ირაკლი მეზურნიშვილი: "ხაზარაძის უპასუხისმგებლობის გამო ოთხი წელი დავკარგეთ" - კვირის პალიტრა

ირაკლი მეზურნიშვილი: "ხაზარაძის უპასუხისმგებლობის გამო ოთხი წელი დავკარგეთ"

"ანაკლიის პროექტი არ შეფერხებულა რუსული საფრთხის გამო, მიზეზი კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაა, ხაზარაძე და ჯაფარიძე კი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობენ. ხომ ხედავთ, პოლიტიკაშიც მოვიდნენ და ახლა ასე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას"

"შულერული თამაში ლოგიკური დასასრულით" - ასე შეაფასა ექსპერტთა ნაწილმა "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს" მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" ხელშეკრულების შეწყვეტა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ" ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

"2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელმაც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების შვიდი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, მათ შორის - ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა გაფორმებული ხელშეკრულებები საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან. მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი ინვესტორის მოძიებისა და ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარების მიზნით დაიწყება პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელი აუცილებელი პროცედურები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ კონსორციუმისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა პოლიტიკური დაკვეთა იყო. მისი თქმით, ამ პროექტის წინააღმდეგ რამდენიმე მიმართულებით შეტევა ხელისუფლებამ 2018 წელს დაიწყო, რამაც ინვესტორები დააფრთხო. ხელისუფლების მხრიდან პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაზე ლაპარაკობს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანიც. მისი თქმით, კონსორციუმის მთავარი სპონსორების მიმართ წაყენებულმა უსაფუძვლო ბრალდებებმა ივესტორების მოძიების, ბანკებთან ურთიერთობისა და მათთან მოლაპარაკების პროცესი გაართულა და პროექტი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაზძე და ბადრი ჯაფარიძე მომხდართან შეგუებას არ აპირებენ და დავის გაგრძელებას ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავენ. მათი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში მონაწილეობდნენ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობას საერთაშორისო სასამართლო დავისას გაამხელს.

რას პასუხობს ხელისუფლება ხაზარაძე-ჯაფარიძისა და ახვლედიანის ბრალდებებს, ვინ შეიძლება შეცვალოს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები პორტთან დაკავშირებით? ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი მეზურნიშვილი გვესაუბრება:

- ამბის დამახინჯება არავის გამოუვა, რაც უნდა მოინდომონ. ჩვენ გვაქვს ფაქტები, რას აკეთებდა ხელისუფლება და რას აკეთებდა კონსორციუმი. ხაზარაძის უპასუხისმგებლობის გამო ჩვენ ოთხი წელი დავკარგეთ. ინვესტორების თვალში მეტი სანდოობის მოსაპოვებლად "ქართულმა ოცნებამ" ანაკლიის პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობა კონსტიტუციაში ასახა. ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია პორტების განვითარება. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი. საქართველოს მოსახლეობას ვერავინ მოატყუებს, მას ახსოვს, ვინ იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინიციატორი და ვინ უჭერდა მხარს ამ პროექტის განხორციელებას წლების განმავლობაში. სახელმწიფომ ფინანსური, მორალური და თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის თვალსაზრისით იმაზე მეტი ვალდებულება იკისრა, ვიდრე კონტრაქტით ევალებოდა.

- მაგალითად? - მაგალითად, კონტრაქტის მიხედვით სახელმწიფოს ევალებოდა პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანა, კონკრეტული მიწების გამოსყიდვა და პორტისთვის გადაცემა, მთავრობის გადაწყვეტილებით, კონსორციუმს საპარტნიორო ფონდმა 100 მილიონი დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხიც გამოუყო.

პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ კონსორციუმთან ურთიერთობაში არაერთხელ დათმო. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ამდენის დათმობა და ამდენი წლის დაკარგვა შეცდომა იყო. როგორც კი კონსორციუმმა საკუთარი ვალდებულებების შესრულების გადავადება მოითხოვა, მაშინვე უნდა მივმხვდარიყავით, რომ საქმეს თავს ვერ ართმევდა ან უპასუხისმგებლოდ იქცეოდა.

