"ხელისუფლება დღემდე ვერ მიხვდა, როდის, სად და რა უნდა გააკეთოს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება დღემდე ვერ მიხვდა, როდის, სად და რა უნდა გააკეთოს"

"ელიტური კორუფცია იყო სააკაშვილის დროსაც და დარწმუნებული ვარ არის დღესაც, რაც, ძირითადად, ტენდერებს უკავშირდება"

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია. ამის შემდეგ დაწყებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების შედეგად, აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატი წარუდგინეს. მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომელიც ამ თანამდებობიდან "ხორავას ქუჩის საქმის" არასათანადო გამოძიების გამო სკანდალურად გადადგა. კანდიდატთა სიაში მისი მოხვედრა, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ მმართველი ძალა მას გენპროკურორად აბრუნებს. ისმის კითხვა, რატომ?

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან სწორედ შოთაძის მოსალოდნელი "მეორედ მოსვლის" შეფასებით დავიწყეთ:

ვახტანგ ძაბირაძე

- რა გითხრათ, ჩხენკელი დააბრუნეს, შოთაძეს აბრუნებენ და ამ ლოგიკით, უნდა ველოდოთ, რომ მთავრობაში დააბრუნებენ ჭიკაიძესაც და ბახტაძესაც. ხუმრობა იქით იყოს და,

მმართველ ძალას პრობლემები თავზე საყრელად აქვს, მათ შორის ერთ-ერთი უმწვავესი საკადროა. ეს უფრო ცხადად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რეიტინგის დაკარგვა დაიწყო და აშკარა შეიქნა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად საზოგადოების საკმარისი მხარდაჭერა არა აქვს. ასეთ დროს დიდი ფასი ედება ერთგულ პირებს, მით უფრო ძალოვან სტრუქტურებში, რომელთა იმედადაც ფიქრობს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას.

ეს ცხადყო იმ პროცესებმაც, რასაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული ვადევნებთ თვალს "ქართულ ოცნებაში" - ვნახეთ ძალის დემონსტრირება, პირთა თანამდებობიდან თანამდებობაზე გადანაცვლება და ა.შ. ძალოვან სტრუქტურებში რთულია პროფესიონალი კადრების შერჩევა, მით უფრო ათმაგად რთულია, როდესაც მხოლოდ პროფესიონალი და ერთგული კადრი კი არა, ერთგულებაში კარგად გამოცდილი კადრი სჭირდება პარტიას, რომელსაც წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნები აქვს. ასეთი ნამდვილად არის შოთაძე. ამიტომაც წამოაყენეს მისი კანდიდატურა და დარწმუნებული ვარ, ის კვლავაც გახდება გენერალური პროკურორი.

სამწუხაროდ, ამგვარია დღეს "ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკა. ისე, ამგვარი ექსპერიმენტების გამო, შესაძლოა, "ოცნებას" დიდი პოლიტიკური ფასის გადახდამ მოუწიოს.

