აფხაზურმა შტურმმა ხაჯიმბა აიძულა გადამდგარიყო... - პოლიტკრიმინალურ მოედანზე ახალი მოთამაშეები გამოვლენ?! - კვირის პალიტრა

აფხაზურმა შტურმმა ხაჯიმბა აიძულა გადამდგარიყო... - პოლიტკრიმინალურ მოედანზე ახალი მოთამაშეები გამოვლენ?!

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სააგენტო "სპუტნიკმა" გაავრცელა.

როგორც ირკვევა,  რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები კი  22 მარტს გაიმართება.

ხაჯიმბას გადადგომას  კი წინ უსწრებდა არეულობა - ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამო დაწყებულმა პროტესტმა ახალი ძალით იფეთქა. უკანასკნელი წვეთი რაულ ხაჯიმბას პირადი მცველის, დათო ახალაიას დაპატიმრება აღმოჩნდა, რომელიც ეჭვმიტანილია 24 ნოემბერს სოხუმის სანაპიროზე სამმაგი მკვლელობის თანამონაწილეობაში. შედეგად, რაულ ხაჯიმბას ზურგი აქციეს მისმა მომხრეებმაც. მანამდე ამავე საქმეზე დააპატიმრეს დათო ახალაიას ძმა, დემურ ახალაია, რომელიც ასევე ე.წ. სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა. რაულ ხაჯიმბა

შეგახსენებთ, 2019 წლის 8 სექტემბერს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ ხმათა რაოდენობის 47.38% მიიღო, ოპოზიციური პარტია "ამცახარას" კანდიდატმა ალხაზ კვიწინიამ - 46.19%. მეორე დღეს კვიწინიამ განაცხადა, რომ საჭირო ხმები არც ერთ კანდიდატს არ აუღია და არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარებულიყო. თუმცა ცესკომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც კვიწინიამ სასამართლოში იჩივლა. 9 იანვარს, ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაში შევარდნამდე, ოპოზიცია ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიაზე მოსამართლე რომან კვარჩიას აცილებას ითხოვდა, რაც არ დააკმაყოფილეს - სასამართლომ საქმის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. ამას მოჰყვა პროტესტი, რომელიც წლების განმავლობაში უამრავი მიზეზით იყო განპირობებული.

როგორია აფხაზური ჭაობი...

აფხაზური ოპოზიცია ხაჯიმბას "ხელისუფლებას" ძალაუფლების უზურპაციაში, ეკონომიკურ კოლაფსში, კორუფციაში, რუსეთიდან შემოსული მრავალმილიარდიანი დახმარების გაფლანგვასა და 2014 წლის მაისში "სახელმწიფო გადატრიალებაში" ადანაშაულებს, რის შედეგადაც მან "პრეზიდენტის" პოსტი ალექსანდრე ანქვაბს წაართვა. ამასთან, როგორც აფხაზები ამბობენ, ბოლო დროს აფხაზურმა ენამ სრულიად დაკარგა ფუნქცია და სულ რაღაც 20 წელიწადში ის მხოლოდ უფროსი თაობის საკომუნიკაციო საშუალება იქნება. მეტიც, 50 წლის შემდეგ შესაძლოა ენა კი არა, აფხაზეთში აფხაზიც აღარ დარჩეს, რადგან ყოველდღიურად ღრმავდება ნარკომანიის პრობლემა (სააფთიაქო ნარკოტიკების მომხმარებელთა ასაკი 13-14 ასაკიდან იწყება და მათ შორის უამრავი გოგონაა). თუმცა ეს ყველაფერი არ არის - ახალგაზრდებს აღარ აინტერესებთ განათლება, რადგან დასაქმების პერსპექტივა არ არსებობს. შემოსავლის ერთადერთი წყარო ტურიზმი და ვაჭრობაა, ამ სფეროში დასაქმებულები კი წილს უხდიან კრიმინალურ ავტორიტეტებს, რათა მუშაობის საშუალება ჰქონდეთ. შესაბამისად, აფხაზეთში ყველაზე საოცნებო "პროფესია" კრიმინალური ავტორიტეტობაა. მოსახლეობა და ოპოზიცია ხაჯიმბას რუსეთთან ზედმეტად დაახლოებასაც აბრალებს და ახალი ხელისუფლების პირობებში რუსეთთან საშინაო საქმეებში დისტანცირებას გეგმავს.

