"საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა" - რა წერია Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში - კვირის პალიტრა

"საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა" - რა წერია Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში

საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

"დაფინანსების არარსებობის გამო, ხელისუფლებამ ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის ამოქმედება, რომელიც 2018 წელს სამართალდამცავი ორგანოების და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსაკვლევად შეიქმნა. ოფისი 1-ელ ნოემბერს ამოქმედდა,"- აღნიშნულია ანგარიშში.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ყოველწლიური, 30-ე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.

Human Rights Watch-ი ადამიანის უფლებათა ანგარიშში 20 ივნისის მოვლენებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების პროტესტი პარლამენტში რუსეთის დუმის დელეგაციის ვიზიტმა გამოიწვია.

"20 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა,"- აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციის განცხადებით, პროტესტის ზოგიერთმა მონაწილემ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, თუმცა, სხვა მხრივ შეკრებილები დიდწილად არაძალადობრივები იყვნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პოლიციამ თავშეკავება გამოიჩინა, დაახლოებით შუაღამეს მათ წინასწარი გაფრთხილების გარეშე მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და შეკრებილი ადამიანები დააკავეს. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი და 32 ჟურნალისტი. ბევრ მშვიდობიან მოქალაქეს რეზინის ტყვიებისგან მიყენებული დაზიანებები აღენიშნება თავზე, ფეხებსა და ზურზე. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა," - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობის საკითხი დიდწილად ცალმხრივად დააყენა.

"მათ დაიწყეს გამოძიება და ბრალი წაუყენეს აქციის 19 მონაწილეს. პროკურატურამ დაზარალებულად აღიარა 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე. ბევრ დაშავებულ მომიტინგეს გამოძიების მასალების გაცნობის საშუალება არ მიეცა. სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულის სტატუსი ნოემბერში კიდევ სამმა ადამიანმა მიიღო,"- ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ სამ პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტებისა და დაკავებული მომიტინგის შეურაცხყოფისთვის ბრალი წაუყენა, სამივე მათგანი გირაოთი გამოუშვეს.

ორგანიზაცია სახალხო დამცველის აპარატის საქმეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დევნა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაზე, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურას გადაუგზავნა.

"სექტემბრისთვის ომბუდსმენის აპარატმა მიიღო 54 საჩივარი ციხის პერსონალის ან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და შუამდგომლობით მიმართა პროკურატურას 52 საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ. სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთ შემთხვევაზე არ განხორციელებულა," - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება, საუბარია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-თან ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

"გადაწყვეტილების შედეგად, ტელევიზია ყოფილ მფლობელს - ქიბარ ხალვაშს გადაეცა, რომელმაც განაცხადა, რომ 2006 წელს ის აიძულეს, ტელევიზია საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად გაეყიდა. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ სარჩელი ტელევიზიის ხელში ჩაგდების მიზნით ხელისუფლების მიერაა ორკესტრირებული.

ხალვაშმა ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია დანიშნა, რომელმაც პირობა დადო, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდა, თუმცა პაატა სალიამ მალევე გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერები, პოლიტიკური და გასართობი გადაცემების წამყვანები და ამის მიზეზად ახალი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მათი საჯარო განცხადებების გამო შექმნილი ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. ამ ნაბიჯის შემდეგ ტელევიზია თითქმის მთელმა ნიუსრუმმა დატოვა, რამაც მაუწყებლობის დროებით შეწყვეტა გამოიწვია.

აგვისტოში გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდება წაუყენა და განაცხადა, რომ მან ყალბი სარეკლამო შეთანხმების გაფორმებით ტელევიზიას 7,2 მილიონი ლარი დააკარგვინა. სასამართლომ გვარამიას გირაოს სახით 40,000 ლარის გადახდა დააკისრა,"- აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ გამოძიების დაჩქარებული წესით წარმოებას ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რომლის მიზანი ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის დევნაა.

"სექტემბერში გვარამიამ ახალი პროოპოზიციური მაუწყებელი "მთავარი არხი დააფუძნა", სადაც "რუსთავი 2"-ის ბევრი ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი დაასაქმა,"- აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაცია "ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზეც საუბრობს.

"ხელისუფლებამ ბრალდებები წაუყენა კიდე ერთი დამოუკიდებელი და კრიტიკული მაუწყებლის, "ტვ პირველის" დამფუძნებლის მამას, ავთანდილ წერეთელს. პროკურატურა გამოთქვამს ვარაუდს, რომ წერეთელი "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს 2008 წელს "უკანონო შემოსავლის" სახით მიღებული 17 მილიონი აშშ დოლარის ლეგალიზებაში დაეხმარა. სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს და დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს," - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, კვირის განმავლობაში დასვენებას, ღამის სამუშაოს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას, - ამის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სუსტი რეგულაციები და აქედან გამომდინარე შრომის პრაქტიკა, რომელიც ხშირად პრიორიტეტს წარმოების მიზანს ანიჭებს, ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას.

"მაგალითად, მანგანეცის ზოგიერთ მაღაროში მუშები მიწის ქვეშ 12 საათის განმავლობაში მუშაობენ, ღამის ჩათვლით, გადაბმულად 15 დღე, რაც იწვევს გადაღლას და ზრდის სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისა და დაშავების ალბათობას,"- აღნიშნულია ანგარიშში.

Human Rights Watch-ი წერს, რომ შრომის კანონთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შრომის ინსპექტირების გასაძლიერებლად ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ამ ცვილელებზე დებატები, ჯერჯერობით, არ გამართულა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შედეგად ქვეყანაში გასული წლის ოქტომბრის ჩათვლით დაიღუპა 36 და დაშავდა 107 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"