- გამოქვეყნდა NDI-ს კვლევის შედეგები. როგორც წესი, მას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვება. პოლიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ არ სჯერა მისი სიზუსტის, ისმის ხშირად ქილიკიც, თუმცა ფაქტია, რომ გარკვეულ ტენდენციებს ეს კვლევები ასახავს. მაგალითად, პოლიტიკური პროცესისადმი საზოგადოების ნიჰილისტური განწყობა, ვფიქრობ, ადეკვატურად აისახა კვლევაში, რომლის მიხედვითაც არჩევნებამდე 9 თვით ადრე გამოკითხულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს. - გეთანხმებით, ამგვარი კვლევების შედეგების ზედმიწევნით სიზუსტეზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ არსებული ტენდენციები ნამდვილად აისახება, მით უფრო მაშინ, თუ კვლევა არჩევნებთან მიახლოებულ პერიოდში არ არის ჩატარებული. ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა მართლაც არ იცის, ვის მისცეს ხმა და ამას ობიექტური მიზეზი აქვს. ჩამოყალიბდა ვითარება, როდესაც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი განაყოფით ჰყავთ თავიანთი ელექტორატი, თან თითქმის თანაბარი რაოდენობის, რაც საპრეზიდენტო არჩევნებმაც აჩვენა, თუმცა ეს მხარდაჭერა ჯამურად 42%-ს არ გასცდენია. ის, რომ ამომრჩევლის 50%-ზე მეტი ჯერაც ჩამოუყალიბებელია საკუთარ არჩევანზე, განაპირობა იმან, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მიუღებელია ერთი ძალაც და მეორეც. ამომრჩევლის ეს ნაწილი კვლავაც ელის ახალ ძალას, ახალ პოლიტიკურ ცენტრს. თუ ასეთის ჩამოყალიბება მოხერხდა, მოყოყმანე ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ ძალაზე გადანაწილდება, თუმცა არა სრულად. კიდევ დარჩება არცთუ ცოტა ამომრჩეველი, რომელთა მიმხრობაზე იმუშავებენ "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც". დღევანდელი ვითარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი ძალის წინასაარჩევნო კამპანიები ისევ ნეგატივზე იქნება აგებული.

ამ კვლევაში არ მოხვდა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ბოლო დროის ყველაზე დიდი სიახლე - პარტია "ლელო", შესაბამისად, მისი შესაძლებლობები ჯერ გაზომილი არ არის. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას. თუ მომავალ კვლევებში მან "ევროპული საქართველოს" ტოლი რეიტინგი მაინც დადო, ეს აჩვენებს, რომ ამ ძალას ნამდვილად აქვს პერსპექტივა.

- კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 34-34%-ს დავით ბაქრაძისა და კახა კალაძის მიმართ აქვთ დადებითი დამოკიდებულება. ისინი უსწრებენ ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს... - დავით ბაქრაძეს ელექტორატი მშვიდ და გაწონასწორებულ პოლიტიკოსად აღიქვამს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მას თავისიანად მიიჩნევს არა მარტო "ევროპული საქართველო", არამედ "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატიც. ამიტომ ასეთი რეიტინგი რომ აქვს, სულაც არ არის გაუგებარი. პოლიტიკოსთა პირველ რიგებში რომ ვერ მოხვდნენ ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც მიხეილ სააკაშვილი, ეს უფრო იმის ბრალი მგონია, რომ საზოგადოება ახალ ლიდერებს ელის. შარშანდელ კვლევებს თუ გადავხედავთ, ხელისუფლებაში ორი ლიდერის რეიტინგი იყო გამორჩეული - კალაძისა და გახარიას. ამ უკანასკნელს ისეთი სამუშაოების ჩატარებამ მოუწია შს მინისტრობის თუ პრემიერობისას, წარმატების მიღწევა თუ შენარჩუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. რაც შეეხება კალაძეს, მან მოახერხა და რეიტინგი შეინარჩუნა. ის საინტერესო პოლიტიკოსად ყალიბდება. მართალია, ხანდახან სიტყვა გაურბის, მაგრამ რას ვიზამთ, იმედია, ამასაც მოუვლის. რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის პოლიტიკური მდივანია, თავის განცხადებებში მაინც ახერხებს ზომიერების შენარჩუნებას. თბილისის მერობა ისეთი თანამდებობაა, პოლიტიკოსისთვის შეიძლება ტრამპლინად იქცეს ან მისი პოლიტიკური კარიერა დაასამაროს. კალაძის მიმართ ბევრი პრეტენზია ისმოდა, გადათხრილი ქუჩების გამო ლამის ყველა წუწუნებდა, მაგრამ საბოლოოდ ყველა აცნობიერებს, რომ თუ ქუჩას არ გადათხრი, კომუნიკაციებს ვერ გამოცვლი და ქალაქის ინფრასტრუქტურასაც ვერ განავითარებ. საბოლოოდ ამ წუწუნმა შექმნა უფრო დადებითი გარემო, ვიდრე უარყოფითი, ჩამოყალიბდა განწყობა, რომ კალაძე მოვიდა მერად და ქალაქში საქმის კეთება დაიწყო. მას ნამდვილად აქვს საქმიანი კაცის იმიჯი. შესაძლოა, ნარმანიას იმავე პერიოდში არანაკლები საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ ამის წარმოჩენას ვერ ახერხებდა, კალაძემ კი ეს შეძლო. მან მეტ-ნაკლებად მოახერხა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, რაც მნიშვნელოვანია.