- დიახ, ხმამაღლა ხელისუფლება მხარს უჭერდა პროექტის განვითარებას, თუმცა ოპოზიციონერ ლიდერთა და პოლიტიკურ ექსპერტთა ეჭვს იწვევს ის, რომ კონსორციუმის დამფუძნებლების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც არც დაზარალებული ჰყავდა და არც მომჩივანი... - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2019 წლის იანვარში, კონსორციუმს კი თავისი ვალდებულებები 2017 წელსაც არ ჰქონდა შესრულებული. შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან დღემდე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მოთხოვნით ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილებაა შეტანილი. პროექტის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფომ კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების დრო შვიდჯერ გადაუვადა იმ იმედით, რომ პროექტი, ბოლოს და ბოლოს, დასრულებულიყო. სამწუხაროდ, კონსორციუმმა თავისი ვალდებულებები არათუ 2017, არამედ ვერც 2018 და ვერც 2019 წელს ვერ შეასრულა.

რაც შეეხება "თიბისი ბანკის" საქმეს, ეს საკითხი არ არის დაკავშირებული ანაკლიის თემასთან. ვერ დამისახელებთ მსოფლიოში ერთ ფაქტსაც კი, რომ სტრატეგიულ პროექტში მონაწილეობის გამო ვინმეს პროკურატურის კითხვებისთვის თავი აერიდებინოს. კანონის წინაშე ბიზნესმენი, პარლამენტარი თუ რიგითი მოქალაქე ერთნაირად აგებს პასუხს.

- პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა, თუმცა ბოლოს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ფულის გათეთრების ფაქტებზე აღარ ლაპარაკობდა და ამჯერად ინტერესთა კონფლიქტის არსებობაზე გაამახვილეს ყურადღება. - თუნდაც ინტერესთა კონფლიქტი იყოს! მე არ ვარ პროკურორი და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ რადგან საქმეს მომჩივანი არ ჰყავდა, ეს არ ნიშნავს, რომ კანონი არ დარღვეულა. წარმოუდგენელია ხელისუფლება დაადანაშაულო ანაკლიის პროექტის ჩაშლის მცდელობაში, როცა პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და კონსტიტუციაში ჩვენი სურვილით ავსახეთ. საპროტესტო აქციების ფონზე იძულებით ხომ არ გაგვიკეთებია ეს? პროექტი რომ დღემდე ვერ განხორციელდა, ეს "ქართული ოცნებისთვის" გამოწვევაა; ამით, უპირველესად, ხელისუფლება დაზარალდა; სწორედ ჩვენ დავკარგეთ შესაძლებლობა, შეგვესრულებინა დანაპირები და შეგვექმნა სამუშაო ადგილები. როგორ შეიძლება, ამ პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლებას შეეშალა ხელი?

- მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: "ივანიშვილმა მითხრა, ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი გამაგრებულიყო, პრემიერად რომ დავნიშნე, რაღაც სალაპარაკო ჰქონოდა ხალხთან და ვფიქრობდი, რომ ინვესტორი ჩინური სახელმწიფო კომპანია უნდა ყოფილიყო. ახლა ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო". - არა მგონია, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები რომელიმე კონკრეტულ პირზე იყოს მორგებული. ეს იყო მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პროექტი. ჩვენ პრეტენზია გვაქვს და საამისო პოტენციალიც, რომ რეგიონში ვიყოთ სატრანსპორტო და რეგიონული ფაბი; ამისთვის აუცილებელია პორტების განვითარება როგორც ანაკლიაში, ასევე ფოთსა და ბათუმში. აუცილებელია, გავითვალისწინოთ ყველა ის რისკ-ფაქტორი, რომლებიც ვერ გავითვალისწინეთ კონსორციუმთან ურთიერთობისას.

