ლევან კობერიძე: "ე.წ. შავ სიაში თვითონ "ნაცმოძრაობაა" ჩასაწერი" - კვირის პალიტრა

ლევან კობერიძე: "ე.წ. შავ სიაში თვითონ "ნაცმოძრაობაა" ჩასაწერი"

რატომ ეწინააღმდეგება პარლამენტის "დამოუკიდებელ დეპუტატთა" ფრაქცია ოპოზიციის სტრატეგიას და რას ფიქრობენ "20 ივნისი სიაზე" (რომელსაც მანამდე ე.წ. შავ სიას უწოდებდნენ), დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან კობერიძეს ვესაუბრეთ.

- ხელისუფლება თავისი საარჩევნო სტრატეგიის ორპოლუსიანობაზე აგებას ცდილობს, ეცდება, მთელ ოპოზიციას მიაკეროს იარლიყი, რომ ეს იგივე "ნაცმოძრაობაა" და თუ ის ცუდია, ოპოზიცია უფრო ცუდია. ამით მოსახლეობას ცუდსა და უარესს შორის არჩევანს უტოვებს.

- რაში ხედავთ გამოსავალს? - ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა შეიქმნას, რომ წავიდეს ახლანდელი ხელისუფლება და არ მობრუნდეს "ნაცმოძრაობა". ე.წ. შავი სიების გამოქვეყნება არ არის მექანიზმი, რომელიც კანონის შესაბამისად ამოქმედდება. დამნაშავე წინა ხელისუფლების დროსაც ბევრი იყო, ახლა კი იგივე ხალხი წერს სიას ხელისუფლების ქმედებებზე. ე.წ. შავ სიაზე რომ ილაპარაკო, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს. მოქალაქეებს სურთ სამართლის აღსრულება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და არა რაღაც ე.წ. შავი სია. ე.წ. შავ სიაში თვითონ""ნაცმოძრაობაა" ჩასაწერი. მოსამართლეებით დაწყებული და ზონდერებით დამთავრებული ეს მანკიერი სისტემა""ოცნებამ" წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ "ნაცმოძრაობასა" და "ოცნებას" სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს. დღეს კი მოსახლეობას უკეთესი ცხოვრება რით ექნება, ამის რეცეპტები უნდა გავცეთ. მედიაში მთავარი განხილვის თემა ე.წ. შავი სიაა, მაშინ როდესაც ეკონომიკა აღარ არსებობს. მთავრობამ ის ვერ მოახერხა, სეზონის დასაწყისში წყლით მომარაგების სისტემა არ მოშლილიყო და რეგიონები ტურისტებისა და დამსვენებლების გარეშე არ დარჩენილიყო. ეს ეკონომიკური დივერსიაა, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს. ოპოზიციას თუ სურვილი აქვს, ებრძოლოს ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების თავისი ხედვებით და არა ე.წ. შავი სიებით.

- ხომ სცადა ოპოზიციამ ეს? - რით სცადა? დავით აღმაშენებლის სტრატეგია ბოლოს ბოქლომების სტრატეგიამდე რომ დაიყვანა?! გასაგებია პროტესტი, მაგრამ ახლა ქვეყანას სხვა გამოწვევები აქვს.

- პროპორციული არჩევნების შესახებ მოლაპარაკებაში თუ ჩაერთვებით და რას ფიქრობთ ხელისუფლების ვარიანტზე? - ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" გავავრცელეთ განცხადება და ვითხოვთ, ჩვენც მოგვეცეს მოლაპარაკებაში ჩართვის შესაძლებლობა. მთავარ მოთხოვნად კვლავ პროპორციულ არჩევნებს ვაყენებთ. ჩვენი შეთავაზებაა, ამ ყველაფერს საფუძვლად დაედოს სავალდებულო-საყოველთაო არჩევნები, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება ვალდებულება მიიღოს მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის რადიკალური ფრთის ავანტიურები გამორიცხული იქნება. თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან არ გამოინახება ჩვენი ადგილი, ალტერნატიულ სივრცეს შევქმნით დიალოგისთვის როგორც მოსახლეობასთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან.

- მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერის პოსტზე განიხილება გახარიას ჩანაცვლება თალაკვაძით. რას ფიქრობთ სავარაუდო სამთავრობო ცვლილებებზე? - გახარია თუ თალაკვაძით შეიცვლება, რას მიიღებს მოსახლეობა? უკეთესი გახდება მათი ცხოვრება?! შესაბამისად, ამ ცვლილებისგან არაფერს ველოდები.