"საჭიროა, აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის გზები მოიძებნოს... მაოცებს ხელისუფლების პოზიცია" - კვირის პალიტრა

"საჭიროა, აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის გზები მოიძებნოს... მაოცებს ხელისუფლების პოზიცია"

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საჭიროა მოიძებნოს აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის გზები, რადგან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. ეკა ბესელიას შეფასებით, მხოლოდ ჟენევის ფორმატი არ არის შედეგის მომტანი.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღება და სიღრმისეული ანალიზი სჭირდება.

"გარდა იმ უდაო ფაქტისა, რომ ეს მოვლენები საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილზე, რაც ზრდის ამ მოვლენებისადმი ინტერესს და ემოციასაც, ეს ეხება სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენას, ეხება უსაფრთხოების და ქვეყნის მომავალ კონსტიტუციურ საკითხებს. მაოცებს ხელისუფლების ინდიფერენტული და ზედაპირული პოზიცია და ცარიელი განცხადებები. არანაირი მსჯელობა, არანაირი ანალიზი. არც რაიმე ფორმატების გამოყენება, არც მსჯელობა.

თითქოს სადღაც სხვაგან ხდება ეს ყველაფერი. საჭიროა მოიძებნოს გზები აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის! დიალოგს არა აქვს ალტერნატივა! დიალოგი არის საჭირო მუდმივად აფხაზ თანამოძმეებთან, მაშინაც კი როცა უიმედოდ გეჩვენება. უნდა იყოს ყველა სამოქალაქო და სოციალური ინსტრუმენტი გამოყენებული ყველა ფორმატში და რაც შეიძლება მეტი, რათა დაიძრას ყინული.( არ არის შედეგის მომტანი მხოლოდ ჟენევის ფორმატი და წლებია ამას ვხედავთ) მშვიდობიან გზებს და მცდელობას ეძებო გამოსავალი - მოაქვს შედეგი. ეს მცდელობა არ ჩანს და ეს მაწუხებს. პროცესების უფრო სიღრმისეულად განსჯა და დანახვა აქ ვის რა როლი შეუძლია იტვირთოს ურთიერთობის დათბობისთვის - აუცილებელია! ლოდინი - რუსეთი რას დათმობს ოდესმე - ფუჭია და ეს პოზიცია საზიანოა! ჩვენვე უნდა მივხედოთ ჩვენსავე პრობლემებს და ნუ მივანდობთ მომავალს ყველაზე მტკივნეულ თემას- ტერიტორიულ მთლიანობას. თავისთავად არაფერი ხდება თუ მცდელობა არ გვექნება შევცვალოთ ეს მოცემულობა! მოცემულობა - რომელიც უსამართლოა!" - წერს ეკა ბესელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.