ხათუნა ლაგაზიძე: "ის, რომ "ოცნებას" აპოკალიფსი უდგას, ამ კვლევამ ვერ დამანახა" - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძე: "ის, რომ "ოცნებას" აპოკალიფსი უდგას, ამ კვლევამ ვერ დამანახა"

რამდენიმე დღის წინ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 20%, არც ერთი პარტია - 14%, უარი პასუხზე - 14%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13%, არ ვიცი - 12%, "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები" - 8%, ლეიბორისტული პარტია - 5%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4%, პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო" - 3%, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" - 3%, "გირჩი" - 2%, სხვა - 2%. ამავე კვლევის მიხედვით, ყოფილ პრეზიდენტს გამოკითხულთა უფრო მეტი ნაწილი აფასებს დადებითად, ვიდრე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს - სააკაშვილს დადებითად გამოკითხულთა 26% აფასებს, ხოლო ივანიშვილს - 17%. 27 ქართველ პოლიტიკოსს შორის ყველაზე მაღალი დადებითი შეფასების მაჩვენებლები აქვთ დავით ბაქრაძეს, კახა კალაძესა და შალვა ნათელაშვილს. კვლევაში "ევროპული საქართველოს" ლიდერსა და თბილისის მერს დადებითი შეფასების თანაბარი მაჩვენებელი - 34% აქვთ. თუმცა კალაძეს უარყოფითად 1%-ით მეტი აფასებს, ვიდრე ბაქრაძეს. რაც შეეხება ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, მას დადებითი შეფასების მაჩვენებელი 29% აქვს, უარყოფითი კი 25%. NDI-ს კვლევის შედეგებზე გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

- რეიტინგების შედეგები როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის სასურველისგან ძალიან შორს არის. ცხადია, საზოგადოება ისევ იმედგაცრუებულია მთელი პოლიტიკური სპექტრით. ამას ადასტურებს ისიც, რომ კვლევის თანახმადA, მოსახლეობის თითქმის ნახევარი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. დიდია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს, უარს აცხადებენ პასუხის გაცემაზე ან არ იციან, ვის დაუჭირონ მხარი, თუმცა ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობა აქვთ. ეს არის ამომრჩევლის ე.წ. ოქროს რესურსი, რომლის გადმობირებაზეც ოპოზიციამ უნდა იმუშაოს.

ამ ტიპის კვლევებში სხვადასხვა შეკითხვის პასუხები ერთმანეთს ავსებს და შორს მიმავალი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობაც ჩნდება. ამის საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: მაგალითად, 64% უკმაყოფილოა მთავრობის მუშაობით, 30% - კმაყოფილი. იმავდროულად, როდესაც პარტიების მხარდაჭერაზე მიდგა საქმე, ჯამურად მხოლოდ 40%-მა იცის, ხმას ვის მისცემდა.

ამ კითხვების ერთმანეთთან დაკავშირება გვაძლევს იმის ნათელ სურათს, რომ ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განწყობილი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერჯერობით არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აძლევს ხმას - ანუ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რიცხვი დიდია და მათ დიდ ნაწილს არ მოსწონს მთავრობის მუშაობა, რადგან 64%-ია ხელისუფლებით უკმაყოფილო, მაგრამ ეს პროცენტი სრულად არ არის გადანაწილებული ოპოზიციურ პარტიებზე. ეს არის ამომრჩევლის ის დიდი პოლიტიკური მასა, რომელზეც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა იმუშაოს, თუ უნდა საარჩევნოდ დღევანდელი მონაცემების გაუმჯობესება.

- რა დასკვნის საფუძველს გვაძლევს კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ "ოცნებას" მისცემს ხმას, მაგრამ 30%-ს მოსწონს მთავრობის საქმიანობა? - ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ერთი ნაწილი შეიძლება ხელისუფლების "ოქროს რესურსადაც" ჩაითვალოს. ამასთან, ხელისუფლება შეეცდება უკმაყოფილო ამომრჩევლის ნაწილიც შემოაბრუნოს თავისკენ.

