"ოდნავ თავმოყვარეობა თუ აქვს ადამიანს, როგორ უნდა იმუშაოს ივანიშვილთან?" - კვირის პალიტრა

"ოდნავ თავმოყვარეობა თუ აქვს ადამიანს, როგორ უნდა იმუშაოს ივანიშვილთან?"

გახარიას განცხადება იყო ამბივალენტური განცხადება კაცის, რომელიც "ლაფატკაზე" ზის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც გიორგი გახარია საკადრო ცვლილებებზე საუბრობს.

უგულავას განცხადებით, "გახარია არა თუ გასაშვები, არამედ დასანიშნიც კი არ იყო".

"ფაქტია, რომ გახარიას პრემიერად დანიშვნა ხალხისთვის იყო სილის გაწვნა ივანიშვილის მხრიდან და თუ გახარია წავა, ეს იქნება ხალხის გამარჯვება იმ წნეხზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ამ დამნაშავის პრემიერად დანიშვნის გამო", - განაცხადა უგულავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, უგულავამ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ერთ წრეზე ტრიალებს.

"შოთაძეს აბრუნებენ და ჩხენკელი დააბრუნეს და თვითონ ივანიშვილი რომ მობრუნდეს, რა მერე?! ამხელა რესურსი აქვს კაცს და ნორმალური, ახალი ადამიანის მოძებნა აღარ შეუძლია. იმდენად ტოქსიკურები არიან, არავინ აღარ მოდის მათთან სამუშაოდ. როგორ შეიძლება ივანიშვილთან ადამიანი სამუშაოდ მივიდეს? ოდნავ თავმოყვარეობა თუ აქვს ადამიანს, როგორ უნდა იმუშავოს ივანიშვილთან? არ ასხივებს "ქართული ოცნება", რომ ის გრძელვადიანად იქნება. ამ წლის ბოლოს "ქართული ოცნება" აღარ იქნება", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მედიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. "ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ "დაგასპოილეროთ"? დაელოდეთ ფინალურ სერიას", - განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"