"ირანში კარგად ხვდებიან, რომ მათი შესაძლებლობები გაცილებით ჩამოუვარდება აშშ-ის შესაძლებლობებს" - კვირის პალიტრა

"ირანში კარგად ხვდებიან, რომ მათი შესაძლებლობები გაცილებით ჩამოუვარდება აშშ-ის შესაძლებლობებს"

რამდენიმედღიანი დაძაბული ვითარების შემდეგ მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოშიც, ყველა ელოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპასუხო რეაქციას ირანის მიერ სარაკეტო თავდასხმაზე. გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა რომ შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ტრამპის განცხადებით, თუ ირანი აგრესიას გააგრძელებს, აშშ ირანულ რეჟიმს დაუყოვნებლივ სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს და ეს სანქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი ქცევას არ შეცვლის. მისივე თქმით, ვიდრე ის პრეზიდენტია ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება. როგორც მანვე განაცხადა, "მოვიდა დრო, როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა უნდა აღიაროს რეალობა და ირანის ბირთვული შეთანხმების ნაშთებს თავი დააღწიონ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ ირანთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც მსოფლიოს უფრო დაცულ და მშვიდობიან ადგილად აქცევს. ასევე ისეთ შეთანხმებას, რომელიც ირანს წარმატებასა და განვითარებას მოუტანს".

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, ვაშინგტონმა მიიღო დაზვერვის ინფორმაცია, რომ ირანი, თავის მოკავშირე დაჯგუფებებს სთხოვს, თავს არ დაესხან შეერთებული შტატების პოზიციებს. ამას გარდა, როგორც აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოს მიერ გაეროსთვის გაგზავნილ წერილში წერია, აშშ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, რათა "თავიდან აიცილოს საფრთხე, რომელიც შეიძლება შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას ირანის რეჟიმთან ვითარების ესკალაციით".

აშშ-ს გადაწყვეტილებები "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა შეაფასა:

- ამ შემთხვევაში აშშ-ის მხრიდან სანქციები ყველაზე ეფექტიანი იქნება. ზოგიერთისთვის შეიძლება ეს იყოს იმპულსური გადაწყვეტილება, მაგრამ რა განცხადებებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპისგან, ჩანს, რომ ამერიკისთვის პოზიციები არ იცვლება, პირიქით, გამყარდა.

როგორც ჩანს, ამერიკელები კარგად ერკვევიან ვინ რას წარმოადგენს ირანის შიდა სტრუქტურებში. ყასემ სოლეიმანი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, მისი ფიგურის დაკნინება ირანისა და რეგიონის პოლიტიკაში არსწორია, ფაქტობრივად, მან შექმნა "ჰეზბოლა" და "ჰეზბოლას" ტიპის რელიგიური დაჯგუფება, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენეს. მსგავსი სტრუქტურები ასევე შექმნა ერაყში, სირიაში და სხვა ქვეყნებში.

სოლეიმანის განადგურებით ამერიკელებმა ირანის ხელისუფლება სერიოზულ შოკში ჩააგდო. თუ დააკვირდებით, ირანის შემდგომ რეაქციასაც აშკარად დაბნეულობის ელფერი აქვს - მათ განახორციელეს 22 გასროლა, ამავდროულად წინასწარ გააფრთხილეს ერაყის ხელისუფლება, რომელმაც თავის მხრივ გააფრთხილა ამერიკელები.

ირანს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის უპასუხოდ არ დატოვებდა აშშ-ის ქმედებას, თუმცა ის ცდილობს დარჩეს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ირანი არ გავიდა ბირთვული შეიარაღებიდან, პროცესი შეაჩერა, მიიღო ამერიკელების წინადადება მოლაპარაკების თაობაზე. აშკარაა, რომ მზად არის ისაუბროს შუამავლების საშუალებით, ამ მიმართულებით პროცესში აქტიურობს რუსეთიც და როგორც ჩანს, ამერიკელებსაც აწყობთ ეს.

ირანში, რომლის სამხედრო შესაძლებლობების ფარდობა აშშ-სთან ომის შემთხვევაში ერთი ათასზეა, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მათი შესაძლებლობები გაცილებით ჩამოუვარდება აშშ-ის შესაძლებლობებს. ფაქტი ერთია, არც აშშ და არც ირანი ომისკენ არ მიისწრაფიან.

მოკლევადიანი თვალსაზრისით, ამერიკამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - რეგიონში პროცესების ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი ლიკვიდირებულია, ამით სერიოზული პრობლემა შეუქმნეს ირანს. მთავარი კითხვაა - კიდევ რა მოხდება? ტრამპმა აჩვენა, რომ ის არ აპირებს ომის გამოცხადებას ირანისთვის, როგრც ჩანს, ირანიც არ აპირებს ომის გაჩაღებას. ახლა მთავარია ის დაჯგუფებები, რომელიც უშუალოდ სოლეიმანს ექვემდებარებოდნენ, რამდენად იქნება მისაღები მათთვის ის გზავნილები, რომელიც თეირანიდან წამოვა და თვითონ ხომ არ შეეცდებიან თავდასხმის განხორციელებას ისრაელის, ამერიკული ბაზების თუ სხვა მიმართულებით, რადგან მათი სტრატეგიული გეგმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მსგავსი "შიიტური სახელმწიფოს" შექმნაა".