"საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ" - კვირის პალიტრა

"საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ"

"ჩვენი პრობლემა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ის არის, რომ მიუხედავად კარგი ტაქტიკური ნაბიჯებისა, არ გვაქვს მოქმედების სტრატეგია, არადა, ხანგრძლივი გეგმებია საჭირო"

მას მერე, რაც აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა, საპასუხოდ კი ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, მსოფლიო შეშფოთებული ელოდა მოვლენების განვითარებას, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ ამ თავდასხმით ამერიკას დიდი ზარალი არ მიადგა და საპასუხოდ მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებენ, ვითარება ოდნავ განმუხტა. მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

თენგიზ ფხალაძე

- ახლო აღმოსავლეთში პრობლემები არც გუშინ დაწყებულა და ვერც ხვალ დამთავრდება. ათწლეულებია, ამ რეგიონში დაძაბულობაა; ირანსა და აშშ-ს შორის გართულებული ურთიერთობაც ლამის ნახევარ საუკუნეს ითვლის. ისმის მოსაზრებები, თითქოს ვითარების გამწვავება ყასემ სოლეიმანის აფეთქებამ გამოიწვია, რასაც არ ვეთანხმები. სიტუაცია გართულდა მანამდე, აშშ-ის პოზიციებზე არაერთი შეტევის გამო, რომელთაგან უმძიმესი იყო თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე, რაც საერთაშორისო სამართლით თითქმის ომის გამოცხადების ტოლფასია. ამ პროცესების მერე ცხადი იყო, რომ მომხდარს აშშ უსათუოდ გასცემდა პასუხს, თუმცა ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამერიკა ირანს უპასუხებდა ისე, როგორც, კარგა ხანია, არავისთვის უპასუხია. ყასემ სოლეიმანი არ გახლდათ რიგითი სამხედრო პირი, რიგითი გენერალი. ის იყო შემოქმედი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ირანი დღეს ახორციელებს თავის სამეზობლოში და არა მხოლოდ იქ.

ბუნებრივია, რომ მისი ლიკვიდაცია ირანისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა, თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ ირანის პასუხი აშშ-ისთვის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მიზეზად ვერ იქცეოდა. ირანელი პოლიტიკოსები პრაგმატულად აზროვნებენ და მშვენივრად იციან საკუთარი თუ ამერიკის შესაძლებლობები. მათ აირჩიეს პასუხი, რომლითაც ირანის ხელისუფლება მოახერხებდა სახის შენარჩუნებას ქვეყნის შიგნით და, ამავდროულად, არ მიაყენებდა აშშ-ს ისეთ ზიანს, რომელსაც შეეძლო გამოეწვია უფრო მკაცრი პასუხი. სწორედ ამის შედეგი იყო პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რომ აშშ ამ ეტაპზე ეკონომიკურ სანქციებს დასჯერდება. საინტერესო იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ფრაზა - ვიცით, რომ ირანი თავის მეგობრებსა და პარტნიორებს მოუწოდებს, არ განახორციელონ შეტევა აშშ-ის წინააღმდეგო.

შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე გამოჩნდა სივრცე მოლაპარაკებებისთვის. საგულისხმო იყო ტრამპის მიერ "ტვიტერზე" გამოქვეყნებული ერთი ფრაზაც - ირანს არ მოუგია ომი, მაგრამ არც მოლაპარაკებები წაუგიაო. ამით თავიდანვე მიანიშნა, ჯობს ვილაპარაკოთ, ვიდრე ვიომოთო.

დღეს ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია არავის სჭირდება - არც ირანს, არც აშშ-ს და არც რომელიმე სხვა მოთამაშეს, მათ შორის - არც რუსეთს.

