"ანაკლიის პროექტის განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და მისი გუნდი უშლიან ხელს" - კვირის პალიტრა

"ანაკლიის პროექტის განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და მისი გუნდი უშლიან ხელს"

მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და კიდევ რამდენიმე სხვა პირი მონაწილეობდა, რომელთა ვინაობას საერთაშორისო სასამართლო დავაში გაამხელს. მისივე თქმით, მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს. მინისტრი ცქიტიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აბსურდულს უწოდებენ ხაზარაძის ბრალდებას და აცხადებენ, რომ ერთადერთი პრობლემა ამ ამბავში ის არის, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვალდებულებები ვერ შეასრულა. ამ საკითხებზე მამუკა ხაზარაძემ ვრცლად ისაუბრა გაზეთ "კვირის პალიტრასთან". გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ - კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შესრულებული იყო. ანაკლიის განვითარების პროექტში ჩადებულია 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, არის ინვესტორიც, რომელსაც პროექტი უნდა დაემთავრებინა. დღეს მე კონსორციუმის სახელით დეტალებსა და სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტებზე ვერ ვილაპარაკებ.

კომპანიას ჰყავს მაღალკვალიფიციური იურისტები, რომლებიც პროექტში მონაწილე თითოეული ინვესტორის ინტერესებს დაიცავენ. ინვესტორები არიან ამერიკიდან, ჰოლანდიიდან, ბულგარეთიდან, ინგლისიდან, უზბეკეთიდან. მათ სარისკო ზონაში, საოკუპაციო ზონიდან 4 კილომეტრში, პროექტში ჩადეს ფული.

- თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. თუ კონსორციუმსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დავა სასამართლოში გაგრძელდება, ეს პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის?

- პროექტის განხორციელებას სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და მისი გუნდი უშლიან ხელს. ისინი დიდი ხანია ფარულად იბრძვიან პროექტის ჩაგდებისთვის. ვთქვათ, კონსორციუმმა არ ამოიღო ხმა, ხვალ რომ ახალი ინვესტორი გამოჩნდება, ის არ იკითხავს, წინა ინვესტორმა რატომ ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდეო? ვინმეს ჰგონია, რომ ბანკები თავიანთ მოთხოვნებს შეცვლიან? პრობლემა, რის გამოც პროექტი შეფერხდა, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ოთხი ბანკი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), რომლებიც ანაკლიის მსგავს პროექტებს აფინანსებენ, ახლაც მოითხოვენ ფინანსურ გარანტიას. ლაპარაკია 50 მილიონის გარანტიაზე, რომელიც გამოყენების შემთხვევაში სესხად დაკონვერტირდება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ისევ ვამბობთ, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადახედოს საკითხს და შეთანხმდეს ამ ბანკებთან. თავად განსაჯეთ, როდესაც ხელისუფლება სწორედ ამ ბანკებთან სხვა უამრავ პროექტზე მუშაობს, მაინცდამაინც ანაკლიის პროექტზე რატომ უნდა ჰქონდეს ასეთი ხისტი პოზიცია და რატომ ავრცელებს მცდარ მოსაზრებას, თითქოს ვინმეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უნდა პროექტის განხორციელება?

ასევე ტყუილია, რომ ამბობენ, თითქოს სახელმწიფომ ასეულობით მილიონი დოლარი ჩადო პროექტში.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად