"ქვეყანა გაჩერებულია, ნაფოტივით მიჰყვება დინებას და სად გადაიჩეხება ღმერთმა უწყის - ღვთის გარდა, იმედი აღარ არის" - კვირის პალიტრა

"ქვეყანა გაჩერებულია, ნაფოტივით მიჰყვება დინებას და სად გადაიჩეხება ღმერთმა უწყის - ღვთის გარდა, იმედი აღარ არის"

"კოშმარია ის, რასაც NDI ასაჯაროებს იმიტომ, რომ ეს საზოგადოების მხრიდან არის სრული დეპრესიისა და აპათიის წინაპირობა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე", - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს NDI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას ამ დეპრესიაში და აპათიაში ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების საკითხმა.

"NDI- ს კვლევები ჩემთვის არ არის ისეთი სტანდარტი, რაც ერთი ერთზე უნდა მივიღოთ საზოგადოებაში არსებული განწყობების აღსაქმელად, მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ NDI ვიღაცის სასარგებლო კვლევებს აკეთებს და ეს კვლევები რეალობისგან ძალიან შორსაა. თუ ამ ციფრებს ავიღებთ როგორც მოცემულობას, ეს არის კატასტროფული ციფრები.

მე მართლა მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ამ დეპრესიაში და აპათიაში ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების საკითხმა. შეიძლება ბევრმა არც იცის პროპორციული არჩევნების მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად უკეთესი იყო პროპორციული არჩევნებით ხელისუფლების ბედის გადაწყვეტა 2020 წელს, მაგრამ ხალხმა დაინახა, რომ შეიძლება ხელისუფლება გამოვიდეს, საჯარო დაპირება გასცეს და მერე ეს პირობა არ შეასრულოს. ქვეყანა საერთოდ არ ვითარდება, რომელ ცუდ განვითარებაზეა საუბარი? ქვეყანა გაჩერებულია ერთ ადგილას, ნაფოტივით მიჰყვება დინებას და სად გადაიჩეხება ღმერთმა უწყის. არავინ, ღვთის გარდა, ამ ქვეყნის მშველელი და იმედი აღარ არის. რეალობა არის ძალიან მარტივი, ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. მოცემულობა მარტივია, არის ორი პოლიტიკური პოლუსი და "ქართული ოცნება" ყველანაირად ხელს უწყობს ერთადერთი ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობის" შენარჩუნებას ხელს.

როგორც ხელისუფლება არ ვარგა და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ისე არ ვარგა ოპოზიცია. ამას ხელი შეუწყო 2012 წლიდან "ქართულმა ოცნებამ", რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საშუალება მისცა გამხდარიყო მონოპოლისტი ოპოზიციურ სივრცეში. "ოცნებამ" დაამკვიდრა, რომ ოპოზიცია არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ რეალურად, ოპოზიცია არის საზოგადოების განწყობა", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

"ინტერპრესნიუსი"