- საქართველოში შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს. ბუნებრივად გაჩნდა კითხვა: რა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა ამ დაძაბულობას ჩვენს ქვეყანაზე? - როდესაც ვითარება გართულდა, ჩვენში პოპულარული გახდა აპოკალიფსური სცენარები მესამე მსოფლიო ომისა და საქართველოს წამლეკავი ლტოლვილთა ურიცხვი ნაკადის თაობაზე. მოვისმინე ვარაუდიც, რომ თურმე ჩვენს ტერიტორიას აშშ გამოიყენებდა პლაცდარმად და ა.შ. ეს აბსურდია! საქმე ის არის, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის პარტნიორი ქვეყანა და არა - მხოლოდ ტერიტორია, ეს კი ნიშნავს, რომ პარტნიორები ერთმანეთს პატივს სცემენ და ერთმანეთში ხედავენ სახელმწიფოსა და მის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ შიში, რომ საქართველო გარდაიქმნება ავღანეთად, უსაფუძვლოა. ასეთი რამ ამერიკისგან არ გვემუქრება. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სამეზობლოში საქართველოს ისე უყურებს, როგორც მხოლოდ ტერიტორიას, რუსეთის ფედერაციაა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ საქართველოში სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია როგორც აშშ-ისთვის, ისე ირანისთვისაც, რომელსაც ასევე აქვს ინტერესები საქართველოში.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს საფრთხე, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. სამხედრო საფრთხეში ფართომასშტაბიან პრობლემებს არ ვგულისხმობ. საქმე ის არის, რომ ვითარების დაძაბვით, შესაძლოა, გარკვეულ ძალებს ესარგებლათ და საქართველო წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ. როცა ჩვენს სიახლოვეს დაძაბულობის ასეთი კერაა, შესაბამისი სამსახურების მიერ უნდა მუშავდებოდეს ყველა ვერსია, მათ შორის ჩვენს ტერიტორიაზე უცხოელების მიმართ დივერსიების თაობაზეც. ვერ გამოვრიცხავთ ვერც იმას, რომ ამგვარი ვითარებისას ჩვენმა "ჩრდილოვანმა" მეზობელმა ისარგებლოს და რაღაც აურიოს... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საქმე გვაქვს მრავალწახნაგოვან პრობლემებთან, ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი მიმდინარე პროცესებს, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვყავს მრავალეროვანი და მრავალკონფესიური მოსახლეობა, ვიყოთ ფრთხილად, რომ არაკეთილმოსურნეებმა აქ არ წამოიწყონ პროპაგანდა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მივიღოთ პრევენციული ზომები, რაც ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს პარტნიორებს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს...

- რა აჩვენა ბოლოდროინდელმა პროცესებმა, არის მზად ჩვენი სახელმწიფო და ხელისუფლება ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად? - რთულია იმის თქმა, კრიზისულ ვითარებაში მოქმედების რა სცენარები აქვს ან აქვს კი საერთოდ დამუშავებული ხელისუფლებას, მაგრამ იმაზე, რაც უდავოდ არის ხელისუფლების პრობლემა, შემიძლია ორიოდე სიტყვა ვთქვა. საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ჩვენს სიახლოვეს ასეთი დაძაბულობაა და ჩვენს ქვეყანაში ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი, ზოგჯერ აბსურდული ინფორმაციაც კი;

როდესაც აშკარაა, რომ საზოგადოება ღელავს და ამგვარ ინფორმაციებზე ძალიან მწვავედ რეაგირებს, მას ამ დროს სჭირდება ხელისუფლების განცხადება, რომლის შინაარსი დაახლოებით ასეთი იქნება: მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ქვეყანაში ყველაფერი კონტროლდება, ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ...

ხელისუფლების ერთ-ერთი ვალდებულებაა, საკუთარ მოსახლეობას აგრძნობინოს, რომ დაცულია, რომ ხელისუფლება ხედავს იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობს, ან რომელთა წინაშეც ხვალ შეიძლება აღმოვჩნდეთ და ამის პრევენციას ცდილობს. ამის ნაცვლად ჩვენ რას ვაკეთებდით? ბაკურიანსა და გუდაურში წყლის პრობლემის მოგვარებას ვცდილობდით...

რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას... ეს არის ორგანო, რომელსაც აქვს ყველასგან განსხვავებული, უნიკალური ფუნქცია - კოორდინაცია გაუწიოს მის შემადგენლობაში შემავალ ყველა უწყებას, კოორდინირებული მოქმედება კი ისეთ ვითარებაში, როცა მრავალწახნაგოვან გამოწვევებთან გვაქვს საქმე, უმნიშვნელოვანესია. ამ ორგანოში უნდა აფასებდნენ რისკებს, სწორად გეგმავდნენ და შემდგომ ახორციელებდნენ უსაფრთხოების პოლიტიკას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ამ ტიპის ინსტრუმენტები გამოიყენოს.

- როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფომ "ანაკლიის კონსორციუმს" ხელშეკრულება შეუწყვიტა... - რაც მოხდა, ეს, უპირველესად, ცუდია ქვეყნისთვის და არა - კონსორციუმის, ხაზარაძის ან კიდევ ვინმესთვის. ეს უკიდურესად აზიანებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს და გარემოს.

ანაკლია არ არის ჩვეულებრივი პროექტი და მისი განხორციელება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის... აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის სამხედრო ბაზა, სადაც თურმე აშშ-ის წყალქვეშა ხომალდები განთავსდება, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია. თუ შევხედავთ შავი ზღვის აკვატორიას, დასავლეთ ნაწილში განთავსებულ დიდ პორტებს აღმოსავლეთ ნაწილში სრულფასოვანი პარტნიორი არ ჰყავს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ანაკლია. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში გაიზრდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური კავშირის ინტენსივობა, მნიშვნელოვნად იზრდება ტვირთების ოდენობაც. ის, როგორც ეკონომიკური ჰაბი, საქართველოს სხვანაირად წარმოაჩენს. მისი განხორციელების შემთხვევაში ჩვენ ვხდებოდით უმნიშვნელოვანესი ადგილი აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორში. თავისთავად ცხადია, რომ აქ იქნებოდა ბევრი ქვეყნის ინტერესი და ამ დროს, ცხადია, იზრდება უსაფრთხოებაც. ანაკლია, შეიძლება ითქვას, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-ერზრუმის პროექტების ტოლფასი პროექტია! თავის დროზე სწორედ ამ პროექტების განხორციელებამ მოგვიტანა ის, რომ ვაიძულეთ რუსეთი, ბაზები გაეყვანა საქართველოდან. როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზეა ლაპარაკი, უცნაურია მთავრობის პოზიცია, რომელიც ირგებს შემფასებლისა და დამკვირვებლის და არა - ინიციატორის როლს.

ვთქვათ, დავუჯერეთ ხელისუფლებას და ყველაფერში დამნაშავე კონსორციუმია. როცა საქმე ეროვნულ ინტერესს ეხება და ცხადი ხდება, რომ ვინმე რამეს სრულფასოვნად ვერ აკეთებს, სახელმწიფო იმთავითვე რატომ არ უნდა ქმნიდეს მექანიზმებს რისკების დასაზღვევად?! მას უნდა ჰქონოდა ალტერნატიული სცენარები, რომლებიც პრობლემების გაჩენისთანავე ამოქმედდებოდა. ანაკლიის პროექტი იმდენ რაღაცას დაუკავშირდა, იმდენი საეჭვო რამ ხდებოდა მაშინ, როცა ინვესტორებთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ანაკლიის მშენებლობას მიზანმიმართულად ეშლებოდა ხელი... არ შეიძლება მხოლოდ დამთხვევა იყოს, რომ კრიტიკულ მომენტში გახსენდება წლების წინანდელი ტრანზაქცია, რომელსაც იურისტთა ნაწილის თქმით, შესაძლოა, ხანდაზმულობის ვადაც კი ჰქონდეს გასული. როდესაც საქმე ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პროექტს ეხება, არ შეიძლება ხელისუფლება მოქმედებდეს ისე, როგორც ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს.

დასავლურ პრესაში უკვე გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც არაერთი ცნობილი დასავლელი ექსპერტი გამოთქვამს წუხილს და შეშფოთებას ამ პორტის მშენებლობის შეჩერების გამო. არ ვიცი, რა ბენეფიტს და რამდენ ხანში მიიღებდა საქართველო ანაკლიის პორტით, მაგრამ ზუსტად გეტყვით, რაოდენ დიდი იქნება ამ პროექტის შეჩერებით ქვეყნისთვის მოტანილი ზიანი. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს და თუ განხორციელდება, მისი თანამონაწილე იყოს ისე, რომ ნებისმიერ დროს დაბლოკოს და სირთულეები შეუქმნას მას, უპირველესად იმიტომ, რომ თვითონ აშენებს პორტს ტამანში. მე მაინც მგონია, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში ყველაფერი დაკარგული არ არის და შესაძლებელია მოიძებნოს სწორი მოქმედების მექანიზმი...

