია მოჰყვება დანარჩენი მსოფლიოსგან.

- და თუ მაინც შევიდა ღია კონფრონტაციაში ირანი, რუსეთის პოზიცია როგორი იქნება და ასეთ შემთხვევაში საქართველოს წინაშე რა საფრთხეები დადგება? - ეს არ მოხდება, შეუძლებლია, ერთი სახელწიფო დაუპირისპირდეს მთელ მსოფლიოს. ამას იმდენად მწვავე რეაქცია ექნება ირანის ხელისუფლების მიმართ, რომ ძალიან დიდ ზიანს მოუტანენ საკუთარ მმართველობას, დასაწყისშივე წააგებენ ყველაფერს. შესაბამისად მგონია, რომ რისკებს კარგად გათვლიან და ასეთ აბსურდულ ნაბიჯზე არ წავლენ.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო