"ვადაგასული" ნახევარი მილიარდი - კვირის პალიტრა

"ვადაგასული" ნახევარი მილიარდი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560.645.083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

თავად სააგენტოში აღნიშნულს ბენეფიციართა მიმართვიანობის შემცირებით ხსნიან.

"პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო "სოფოსბუვირი" ("სოვალდი"), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან ("ინტერფერონი" და "რიბავირინი") კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − "ჰარვონი", რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების ("სოფოსბუვირი", "ინტერფერონი" და "რიბავირინი") მოხმარება. ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს პაციენტების მხრიდან მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან მათი გარდაცვალების ფაქტები", - აღნიშნულია ანგარიშში.

"ეს უმძიმესი დანაშაულია"

"ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არ არის ჩართული, ამ დროს ვიგებთ, რომ კომპანია "გილეადისა" და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მლნ ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ეს რომელიღაც მორიგი საბიუჯეტო პროგრამის უბრალო ჩავარდნა კი არ არის, საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილი C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის პირველ მიზეზად ფინანსურ ბარიერს ასახელებს. მისი თქმით, მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხის გაღება უწევდა, რაც პაციენტთა ნაწილისათვის ბარიერს ქმნიდა პროგრამაში ჩართვისთვის. მისივე თქმით, ეს ბარიერი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში მოიხსნა, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე.

ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტია.

"კვირის პალიტრა" შეეცადა, შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსთან ეკა ადამიასთან გაერკვია.

- რის მიხედვით განისაზღვრება აღნიშნული მედიკამენტების ღირებულება და რამდენი გადაიხადა სახელმწიფომ?

- ამ წამალში ფულს არ ვიხდით. განბაჟების დროს ღირებულებას ექსპერტიზის ბიურო ანიჭებს. განბაჟებაში, ფაქტობრივად, სიმბოლურ თანხას ვიხდით წამლის ქვეყანაში შემოსატანად. რადგან ქვეყანაში ამ მედიკამენტების ფასი არასდროს დაფიქსირებულა, ექსპერტიზის ბიურომ 1 აბის ფასი სხვა ქვეყნების დაახლოებითი ფასის შესაბამისად განსაზღვრა. ელიმინაციის პროგრამის დასაწყისში ასე შეფასდა ერთი აბი 2.000 ლარად, თუმცა ჩვენთვის ტვირთი ნულოვანი ღირებულებით შემოდის. საბუთებს გარკვევით აწერია, რომ ტვირთი ღირს 0 ლარი. 1 კოლოფში 28 აბია და კოლოფის ღირებულება ასტრონომიული ციფრი გამოდის. ჩვენი პარტნიორი წამლის მომწოდებელი კომპანია ყოველთვიურ ანგარიშს იღებს და პირველი დღიდან ინფორმირებულია ყველაფერზე. სკანდალებზე მონადირეებს ვეკითხები: რაიმე გადაცდენა რომ ყოფილიყო, ისინი არ ატეხდნენ ერთ ამბავს და მათ გაკოტრებას გვაპატიებდნენ?

- ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 16 000 ადამიანი იდენტიფიცირებულია, როგორც C ჰეპატიტით დაავადებული და ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყონ მკურნალობა. მკურნალობა დაავადების დადგენისთანავე არ უნდა დაიწყოს? - დიახ, მაგრამ ეს პაციენტის უფლებაა და ძალას ვერ დაატან. სხვადასხვა მიზეზით იკავებენ თავს. ეს ცალკე თემაა და ამ პრობლემის გაჩენაში ლომის წილი უდევთ ელიმინაციის პროგრამის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც პროგრამის დაწყებისთანავე უსაფუძვლო ჭორებს ავრცელებდნენ.

ეს ადამიანები ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდნენ სამკურნალოდ და მათ წამალი უნდა დახვდეთ. მომდევნო წლის შეკვეთას ყოველთვის წინა წელს ვაკეთებთ, ანუ 2017 წლისთვის მარაგი 2016 წლის სექტემბერში შევუკვეთეთ. მაშინ თვეში 3-4-5 ათასი პაციენტი გვყავდა, მაგრამ წამლის შემოტანა მეტობით უნდა დაგვეგეგმა. 2017 წლის შეკვეთა მოგვაწოდეს იანვარში. 2016 წლის ბოლოდან პაციენტების რაოდენობამ იკლო - ნავარაუდევზე 2000-ით ნაკლები მოვიდა. წამლის ვადა დიდი არ იყო, მომდევნო წელს ვერ გამოვიყენებდით და ამიტომ გაუხარჯავი დარჩა.

- ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, პროგრამის ამოქმედების პირველ ეტაპზე (2015წ.) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო "სოფოსბუვირი" ("სოვალდი"), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან ("ინტერფერონი" და "რიბავირინი") კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი შეიცვალა ახალი თაობის მედიკამენტით - "ჰარვონით", რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმი, შემცირდა პირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების ("სოფოსბუვირი", "ინტერფერონი" და "რიბავირინი") მოხმარება. წამლების ნაწილი იმიტომაც ხომ არ დარჩა გაუხარჯავი, რომ ახალი პრეპარატებით შეიცვალა? პაციენტები მკურნალობას რატომ წყვეტდნენ? - მკურნალობას წყვეტდნენ, როცა გვქონდა "ინტერფერონი". მას მძიმე გვერდითი მოვლენები ახლდა, თუმცა ასეთი პაციენტების რაოდენობა უმნიშვნელო იყო. უახლესი თაობის მედიკამენტებს, "ჰარვონსა" და "ეპკლუსას", რაც ამ ეტაპზე პროგრამაში გვაქვს, გვერდითი მოვლენები არ აქვს და არც დამატებითი მედიკამენტი სჭირდება.

ამ თემის ორი წლის შემდეგ გაცოცხლება დანაშაულად მიმაჩნია. რატომ უნდა ამტკიცო და განმარტო ის, რაც წარსულში იყო და დღეს არ არსებობს? ვის სჭირდება ეს, როცა პრობლემა, კარგა ხანია, დაძლეულია? რატომ უნდა დააბნიო ადამიანები და აიძულო, იმის ნაცვლად, რომ დროულად დაიდგინონ დიაგნოზი და იმკურნალონ, არჩიონ, სად არის სიმართლე? ასეთი განწყობა იმოქმედებს სკრინინგსა და მკურნალობაში ჩართულთა რაოდენობაზე, ისევე, როგორც იმოქმედა 2017-18 წლებში, როცა იკლო პაციენტთა მომართვიანობამ.

თუ ვინმეს კონტროლი ევალება, სახელმწიფო უსაფრთხოების ჩათვლით, ყველა ცდილობდა დაედგინა, სამართლიანი იყო თუ არა ბრალდებები ელიმინაციის პროგრამისა და მედიკამენტების მიმართ, მაგრამ საეჭვო ვერსად ვერაფერი მოიძებნა. სამაგიეროდ, არსებობს ათეულობით ათასი ადამიანი, რომლებიც განიკურნენ და გადაურჩნენ გაკოტრებასა და სიკვდილს.

ჯანდაცვის თემები ძალიან სენსიტიურია. როცა პაციენტს არაფერი აწუხებს, მის დასარწმუნებლად, რომ შესაძლოა, C ჰეპატიტი ჰქონდეს და სკრინინგზე უნდა მივიდეს, დიდი ძალისხმევა გჭირდება. პროგრამა რომ დავიწყეთ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მაშინვე ჩაერთვნენ პროგრამაში, მერე კი დარჩნენ ისეთები, რომლებიც არასდროს შეუწუხებია ჯანმრთელობის მდგომარეობას, არც სიმპტომები აქვთ. მათი გამოვლენა სერიოზული პრობლემაა. ამიტომ დაიკლო მომართვიანობამ. ვიცით 16 ათასი გამოვლენილი ავადმყოფის შესახებაც, მაგრამ არ მოდიან სამკურნალოდ.

- ჭიაბერაშვილი პაციენტების დაბრკოლების ერთ-ერთ მიზეზად ფინანსურ ბარიერს ასახელებს. მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან უწევდა თანხის გაღება, რაც პაციენტთა ნაწილისათვის პროგრამაში ჩართვისთვის ბარიერს ქმნიდა. მისი თქმით, ეს ბარიერი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში მოიხსნა. - პროგრამაში ჩართვა პირველივე დღიდან უფასო იყო სოციალურად დაუცველთათვის. არსებობს სქემატური გამოსახულება, როგორ იკლებდა წლების განმავლობაში პროგრამაში ჩართვის ღირებულება, როგორ იკლებდა ეტაპობრივად, რამდენი ძვირად ღირებული კვლევა გამოვაკელით... არც ერთხელ ამ ქმედებებს პაციენტთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ მოჰყოლია, ანუ არ ყოფილა პირდაპირი კორელაცია ფინანსურ გამარტივებასა და პაციენტთა ჩართულობის მაჩვენებელს შორის.

ყველაფერი უფასო რომ ყოფილიყო და ბიუჯეტი გადახარჯულიყო, იტყოდნენ, დააქციეთ ქვეყანაო.

- ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტია. - განმარტონ, რას ეძახიან მენეჯმენტს. ჩვენი პროგრამა ყველაზე კარგად მართული და საერთაშორისო დონეზე აღიარებულია. 2019 წლის აპრილში ღვიძლის საერთაშორისო კონფერენციაზე ქალაქ ვენაში საქართველოს, როგორც ჩემპიონს C ჰეპატიტის ელიმინაციის საქმეში, მიენიჭა წარმატებული ქვეყნის სტატუსი და თვალსაჩინოების ცენტრი დაგვარქვეს, სხვა ქვეყნებისთვის ჩვენი მაგალითი საჩვენებელი რომ იყოს, მინისტრს კი ჯილდო გადაეცა. არ ჩატარებულა არც ერთი კონფერენცია, სადაც საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია თავისი პროგრესის საჩვენებლად და ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პროგრამა ჩავარდა? დაესწროს საერთაშორისო შეხვედრებს და ნახოს, როგორი პროგრესია ამ მიმართულებით, რა შედეგებს მივაღწიეთ.