"ვიღაცამ შეიძლება პანკისის ხეობაშიც "იმუშაოს" - კვირის პალიტრა

"ვიღაცამ შეიძლება პანკისის ხეობაშიც "იმუშაოს"

ირან-ამერიკის დაპირისპირება, რომელიც თუნდაც წერტილოვან დარტყმებს მოიცავს, შესაძლოა იმაზე დიდი საფრთხე იყოს საქართველოსთვის, ვიდრე წარმოგვიდგენია, მით უფრო, რომ ირანის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე რუსეთია, რომელსაც აწყობს საქართველოში მუდმივი დაძაბულობა. ამერიკის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი ვასილ კაჭარავა იმ საფრთხეებზე გვესაუბრა, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო შესაძლოა საქართველოს დაემუქროს.

- ირანი ტერიტორიულად ძალიან ახლოს არის საქართველოსთან, მასთან უვიზო რეჟიმი გვაქვს, აქ არაერთი ირანელი უძრავი ქონების პატრონია... არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ირანისთვის საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია მიუღებელი იქნება. არც ის არის გამორიცხული, ირანმა დაფინანსება გაზარდოს და მისდამი ლოიალურად განწყობილი ჯგუფები შექმნას, რათა საქართველოში თავისი ინტერესების გატარება გაიადვილოს. ეს ხელს აძლევს რუსეთს, რომელიც გარდა იმისა, რომ ნებისმიერი გზით ცდილობს არიოს ვითარება საქართველოში, სიამოვნებით შეხვდება თავისი მთავარი მოკავშირის პოზიციების გამყარებას საქართველოში. ამასთან, პრორუსული ჯგუფები ამ ყველაფერს პანიკის დასათესად და ამერიკის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებენ, აი, რა საფრთხეს შეიცავს მასთან სტრატეგიული მოკავშირეობაო. კარგია, რომ ტრამპმა პირდაპირ თქვა, ომი არ იქნებაო, თორემ ვერსიებ მერე გენახათ - დაიწყებოდა "შეფასებები", აი, ამერიკას საქართველოს მიმართ მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს, რათა თავის სამიზნეს ახლო აღმოსავლეთში უფრო ადვილად მისწვდესო. თუმცა იმის მოლოდინი, რომ ამერიკა წერტილოვან დარტყმებს დასჯერდება, მაინც არ აქრობს რისკებს და არც რუსეთი დაჯდება გულხელდაკრეფილი, თანაც არ არის გამორიცხული, ამერიკა-ირანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გაგრძელდეს...

იმედია, პოლიტიკოსებს ჩვენს მოკავშირესთან კონსულტაციები ექნებათ და ყველა შესაძლო საფრთხეს განიხილავენ. სხვა საკითხია უსაფრთხოების სპეცსამსახურების საქმიანობა. მათ ვერსიებს შორის ყველაზე ცუდი ვარიანტიც უნდა განიხილონ და პრევენციაზეც იმსჯელონ... პანიკის მიზეზი არა გვაქვს, მაგრამ ყველა ასპექტი სამხედრო თუ სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის გასათვალისწინებელია. მერე პოსტფაქტუმ ვიგებთ ხოლმე "შემთხვევით" შემოფრენილი დრონებისა თუ სხვა საფრენი აპარატების შესახებ. სპეცსამსახურებს წინასწარ გათვლილი პროგრამები უნდა ჰქონდეთ. ნებისმიერი ფაქტი პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებს უნდა შევატყობინოთ, რადგან რუსეთსა და ირანზეა საუბარი...