- გასულ წელს საქართველოში მიმდინარე რთულ პროცესებში აშკარად ჩანდა რუსული კვალი... სამწუხაროა, რომ ჰიბრიდულ ომს, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ ახორციელებს კრემლი, ჩვენი ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერაფერს უპირისპირებს. სავარაუდოდ, რუსეთის ზეწოლა ხელისუფლებაზე ანაკლიის პორტის გამო იყო... - გასაგებია, როცა ამბობენ, რომ რუსეთთან უთიერთობაში საჭიროა სიფრთხილე - ამას მთელ მსოფლიოში ამბობენ. მეტიც - ყველა სახელმწიფოსთან ურთიერთობაშია საჭირო წინდახედულობისა და სიფრთხილის გამოჩენა, მაგრამ სიფრთხილე არ ნიშნავს საკუთარ ინტერესებზე უარის თქმას და ისეთ მოქმედებას, რაც გააჩენს მთავრობის უსუსურობის განცდას. ამას დაჟინებით ცდილობდა და ცდილობს რუსეთი. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია არა იმაზე ლაპარაკი, რომ ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებით რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ავერიდეთ, რაც აბსოლუტურად გაუგებარი განცხადებაა, არამედ ის, რომ ვაჩვენოთ შემართება, ერთიანობა, გვქონდეს მოქმედების ხანგრძლივი სტრატეგია სხვადასხვა მიმართულებით... ჰიბრიდული საფრთხე ყველგან არსებობს, მაგრამ ეს განსაკუთრებით მძიმე შედეგებით მთავრდება იქ, სადაც საზოგადოება არის მოწყვლადი, ინსტიტუტები - სუსტი, კომუნიკაცია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის - დარღვეული და არსებობს მზარდი სოციალური პრობლემები... ეს საფრთხე განსაკუთრებით იზრდება წინასაარჩევნო პროცესში.

- ბოლო დღეების განმავლობაში უკიდურესად გამწვავდა ვითარება სოხუმში, სადაც ქუჩაში გასული პროტესტანტები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. ამასთანავე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკასაციო კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად აღიარა, რითაც დააკმაყოფილა საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხაზ კვიწინიას საკასაციო საჩივარი, რომელიც შეეხებოდა უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებას... - რასაც ახლა ვხედავთ, არის დაპირისპირება აფხაზურ ჯგუფებს შორის. სიმართლე გითხრათ, ხაჯიმბას თუ ბჟანია ჩაანაცვლებს, ამით, სამწუხაროდ, ჩვენი და აფხაზების ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება. აქ შეიძლება ვთქვათ, რომ დაპირისპირება უფრო პროაფხაზურ და პრორუსულ ჯგუფებს შორისაა, თუ შეიძლება ასეთი რამ არსებობდეს ოკუპაციის პირობებში. ხაჯიმბამ თავისი ისედაც მყიფე პოპულარობა დაკარგა იმით, რომ მისი ხელისუფლება მთლიანად ეფუძნება რუსულ ხიშტებს და არა - აფხაზ საზოგადოებაში ავტორიტეტს. ეს მაშინ, როცა მეორე მხარე მართლაც ავტორიტეტულია - ბჟანიას ვგულისხმობ. ყველა აფხაზ პოლიტიკოსს აქვს კავშირი რუსეთთან, ბჟანია სულაც რუსული უშიშროების კადრია, მაგრამ მას აფხაზური საზოგადოება უფრო მეტად უჭერს მხარს. ის მოიაზრება იმ გუნდის წევრად, რომელშიც იყო ანქვაბიც. ძნელია იმაზე ლაპარაკი, როგორ განვითარდება მოვლენები ან როგორ ჩაერევა ამაში რუსეთი - მოახდენენ პროვოცირებას, რომ აფხაზები ერთმანეთს უფრო კარგად დაერიონ და მერე სასურველ სცენარს გამოადნობენ. ჩვენთვის ყველზე ცუდი ის არის, რომ იქ მიმდინარე მოვლენებზე ჩვენ გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. ჩვენ იქ არავინ მიგვიჩნევს ინტერესისა და გავლენის მქონე მხარედ. ასევე მნიშვნელოვანია, რა გავლენას მოახდენს ეს გალის ქართველ მოსახლეობაზე. ჩვენი პრობლემა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ის არის, რომ მიუხედავად კარგი ტაქტიკური ნაბიჯებისა, არ გვაქვს მოქმედების სტრატეგია, არადა, ხანგრძლივი გეგმებია საჭირო.

