"ხაჯიმბას დღეები დათვლილია" - კვირის პალიტრა

"ხაჯიმბას დღეები დათვლილია"

პრაქტიკულად, ხაჯიმბას დღეები დათვლილია - საქართველოსთვის განსაკუთრებით არაფერი იცვლება, მთავარია, ჩვენ რა ტიპის გეგმა გვაქვს, რათა ვითარება შევცვალოთ აფხაზეთის მიმართულებით, ასეთი ტიპის გეგმას კი მაინცდამაინც ვერ ვხედავ, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მან შეაფასა აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს გარკვეულწილად იმ ძალების რევანშია, რომელიც თავის დროზე ხაჯიმბამ ამავე ფორმით გამოყარა "პრეზიდენტის რეზიდენციიდან".

"რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის განმეორდა ზუსტად ისე, როგორც მაშინ ხდებოდა, უბრალოდ ამ, დღევანდელ ღონისძიებას აქვს ბევრად უფრო კრიმინალური ხასიათი, ვიდრე იყო ის წინა - ორივე არალეგიტიმურია, ორივე სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ პრინციპში, ახლა უკვე უფრო კრიმინალური შეფერილობა აქვს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შიდა დაპირისპირება მოხდა კლანებს შორის რამდენიმე თვის წინ, რომლის შედეგიც იყო სოხუმში ორი კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობა. მათმა ნათესავებმა შემდგომში რევანშისტულად განწყობილი პოლიტიკურ ძალებთან ერთად მოახდინეს ის, რაც მოახდინეს. გუშინდელი ღონისძიების ლიდერი იყო ამ ერთ-ერთ დაღუპული კრიმინალური ავტორიტეტის ბიძაშვილი, ახრა ალიცბა. ახრა ალიცბა არის დონბასში მოქმედი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ერთ-ერთი რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი, ცნობილი მოროდიორი, რომლის წინააღმდეგ საქმე აქვს აღძრული უკრაინის პროკურატურას, როგორც მოროდიორისა და მძარცველის წინააღმდეგ. ეს პიროვნება ახლა ჩაუდგა სათავეში ამ საპროტესტო მიტინგს თავიდან და მერე - ამბოხებულებს. პრინციპში, ეს პოლიტიკურ-კრიმინალური გადატრიალებაა, რაც აფხაზეთში მოხდა. ახლა მეტი რაღა უნდა მოხდეს, "პარლამენტმა" პრაქტიკულად, მიიღო გადაწყვეტილება, არ დაუჭირა მხარი "პრეზიდენტს", აქედან გამომდინარე, ავტომატურად დაუჭირა მხარი ოპოზიციას. გამოდის, რომ პრაქტიკულად, ხაჯიმბას დღეები დათვლილია", - განაცხადა არეშიძემ.

მანვე ისაუბრა ერთი მხრივ, რუსეთის, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს ფაქტორის შესახებაც.

"რუსები მიმდინარე პროცესებს განსაკუთრებული რეაქციის გარეშე უყურებენ, რადგან ორივე მხარეს მისიანები არიან. აქედან გამომდინარე, ისინი უბრალოდ სიტუაციას აკონტროლებენ იმ თვალსაზრისით, რომ არ მოხდეს სამოქალაქო ომი, თორემ დანარჩენი - რომელი კლანი იქნება აფხაზეთის სათავეში, აბსოლუტურად არ ნიშნავს არაფერს, რადგან ყველა კლანი ლოიალურია რუსეთის მიმართ.

საქართველოსთვის კი განსაკუთრებით არაფერი იცვლება, რადგან, რა ერთი და რა - მეორე, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის კი არ არის, ისინი ვინ არიან, მთავარი ის არის, ჩვენ რა ტიპის გეგმა გვაქვს იმისთვის, რომ ვითარება შევცვალოთ აფხაზეთის მიმართულებით. ასეთი ტიპის გეგმას მაინცდამაინც ვერ ვხედავ, მართალი რომ გითხრათ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.

იხილეთ ასევე: "ყველაზე მეტად მაშფოთებს, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს არეგულირებს რუსეთი, ჩვენ კიდევ დოყლაპიებივით პირი დაგვიფჩენია"

"ინტერპრესნიუსი"