სოხუმში უკიდურესად რთული ვითარებაა - რას იზამს ხაჯიმბა? - კვირის პალიტრა

სოხუმში უკიდურესად რთული ვითარებაა - რას იზამს ხაჯიმბა?

ბოლო პერიოდში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში უკვე რამდენიმე დღეა მასშტაბურ აქციებს აწყობს. 9 იანვარს მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ - ჩაამსხვრიეს შენობის ფანჯრები და დააზიანეს ინვენტარი.

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმაც ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი რაულ სმირი აცხადებს, რომ "პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან" სროლა არ ყოფილა. მისივე განცხადებით, სამართალდამცველების მთავარი დავალებაა, არ დაუშვას ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციისა და "მთავრობის" მომხრეებს შორის.

შეგახსენებთ, რომ საპოტესტო აქცია აფხაზეთში 6 იანვარს დაიწყო. მომიტინგეები 2019 წელს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. არჩევნების შედეგების გაბათილების გარდა, მომიტინგეები ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ სიტუაციას აპროტესტებენ და 2019 წლის ნოემბერში მომხდარ "ქურდულ დაპირისპირებაზე" საუბრობენ.

"მოგმართავთ თხოვნით, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აყვეთ პროვოკაციას. როგორც კონსტიტუციის გარანტი და ასევე კონსტიტუციით მონიჭებული ყველა უფლებით არ დავუშვებთ ქვეყანაში სიტუაციის გამწვავებას. ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ჩვენი სახელმწიფოს არსებობა არ უნდა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ", - განაცხადა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობასთან მიმართვისას.

9 იანვარს, საღამოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკზე ხაჯიმბა ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს შეხვდა, მათ ე.წ. პრეზიდენტს ოპოზიციონერთა მოთხოვნა გააცნეს. შეხვედრის შემდეგ კი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მიმართავენ ვადაზე ადრე გადადგეს "სახელმწიფოს მეთაურის" თანამდებობიდან.

მომიტინგეები ადმინისტრაციის შენობაში მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ, მათ მორიგეობაც კი დააწესეს.

მომიტინგეთა უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი აფხაზურ საზოგადოებაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მიმართ უკმაყოფილება დიდი ხანია გროვდება. ამის ერთ-ერთ ბოლო წვეთად იქცა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას კაფეში მოწამვლა. ის ოპოზიციის მთავარ ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატად მიიჩნეოდა და სწორედ  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ გახდა ავად. მისი მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ სამკურნალოდ ჯერ მოსკოვის კლინიკაში, შემდეგ კი გერმანიაში გადაიყვანეს. ოპოზიციონერ ლიდერს მეტყველება წაერთვა, თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ეს ინსულტი იყო, თუმცა ახლა ყველა დარწმუნებულია, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს და ამის უკან, რაულ ხაჯიმბა და მისი კლანი იდგა.

ამ ამბის შემდეგ, ოპოზიციამ ერთიანობა ვერ შეინარჩუნა, ხაჯიმბას მთავარ მოწინააღმდეგედ კი ალხას კვიცინია იქცა, რომელიც ე.წ. არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა, როგორც ამბობენ, ხაჯიმბამ მასშტაბურად გაყალბებული არჩევნების წყალობით გაიმარჯვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიიდან აფხაზეთში დაბრუნებული ასლან ბჟანია, უკვე შეუერთდა ოპოზიციას, თუმცა საპროტესტო აქციებზე ყველაზე მეტად კვიცინია აქტიურობს.

ვინ არის ალხას კვიცინია?

ალხას კვიცინია 1969 წლის 23 ივნისს ოჩამჩირის რაიონში დაიბადა. დაასრულა სოხუმის მე-10 საშუალო სკოლა. მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1992-93 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის სამოქალაქო ომში. 2005-დან 2014 წლებში იყო სოხუმის ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. პარტია "ამცახარასთან" მისი კავშირი 2013 წლიდან იწყება, ხოლო 2015 წლის ოქტომბრიდან ის პარტიის ლიდერი გახდა.

"ოპოზიცია არ მოდის იმიტომ, რომ ვინმეზე შური იძიოს, ის მოდის იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაცია გამოასწოროს", - განაცხადა მან.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2019 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. "ამცახარა" "არჩევნების" შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვას და ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. რუსეთი მხარეებს მოუწოდებს მოახდინონ სიტუაციის სტაბილიზაცია.

"ჩვენ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ვაფასებთ როგორც საშინაო მოვლენებს. ვიმედოვნებთ, რომ კანონის ფარგლებში სასწრაფოდ მოხდება ვითარების სტაბილიზაცია დაინტერესებული მხარეების პირდაპირი მშვიდობიანი დიალოგის გზით", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

(სპეციალურად საიტისთვის)