აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო პრემიერი ვალერი ბგანბა შეასრულებს - კვირის პალიტრა

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო პრემიერი ვალერი ბგანბა შეასრულებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა. ე.წ. ნაციონალური ასამბლეის დადგენილებით, პრეზიდენტის მოვალეობას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერი ვალერი ბგანბა შეასრულებს.

შეგახსენებთ, გადამდგარმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს 12 იანვარს განცხადებით მიმართა, რომ შეწყვეტილიყო მისი უფლებამოსილება, რასაც წინ უძღოდა ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება "საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად გამოცხადების შესახებ".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, ე.წ. არჩევნები აფხაზეთში 2019 წლის სექტემბერში გაიმართა, სადაც მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ, ოპოზიციური პარტიის "ამცახარას" ლიდერი, ალხან კვიცინია დაახლოებით 1%-იანი უპირატესობით დაამარცხა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები "არჩევნების" შედეგებს არ ეთანხმებოდნენ და მის ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"