ხელისუფლების მთავარი გამოწვევა ოპოზიციის ერთიანობაა. ამიტომ ახლა მისი მიზანი იქნება, ნებისმიერი ფორმით, ვთქვათ, თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის შეთავაზებით თუ ზურგს უკან გარიგებებით, ზოგის დაშანტაჟებით, ზოგის მოქრთამვით, ოპოზიციას გაერთიანების საშუალება არ მისცეს. კვლევამ აჩვენა, რომ ჯამურად ოპოზიციის რეიტინგი "ოცნების" რეიტინგზე მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" აგებს.

ვინმეს წარმოუდგენია, რომ "პატრიოტთა ალიანსი" "ქართულ ოცნებას" უგანებს და რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შეეკვრება? ის, რომ ახლა "ოცნებას" აპოკალიფსი უდგას, ამ კვლევამ ვერ დამანახა, რადგან ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ახერხებს ხელისუფლებით უკმაყოფილო ამომრჩევლის საკუთარ ამომრჩევლად გადაქცევას.

- კვლევაში "ლელო" არ მონაწილეობდა. ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა რეალური სურათი ცოტა სხვაგვარი იყოს? - როგორც ბადრი ჯაფარიძემ თქვა, "ლელომ" კვლევაში მონაწილეობაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ მაშინ პარტიად ჯერ კიდევ არ იყო რეგისტრირებული. იმ პერიოდში "ლელოს" კვლევაში რომ მიეღო მონაწილეობა, ძალიან დაბალ რეიტინგს მიიღებდა და ეს მათ იმიჯზე ცუდად აისახებოდა. რაც შეეხება არსებული სურათის "ლელოს" სასარგებლოდ შეცვლის შესაძლებლობას,

იმისთვის, რომ ჩამოუყალიბებელი ან იმედგაცრუებული ამომრჩევლის დიდი ნაწილი "ლელოსკენ" გადაიქაჩოს, ნამდვილად არ არის საკმარისი მისი ზედმიწევნით დუნე სტრატეგია. იმედია, "ლელოს" ლიდერები რადიკალურად შეცვლიან არჩეულ სტილს. უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას უნდა დაანახონ, რომ გამარჯვება ნამდვილად სურთ და შეუძლიათ.

სამი ძირითადი ფაქტორია, რის გამოც საზოგადოება ოპოზიციას მხარს არ უჭერს: პირველია იმედგაცრუება მათი წარსული ქმედებების გამო; მეორე - ოპოზიციის დიდ ნაწილს არა აქვს სისტემური ხედვა და სტრატეგია, ამომრჩეველს რას შესთავაზებენ ივანიშვილის გაშვების შემთხვევაში. თუმცა ამ მხრივ გამონაკლისია გიორგი ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებელი" და მამუკა ხაზარაძის საპროგრამო ხედვა "ლელოს" დაფუძნების ღონისძიებაზე; და მესამე ფაქტორი, რაც აუცილებელია ამომრჩევლის დასამუხტად - ხალხს ქვეყნის შენების სტრატეგიასთან ერთად, მოქმედების ისეთი ტაქტიკური ნახაზი უნდა დაანახო, რომ შენი გამარჯვების და კარგი სტრატეგიის რეალიზაციის შესაძლებლობაში დაარწმუნო. დღეს ქართულ პოლიტიკაში ახალი "პოლიტიკური ელმავლის" დეფიციტია.

2003 წელს "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციას წარმოადგენდა, პოლიტიკური ელმავლით - მიხეილ სააკაშვილი სათავეში, ისევე როგორც 2012 წელს კოალიცია იყო "ქართული ოცნება", ხოლო ბიძინა ივანიშვილი მისი ელმავალი. ახლა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ახალი ელმავალი არ ჩანს. ამ ფუნქციას ისევ სააკაშვილი და ივანიშვილი ითავსებენ, დანარჩენი პოლიტიკური ძალები მხოლოდ ვაგონები არიან. საზოგადოება კი არ გაჰყვება ელმავლის გარეშე დარჩენილ ვაგონს. სანამ ახალი ელმავალი არ გამოჩნდება, ეს "ვაგონები", "ლელოს" ჩათვლით, სტატიკურ მდგომარეობაში იქნებიან. "ლელოს" პოლიტიკური წონა მხოლოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს და ისურვებს თუ არა ახლო მომავალში "ელმავლობას".