ბოლო ხანს ისმის კორუფციის თაობაზე განცხადებები. მან ამას წინათ თვითონ გააფრთხილა ხელქვეითები, ხელი არაფერზე წაგიცდეთო. რეალურად ამ თვალსაზრისით რა პრობლემებია ან კალაძე თუა დაკავშირებული კორუფციულ თემებთან, ამის თქმა გამიჭირდება, რადგან არაფერი ვიცი, თუმცა ელიტური კორუფცია იყო სააკაშვილის დროსაც და დარწმუნებული ვარ არის დღესაც, რაც, ძირითადად, ტენდერებს უკავშირდება. შესაბამისად, ამ მიმართულებით ქალაქის ხელმძღვანელობაშიც რომ აღმოჩნდეს დარღვევები, არ გამიკვირდება, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით კალაძის რეიტინგი სრულიად გასაგებია.

ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას - მე ვთქვი, რომ კალაძე ცდილობს მის გარშემო პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას, რაც თითქოს ბიძგს უნდა აძლევდეს ხელისუფლებას, რომ ამგვარი პოზიტივი გადაიტანოს საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ისმის კითხვა, რა აქვს ხელისუფლებას სათქმელი? - მე არ ვიცი, თუ თვითონ იცის, კარგი იქნება, ჩვენც გაგვაგებინოს. ხელისუფლება შეიძლება რაღაცებს კიდეც აკეთებს, მაგრამ დღემდე ვერ მიხვდა, როდის, სად და რა უნდა გააკეთოს. ამასაც გათვლა სჭირდება. სხვა პრობლემაა ის, რომ ამის წარმოჩენის გზები ვერაფრით მონახეს.

რაც შეეხება ოპოზიციას, იქაც არ არის პოზიტივის ადგილი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ლაპარაკით, ხელისუფლებაში ვიყავით და ბევრ რამეს ვაკეთებდითო, დაიღალა ხალხი, თანაც ამომრჩეველი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნებისგან" სხვადასხვა რამეს ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" 9 წელზე საუბრისას არავინ ამბობს, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ, იქ სხვა პრობლემები იყო - ადამიანის უფლებების ტოტალური შელახვა, საზოგადოებაში შიშის დანერგვის ცდები და ა.შ. რას უნდა ველოდოთ მათგან, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან? ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც პასუხი საზოგადოებას არა აქვს და შესაბამისად, ეშინია მისი ხელისუფლებაში დაბრუნების. ამიტომაც ისიც ვერაფერს სთავაზობს ამომრჩეველს, გარდა იმაზე ლაპარაკისა, რომ "ქართული ოცნება" უნიათოა, არაფერს აკეთებს, კორუმპირებულია და ა.შ.

თავის მხრივ, ამას "ქართული ოცნება" იყენებს - ელექტორატს მუდმივად ახსენებს, ჩვენ თუ არა, ის საშინელი 9 წელი დაგიბრუნდებათო. ამიტომაც პოლიტიკურ სივრცეში პოზიტიური დღის წესრიგისთვის ადგილიც არ რჩება. ტალახის სროლა ერთისთვისაც და მეორისთვისაც უფრო ადვილია, ვიდრე საქმის კეთება. სისტემურ და სტრუქტურულ ცვლილებებზე, რაც სჭირდება ქვეყანას, არავინ ლაპარაკობს.

- თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აღარ ჩატარდება, თუმცა ვიცით, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაიწყო დიალოგი საარჩევნო კოდექსის გასაუმჯობესებლად. თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ამ დიალოგს? - ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრები დაიწყო ამერიკის, ევროკავშირის, გერმანიისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლების ინიციატივით, ისინი არიან ინიციატორები და მოდერატორებიც, შესაბამისად, მათ რამე ცუდი რომ არ იფიქრონ, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც შეეცდებიან ამ ფორმატის შენარჩუნებას - დიალოგზე უარს არ იტყვიან, თუმცა, ჩემი აზრით, ამ შეხვედრებისგან შედეგს არ უნდა ველოდოთ. მეც გეთანხმებით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გამორიცხულია, ამას "ქართული ოცნება" არ დაუშვებს. მიუხედავად იმისა, ამ სისტემაზე გადასვლა საუკეთესო გზად და გამოსავლად მიმაჩნია, ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლების დიდი სისულელე იქნება, რადგან მაშინვე წააგებს არჩევნებს, რაც თავადაც კარგად იციან. ამ ეტაპისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი არის ადაპტირებული გერმანული მოდელი, მაგრამ ამაზე ხელისუფლების დათანხმებაც წარმოუდგენელი მგონია. ის კი, რაც ხელისუფლებამ შესთავაზა ოპოზიციას, მაჟორიტარების რაოდენობის შემცირება 50/100, თუნდაც იმ პირობების გარეშე, რაც ამას მოაყოლეს, ვფიქრობ, ოპოზიციისთვის დიდად არაფერს ცვლის, ამიტომაც ამას არც დათანხმდებიან. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, როგორც ვხვდები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნის მოლოდინში არიან, სადაც გაიგზავნა ოპოზიციის მომზადებული კანონპროექტი. საინტერესო იქნება ეს დასკვნა, თუ მანამდე ჩამოაღწევს საქართველოში, ვიდრე ამათი დიალოგი შეწყდება.

ოპოზიციასაც არანაკლები პრობლემები აქვს. ოპოზიციურ ფლანგზე ამტკიცებენ, მივაღწევთ შეთანხმებას მაჟორიტარების კანდიდატებზე და ერთიანი ფრონტით ვიბრძოლებთო, თან გარკვეულწილად რეანიმაცია მოახდინეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ლევან გაჩეჩილაძის დაპირებისა, გავიმარჯვებ, გავხდები პრეზიდენტი და საპრეზიდენტო ინსტიტუტს გავაუქმებო. ახლა ესენი გაიძახიან, გავიმარჯვებთ, შევქმნით ტექნიკურ მთავრობას, საარჩევნო წესს პროპორციული სისტემით შევცვლით და ახალ რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავთო. თუ ამგვარ რამეს სთავაზობ საზოგადოებას, იმაზე ხომ უნდა დაფიქრდე, მსგავსმა დაპირებამ წლების წინ როგორ იმუშავა ელექტორატზე - საზოგადოებას არც მაშინ სჯეროდა გაჩეჩილაძის დაპირების და არც ამათი დაპირების სჯერა დღეს ვინმეს. ოპოზიციის ავანგარდში მაინც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფები არიან, და როგორ შეიძლება ირწმუნო, თუ ეს ხალხი გაიმარჯვებს, ახალ არჩევნებს დანიშნავს და სააკაშვილს ხელისუფლებას არ გააკარებს?! მე არც იმის მჯერა დიდად, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეჯერებას მოახერხებს, თუმცა ვნახოთ.