აფხაზეთში დიდი რესურსია მომავალი თაობა. მართალია, მათაც ასწავლიან, რომ ქართველი მტერია, მაგრამ ღიაა საინფორმაციო სივრცე, ისინი ბევრ რამეს ხედავენ და აანალიზებენ. მათ ეუბნებიან, დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრობთო, მაგრამ ისინი კარგად ხედავენ, რომ ეს ტყუილია. აფხაზეთი დღეს უკიდურესად დამოკიდებულია რუსეთზე და აფხაზურ იდენტობას აქვს ისეთი პრობლემა, როგორიც არასდროს ჰქონია... მათ დღეს გაცილებით მეტ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, ხედავენ, რომ რუსეთი არის კრემატორიუმი პატარა ერებისთვის.

ჩვენი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო აფხაზურის, როგორც გაქრობის წინაშე მყოფი ენის, აღიარება იუნესკოს საშუალებით. ასეთი თემების პოპულარიზაცია აუცილებელია.… აფხაზეთში ახალმა თაობამ უნდა იგრძნოს, რომ მათი იდენტობა საქართველოს წიაღში უკეთ იქნება დაცული.

მეორე თემაა ურთიერთობა რუსეთთან. არც ამის სტრატეგია გვაქვს. "მოვითმინოთ და არ გავაღიზიანოთ" - სტრატეგია არ არის.

სამწუხაროდ, გვაკლია ერთიანობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში, გვაკლია სტრატეგიული აზროვნება და გართული ვართ ისეთი პრობლემატიკით, რაც გვყოფს და არ გვაერთიანებს.

- რას ფიქრობთ, ოპოზიციის ბოლოდროინდელ აქტიურობასა და ე.წ. შავი სიის შედგენის იდეაზე? - რა გითხრათ... ტერმინიც კი არასწორი მგონია... სამწუხაროდ, საზოგადოებასთან ურთიერთობა მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ არის, ეს მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის პრობლემაა. "შავ სიებსა" და აკრძალვებზე კი არ უნდა ზრუნავდნენ, არამედ უფრო ახლო და ინტენსიურ ურთიერთობაზე საზოგადოებასთან. ჩვენ დღეს ისევ გამყოფ ხაზებზე ვლაპარაკობთ, არადა, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებზე დიდი უპირატესობა ექნება სწორედ იმ ძალას, რომელიც მოახერხებს და საზოგადოებას შესთავაზებს საერთო ეროვნულ იდეას, პოზიტიურ დღის წესრიგს... ამის უმნიშვნელო ცდები ჩანს... იმედი მაქვს, ამ ყველაფერს უკეთესად ვისწავლით და გავითავისებთ, უკეთ დავფიქრდებით იმაზე, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ ძალაუფლების მოპოვების საშუალება, ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, მისი მომავლისა და დემოკრატიული განვითარებისთვის. თუ ჩვენ ამ არჩევნებზე მივიღეთ ისეთივე შეფასებები, როგორიც იყო თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეს მართლაც ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. გვახსოვდეს ერთიც - ჩვენშიც გაიზარდა და უკვე სრულწლოვანია თაობა, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში დიდი ხნის განმავლობაში არ მომხდარა. პოლიტიკოსები ვალდებული არიან, მოუფრთხილდნენ ამ თაობას, მოუსმინონ, შეუწყონ ხელი მათ პოლიტიკაში მოსვლას, თუნდაც მათში ჭარბობდეს ემოცია... სათუოა იმ პოლიტიკოსების მომავალი, ვინც მომავალ თაობას არ მოუსმენს, მისი გულის მოგებას არ შეეცდება და არა მგონია, "შავი სია" იყოს ახალგაზრდების გულის მოგების საუკეთესო საშუალება.