რამდენიმე დღის წინ ირანში უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიწყო მსჯელობა, ჩამოაგდეს თუ ტექნიკური გაუმართაობა იყო, შემდგომ კი, როდესაც ამერიკამ მტკიცებით ფორმაში თქვა, ლაინერს ირანელმა სამხედროებმა ესროლესო, ერთ დღეში აღიარა ირანმა, დიახ, ეს "ადამიანური შეცდომისა" და "ამერიკის ავანტიურიზმის" გამო მოხდა და სინანულს გამოვხატავთო. არადა, მანამდე ოფიციალური თეირანი კატეგორიულად უარყოფდა ლაინერისთვის რაკეტის სროლას. საქმე ის არის, რომ უკრაინის უკან ამერიკა დგას, რომელმაც მას თვითმფრინავის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემები გადასცა და გამოძიებაში დახმარებაც აღუთქვა. ირანი, ფაქტობრივად, ჩიხში მოაქციეს. ამერიკის სპეცსამსახურებს წუთიც არ დაუკარგავთ. ძალიან მძიმეა 180 უდანაშაულო კაცის დაღუპვა, მაგრამ ამ ფაქტმა ირანს კიდევ ერთი, დიდი დარტყმა მიაყენა, რამდენიმე ქვეყანამ ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვა. ასე რომ, შემთხვევითობა იქნება თუ შეგნებული პროვოკაცია, ამ უმძიმეს რეალობაში მზად უნდა ვიყოთ, არ უნდა მოვდუნდეთ, მით უფრო, რუსეთი ჩასაფრებულია. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და სხვა სტრუქტურებიც გვარწმუნებენ, ყველაფერს ვაკეთებთო, მაგრამ სინამდვილეში რა კეთდება, არ ვიცით. იმედია, იმაზეც ნაფიქრი აქვთ, რომ რუსეთისა და ირანის ინტერესთა თანხვედრის შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საქართველოს მოქალაქე შიიტი მუსლიმანების პროცესში ჩათრევასაც შეეცდება. საბედნიეროდ, ჩვენი მუსლიმანი მოსახლეობა თითქმის ყოველთვის სოლიდარულია საქართველოს მიმართ, განსხვავებით სომხეთისა და აზერბაიჯანისგან, სადაც რელიგიური უმცირესობა მტრულად არის განწყობილი სახელმწიფოს მიმართ. არ არის გამორიცხული, რუსეთმა ისინიც გამოიყენოს. ვიღაცამ შეიძლება პანკისის ხეობაშიც იმუშაოს. ირანის მოსახლეობის დიდი ნაწილი აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანში კი თეოკრატიული პროცესები აქტიურად მიმდინარეობს, რასაც ემატება სეპარატისტული და სხვა სახის პროტესტები - ანუ ყოველთვის იპოვიან ძალას, რომელსაც გამოიყენებს.

- ასევე მნიშვნელოვანია დიპლომატიური სამსახურების მუშაობა. - დიახ, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რადგან მათ დიდი ინფორმაცია აქვთ და მუდმივი, ფრთხილი და პროფესიონალური მუშაობით ყველაფრის გაფილტვრა შეიძლება. მუდმივად საქმის კურსში უნდა გვყავდეს საერთაშორისო თანამეგობრობა, მით უფრო, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში დომინანტობასა და პოზიციების გაძლიერებაში საქართველო უშლის ხელს და ეს ვერ უპატიებია ჩვენთვის.

- ახლა რამდენად არსებობს საფრთხე, რომ ის საქართველოს ანტიამერიკული განწყობების გამწვავებას შეეცდება? - რუსეთის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ტროლების ქარხანა. მაგალითად, კრემლი რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლის გამოყენებასაც კი ცდილობდა - ჩვენ საქართველოს ეკონომიკას ვეხმარებითო, რუსი ტროლ-ბლოგერები წერდნენ, იმას კი არ აღიარებდნენ, რომ საქართველოში მისაღები ფასებია, რომ არაფერი ვთქვათ, ბუნებასა და გარემოზე. თურქეთსა და ევროპაში რომ მიდიან, მათაც ეხმარებიან თუ ისვენებენ? საქმე ის არის, საქართველოში ეს მართლა დაიჯერა ბევრმა - რა გვეშველება, თუ რუსი ტურისტი არ ჩამოვაო, წუხდნენ. ეს რუსეთის სპეცსამსახურების ტროლების მუშაობის შედეგია. ომი მხოლოდ დაბომბვა არ არის, ესეც ომია - ეკონომიკაზე დარტყმა. თავის მხრივ, ამერიკაც მუშაობს აქ თავის პროპაგანდაზე. ამისთვის დიდი თანხაც იხარჯება. დროდადრო ქვეყნდება ინფორმაცია ამერიკის დახმარებებზე, მაგრამ ეს უფრო ხშირი და დეტალური უნდა იყოს. კარგი იქნება, იმაზეც დაწეროს ხელისუფლებამ, საქართველომ რაში გახარჯა ეს დახმარება.