ბოლო წლებში ოპოზიციამ ხაჯიმბას "ხელისუფლების" შეცვლა რამდენჯერმე მოინდომა, თუმცა აფხაზეთის ლიდერი გამოსავალს ყოველთვის პოულობდა და ყველა ჯერზე პრემიერს წირავდა (2015 წელს - ბესლან ბუთბა, 2016 წელს - არტურ მიქვაბია, 2018 წელს კი ბესლან ბარციცი). აფხაზების თქმით, ეს დირექტივები წამოსული იყო კრემლიდან, რომელიც ჯერ აკვირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს, შემდეგ კი მისთვის საჭირო ფიგურას უცხადებს მხარდაჭერას, ოღონდ ისე, თითქოს ამით აფხაზი მოსახლეობის არჩევნისადმი პატივისცემას გამოხატავს. ასეა ახლაც - რუსეთში ფიქრობენ, რომ ხაჯიმბამ თავისი რესურსი ამოწურა და თუ მოსახლეობა ასლან ბჟანიას ენდობა, რატომაც არა, მის მხარეს დადგება. ამით ორ კურდღელს დაიჭერს, რადგან ქართულ მხარეს აფხაზურ პოლიტიკაში ამინდის შეცვლის ძალა ჯერჯერობით არ შესწევს, რუსეთს კი ხაჯიმბა კი არა, აფხაზეთი სჭირდება, მარიონეტს ხომ ყოველთვის იშოვის?!

როგორ ვითარდებოდა პროცესები

რეგიონში პროტესტი 6 იანვარს დაიწყო და სამი დღის შემდეგ ხალხმრავალი აქციით, ე.წ. პრეზიდენტის სახლში შეჭრით დასრულდა. რაულ ხაჯიმბამ შენობა უკანა კარით დატოვა. თუმცა მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სოხუმში რჩება, არსად წასულა და ქალაქში განვითარებული პროცესების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც არ გამორიცხა. 9 იანვარს აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის ფანჯრის ყველა მინა ჩაამსხვრიეს, რამდენიმე, მათ შორის ხაჯიმბას კაბინეტის კარი და "პრეზიდენტის" აბრა ჩამოხსნეს, ნივთები გადმოყარეს და დოკუმენტაცია გაანადგურეს. ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად აქციის მონაწილეები თავიანთ მომხრეებს მუდმივად მოუწოდებდნენ, ადმინისტრაციის შენობაში არაფერი დაეზიანებინათ, თუმცა, ამაოდ... მათთან ერთად იმყოფებოდა ასლან ბჟანიაც, რომელიც ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ აფხაზეთში დაბრუნდა.

შენობის შტურმით აღების შემდეგ ბჟანია შიგნით გამაგრდა, მან მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისა და მობილიზაციისკენ მოუწოდა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. მოგვიანებით ადმინისტრაციის შენობაში შეკრებილებთან მივიდა ყოფილი "პრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი, რამაც აფხაზების თქმით: "პროცესებში მეტი სინათლე შეიტანა - "რკინის ალიკა" ფორმაშია! ფაქტია, ბჟანიას ზურგს სწორედ ის უმაგრებს, ვისაც წლებია რეგიონში გავლენები არ დაუთმია".

ცნობისთვის: რეგიონში ბჟანიას დაბრუნების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების - "ერთიანი აფხაზეთისა" და "ამცახარას" მხარდაჭერით საპროტესტო ტალღა ისევ აგორდა. ახლა მთავარია, ამ ორ პარტიასა და ანქვაბს შორის შედგეს შეთანხმება ძალაუფლების გადანაწილების საკითხზე.

9 იანვრის ღამეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხაჯიმბამ ძალოვანებს ადმინისტრაციული შენობის "გაწმენდა" დაავალა, რაზეც სპეცრაზმმა უარი განაცხადა. თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამაც აღნიშნა, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ არ წავა. "ისედაც ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრი თანამოქალაქე დავკარგეთ და ჩვენი არმია აღარასდროს წავა ხალხის წინააღმდეგ!"

ქიშმარიას განცხადება აფხაზეთში თვითგადარჩენის მცდელობად შეაფასეს, რადგან მას რეგიონში ტურისტული ბიზნესები აქვს და ხიდების დაწვას არ აპირებს.

"განეიტრალებული" ლიდერის დაბრუნება

2014 წელს ასლან ბჟანია რაულ ხაჯიმბასა და მისი მომხრეების მიერ ორგანიზებული აქციებით გადაყენებული "პრეზიდენტ" ანქვაბის დროინდელი უშიშროების სამსახურის უფროსი იყო. მაშინ ანქვაბის წინააღმდეგ ხაჯიმბას მხარდამჭერების კამპანია გალის რაიონის ქართული მოსახლეობისთვის პასპორტების "უკანონოდ" დარიგებაზე იყო აგებული. თუმცა შემდეგ ხაჯიმბამ და ყველა ლიდერმა რაიონის მოსახლეობა სათავისოდ გამოიყენეს. ახლა ანქვაბი აფხაზეთის "ეროვნული კრების" დეპუტატია, ასაკის გამო არჩევნებში კენჭს ვერ იყრის და შესაბამისად, თავის ფავორიტზე დაიწყო ფიქრი - არჩევანი ასლან ბჟანიაზე შეაჩერა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მართლაც პატივს სცემდა როგორც "პროაფხაზურად მოაზროვნე" ლიდერს. მისი მოგება რომ გარდაუვალი იყო, ეს "წინასაარჩევნო" შეხვედრებისას მოსახლეობის დამოკიდებულებაშიც ჩანდა.

არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მოულოდნელად, ის და მისი დაცვის ორ წევრი ცუდად გახდნენ - მეტყველება წაერთვათ და მოძრაობა შეეზღუდათ. მაშინ "ამცახარას" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგეი შამბამ განაცხადა: "აფხაზი საზოგადოება უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის ლიდერებს სხვადასხვა მიზეზით პოლიტიკურ პროცესებს ჩამოაშორებენ და ვითარება უმართავი ხდება... იქნებ ამ ერთხელ გამოგვივიდეს და ვითარება შეიცვალოს".

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟანია ნამდვილად მოწამლეს, რამაც ხაჯიმბას ხელისუფლების მიმართ აგრესია უფრო გაამწვავა.

აფხაზი და რუსი ექსპერტების პოზიცია

რუსი პუბლიცისტის კირილ ბაზილევსკის შეფასებით: "აფხაზური პოლიტიკა განსაკუთრებული შემთხვევაა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვერ მოითმინა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში კარი შეამტვრია. თუმცა შიგნით "ამცახარას" მომხრეები აღმოჩნდნენ. ეს ყველაფერი არ მახარებს, რადგან ძალიან ჰგავს ერთ ჩაკეტილ წრეზე ტრიალს... უკვე გასაგებია, რით დასრულდება ეს - მთვარემდე მიღწევა უფრო ადვილია, ვიდრე აფხაზეთში სტაბილურობა. პროცესები ძალიან ჰგავს 2014 წლის მოვლენებს - ხაჯიმბას გუნდს 5 წლის წინანდელი ქმედებები ბუმერანგივით მიუბრუნდა. ასეთი პროცესები უკან ხევს ქვეყანას, თუმცა იმის თქმაც ძნელია, ოდესმე მიდიოდნენ თუ არა წინ".

აფხაზი პოლიტოლოგების უმეტესობას არსებული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მიაჩნია.

ვიაჩესლავ ჩირიკბა, პოლიტოლოგი: - ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა - ახლა მთავარია, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს ისე, რომ სისხლი არ დაიღვაროს. ერთი ტყვიაც რომ გავარდეს, პასუხისმგებელი ხაჯიმბას ხელისუფლება იქნება.

სტრატეგიული კვლევის ცენტრის ყოფილი დირექტორის ოლეგ დამენიას თქმით: "გამოსავალი ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმაშია... წლებია ქვეყანაში არავითარი რეფორმა არ ჩატარებულა არც ერთ სფეროში... კორუფცია, ნარკომანია, ყაჩაღობა, ქურდობა - ყველა მიმართულებით კანონდარღვევა ჩვენი რეალობაა. ქვეყანას კრიმინალები მართავენ. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო იარაღის ამოღება - თითო ოჯახში იმხელა არსენალია, ერთ ლოკალურ ომს მოიგებს... მათ საკუთარი ინტერესების გარდა, ყველაფერი დაივიწყეს და ასეთი შედეგიც დადგა".

"დონბასის გმირის" როლი აფხაზურ პოლიტიკაში

აფხაზი მოსახლეობის ერთი ნაწილი შეაშფოთა ოპოზიციის რიგებში ახრა ავიძბას გამოჩენამ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში სეპარატისტების მხარეს იბრძვის. სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ მოიპარეს ადმინისტრაციული შენობიდან იარაღი.

ავიძბა სოხუმში მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, ალხაზ ავიძბას ნათესავია და რეგიონში მისი მკვლელობის შემდეგ დაბრუნდა.

მხარდამჭერებთან ერთად გამართულ მის აქციას ხაჯიმბამ ამჯერადაც თავისი საყრდენი ფიგურა, ე.წ. შს მინისტრი გარი არშბა შესწირა, რადგან მას მკვლელობაში თანამონაწილეობას აბრალებდნენ. აფხაზები შიშობენ, რომ ავიძბა პოლიტიკურ კარიერას იწყებს. ასეთი ბიოგრაფიის მქონე პირები აფხაზურ პოლიტიკაში სიახლე არ არის - მაგალითად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი ნასამართლევი იყო. ასე რომ, მისი აქტიურობა ახლა სულაც არ არის პატრიოტიზმით ნაკარნახევი, მით უფრო, ავიძბა კრასნოდარის მხარეში დაიბადა და გაიზარდა. შესაძლოა მან "ხელისუფლების" შეცვლის შემდეგ რაიმე თანამდებობა ჩაიბაროს, ეს კი ნიშნავს, რომ თანამოაზრეებსაც დაასაქმებს. ფაქტია, სწორედ ის უძღვებოდა "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის შტურმით აღებას.

დიდი ალბათობით, არც "ამცახარას" ლიდერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა დარჩება ჯილდოს გარეშე - ის წლებია აფხაზეთში ხაჯიმბას პოლიტიკას ებრძვის. ამასთან, ასლან ბჟანიას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს. აფხაზეთში ნაცნობობა-ნათესაობა-მეგობრობა კარგა ხანია კლანურ მმართველობაში გადაიზარდა, ანუ თანამდებობაზე პირებს ნდობის მიხედვით ირჩევენ.