- პოლიტოლოგებისა და ექსპერტების ნაწილს არ სჯერა ხელისუფლების წარმომადგენელთა გულწრფელობის. თქვენ აცხადებთ, რომ პროექტი უეჭველად განხორციელდება? - მე ერთი რამის თქმა შემიძლია - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პორტი აშენდეს.

- აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჯერ კიდევ შარშან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო პორტის მშენებლობის პროექტს დაასრულებდა და ამით გაუმჯობესდებოდა საქართველოს ურთიერთობა თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეებთან; ამავდროულად, ქვეყანა დაცული იქნებოდა რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან. დღეს ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომ შესაძლოა კონსორციუმი ჩინურმა კომპანიამ ჩაანაცვლოს. - ჩემი ინფორმაციით, სხვა ინვესტორებიც არიან დაინტერესებული. პროექტი ინვესტორებისთვის მიმზიდველია, რადგან სახელმწიფო მას მხარს უჭერს. ერთადერთი, რაზეც სახელმწიფო უარს ამბობს, ტვირთბრუნვების დაზღვევაა. ეს ლოგიკურიც არის. ტვირთბრუნვებსაც თუ ჩვენ დავაზღვევთ (როგორც კონსორციუმი ითხოვდა), რაღა საჭიროა ინვესტორი, მაშინ სახელმწიფო თვითონ განახორციელებს პროექტს! ჩვენი ინტერესია, ქვეყანაში ინვესტიცია შემოვიდეს.

იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გამოჩნდება ახალი კონსორციუმი ახალი პარტნიორებით და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს.

ძალიან დამწყდა გული, რომ "კონტი ჯგუფი" გავიდა პროექტიდან. ამერიკული ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პროექტში. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთი ტიპის პროექტს მხოლოდ კომერციული დანიშნულება ვერ ექნება, ეს არის დამატებითი გარანტი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

- შეგიძლიათ დაბეჯითებით თქვათ, რომ პროექტში ჩინური ან რუსეთთან რაიმე ფორმით აფილირებული კომპანია ვერ შემოვა? - ასე როგორ ვთქვა? რა ვიცი, რომელი ინვესტორი გაიმარჯვებს. ხომ არ დავაკონკრეტებთ ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენელი კომპანიების მონაწილეობას არ მივესალმებით? ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვისურვოთ, რომ პროექტში შემოვიდეს ევროპელი ან ამერიკელი ინვესტორი.

- მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მონაწილეობდნენ. - აბსურდული ბრალდებაა. ამაზეა ნათქვამი, "ენას ძვალი არ აქვსო".

- თქვენ როგორ გაიგეთ რომან კაკულიას განცხადება, თითქოს მამუკა ხაზარაძემ საგარეო საფრთხე სწორად ვერ გათვალა? - ბატონ რომანს აქვს თავისი აზრი... მე ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ანაკლიის პროექტი რაღაც ზეწოლის შედეგად შეფერხდა. აშკარაა, რომ კონსორციუმმა" ვალდებულება ვერ შეასრულა. მეორე მხრივ, შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ რუსებს საქართველოში განხორციელებული არც ერთი წარმატებული პროექტი არ ახარებთ, მაგრამ ჩვენ რუსეთის მოწონება-არმოწონებაზე დამოკიდებული არა ვართ.

- ჩვენ ხომ ვიცით, როცა რუსეთს რამე არ მოსწონს, პროცესებისთვის შორიდან თვალყურის დევნებით არ კმაყოფილდება... - ცოტა ხნის წინ TANAP-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პროექტი, რომლის საშუალებით ევროპა მიიღებს 25 მილიარდამდე კუბმეტრ ბუნებრივ აირს. როგორ გგონიათ, რუსეთი კმაყოფილია ამ პროექტის განხორციელებით? და რატომ არ შეუშალა ხელი? არც ანაკლიის პროექტი შეფერხებულა რუსული საფრთხის გამო, მიზეზი კონსორციუმის"მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაა, ხაზარაძე და ჯაფარიძე კი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობენ. ხომ ხედავთ, პოლიტიკაშიც მოვიდნენ და ახლა ასე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას.

ხათუნა ბახტურიძე