- აშშ-ის ახალმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა უკვე დადო ფიცი. როგორ ფიქრობთ, ახალმა ელჩმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, მით უფრო წინასაარჩევნოდ? - ძალიან კარგია, რომ დაინიშნა ელჩი, ის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე იწყებს თავისი მოვალეობის შესრულებას. არ მიკვირს, რომ ამომწურავი ინფორმაცია აქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ერთია ინფორმაციის ფლობა, რაც ნამდვილად კარგია, და მეორეა ადგილზე ვითარების შესწავლა. ვფიქრობ, აქ ჩამოსული ბევრ რამეს სხვაგვარად დაინახავს. წინასაარჩევნოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის პოზიცია, ისევე როგორც ევროპის და გარკვეულწილად რუსეთისაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბოლოდროინდელ გამოსვლაში ამერიკელები ხაზს უსვამენ, საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო. გააჩნია, როგორ წავა არჩევნები, საარჩევნო სისტემის ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება წინასაარჩევნო პროცესიც და არჩევნების დღეც. თუ ძალიან თვალსაჩინო დარღვევები არ მოხდება, ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.

ისიც არის გასათვალისწინებელი, თვითონ ივანიშვილს რა სურს ამ არჩევნებისგან - სურს "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება შეინარჩუნოს და შემდეგი ოთხი წელი ისევ ჯვარს აცვან, თუ გარანტიები მიიღოს, ისევე, როგორც ჯერ შევარდნაძემ და შემდეგ სააკაშვილმა მიიღეს და თავი დაანებოს ქვეყნის მართვას, იცხოვროს ისე, როგორც მოუნდება... თუმცა ისიც საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევნის საშუალება?

- აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე უნდა გკითხოთ - აფხაზი საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციების შედეგად ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა. ახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მარტში გაიმართება. ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია იქნება, რომელმაც ვრცელი ინტერვიუ მისცა "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტ კობა ბენდელიანს, რომელშიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა: "დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არა აქვს"... საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში აფხაზი პოლიტიკოსები ქართულ მედიასთნ კონტაქტზე უარს ამბობდნენ. ამ ეტაპზე ვითარება შეიცვალა, ბოლო დღეებში ქართულ პრესასთან აქტიურად ურთიერთობს სერგეი შამბაც, რომელმაც ასევე დიალოგის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი... - დიდი დრო გავიდა 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული მოვლენებიდან. ამ დრომ ბევრი რამ გვაჩვენა ჩვენც და აფხაზებსაც. აფხაზებს რუსებმა გარკვეულწილად იმედი გაუცრუეს, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დღეს იქ პროქართული განწყობა მძაფრად შეიმჩნევა. იქ არის შიდაჯგუფურ-კლანური დაპირისპირებები, მაგრამ დღეს ვინც უნდა მოვიდეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში, რუსეთის წინააღმდეგ ვერ წავა, ეს გამორიცხულია.

აფხაზმა მოსახლეობამ რომც მოიწადინოს დანარჩენ საქართველოსთან კავშირის ამა თუ იმ ფორმით აღდგენა, აფხაზეთი უკვე იმდენად არის ოკუპირებულ-ანექსირებული, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას რუსეთის გარეშე ვერავინ შეძლებს.

ამ ოცდაათმა წელმა იმ აფხაზებსაც კი, ვისაც წრფელად სურდათ დამოუკიდებლობა, დაანახა, რომ არანაირი დამოუკიდებლობა არა აქვთ. გარდა ამისა, მათ მენტალური პრობლემები აქვთ რუსებთან - კავკასია მაინც სხვა რამ არის, რამდენადაც უნდა სურდეთ აფხაზებს რუსეთთან ურთიერთობა და სიახლოვე, საბოლოოდ მაინც არ გამოვა, რადგან მათ შორის დიდი მენტალური სხვაობაა... ვფიქრობ, ქართველებთან დიალოგი გულწრფელად სურთ, ამის წინააღმდეგი რუსეთიც არ იქნება, ოღონდ, თუ თვითონ გააკონტროლებს დიალოგის პროცესს. მნიშვნელოვანია ჩვენც მოვემზადოთ, დრო დადგა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს სხვა კუთხითაც შევხედოთ. ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს "ოკუპაციის შესახებ" კანონიც. ფრთხილი, მაგრამ კომპლექსური სტრატეგია გვჭირდება...