- NDI-ს 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მოსახლეობის 15% კოალიცია "ქართულ ოცნებას" ასახელებდა, 13% - "ნაციონალურ მოძრაობას"; 6% - "თავისუფალ დემოკრატებს"; მოსახლეობის 36%-მა არ იცოდა, თუ ვის მისცემდა ხმას. თქვენი ვერსიით, რას გვეუბნება ეს მოცემულობა? - ესე იგი, 2016 წელს "ნაცმოძრაობიდან" "ევროპული საქართველო" ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი. შესაბამისად, თუ "ნაციონალებს" დღესაც 13%-იანი რეიტინგი აქვთ, ხოლო "ევროპულმა საქართველომ" 8% აკრიფა, ეს ნიშნავს, რომ "ნაციონალების" რეიტინგი გაზრდილა.

რაც შეეხება "ოცნების" რეიტინგს, 2016 წელს მას 15% ჰქონდა, წელს კი 20% აქვს. ეს ძალიან უცნაურად მეჩვენება. წესით, 2016 წელთან შედარებით მმართველი გუნდის რეიტინგი 2019 წლის ბოლოს გაცილებით დაცემული უნდა ყოფილიყო და პირიქით: 2016-ში "ოცნებას" უფრო მეტი მხარდამჭერი უნდა ჰყოლოდა და ჰყავდა კიდეც, ვიდრე 2019 წლის ბოლოს. 2016 წლამდე "ოცნებას" ამდენი შეცდომა ნამდვილად არ ჰქონდა დაშვებული. მე ვერ ვხედავ ფაქტორებს, რომლებიც "ოცნებას" ამ წლების განმავლობაში რეიტინგს აუწევდა. ამდენად, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი კითხვაზე პასუხს კვლევის ავტორებისგან: რის ხარჯზე გაეზარდა რეიტინგი და მხარდამჭერთა რაოდენობა "ოცნებას" 2016-2019 წლამდე შუალედში ან როგორ ჰყავდა "ოცნებას" 2016-ში უფრო ნაკლები ხმის მიმცემი, ვიდრე 2019 წლის ბოლოს?

ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ამ კვლევითი ორგანიზაციის დასახელებული ციფრები, სულ ცოტა, გაუგებრობას იწვევს.

- წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, კახა კალაძე და დავით ბაქრაძე ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსები არიან. - თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებიდან საკუთარ იმიჯზე ზრუნვას კახა კალაძის გარდა ყველა ერიდებოდა და დღესაც ასეა, ქალაქის მერის რეიტინგი ლოგიკურად მიმაჩნია.

- რატომ ფიქრობთ, რომ "ოცნების" სხვა ლიდერებს პიარის ეშინიათ? - "ქართული ოცნება" არის პოლიტიკური პარტია, რომელიც საკუთარ ლიდერებს ჭამს. ფაქტია, როგორც კი მათ შორის ვინმე ლიდერული თვისებებით, ქარიზმით გამოიკვეთება, მაშინვე იწყება მისი დაძირვის ორგანიზებული კამპანია. მხოლოდ კალაძემ გაბედა და თავისი საქმეების გაპიარებას არ მოერიდა.

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, სავარაუდოდ, მის რეიტინგს მისი გაწონასწორებული პერსონა განაპირობებს. არადა, გამოცდილება გვეუბნება, რომ გაწონასწორებული ლიდერები არჩევნებს ვერ იგებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაქრაძე არის "ევროპული საქართველოს" ლიდერი, ესე იგი, ის წარმოადგენს პარტიას, რომლის რეიტინგიც 8%-ს ვერ ასცდა და თუ ხალხს გაწონასწორებული ლიდერები მოსწონს, გაწონასწორებული პოლიტიკური პარტიები რატომ არ მოსწონს?

- არის თუ არა მაღალრეიტინგული კალაძე საფრთხე ივანიშვილისთვის და რამდენად რეალურად გეჩვენებათ ვერსიები იმის შესახებ, რომ პროკურატურამ შესაძლოა კალაძეს კორუფციული გარიგებები ამოუქექოს? - იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ "ოცნება" ლიდერების გამოჩენას საკუთარ წიაღშიც კი არ მიესალმება, თქვენ მიერ ნახსენებ ვერსიას საფუძველი ნამდვილად აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, რადგან პარტიის მთელი ვერტიკალი დიდწილად კალაძის კადრებზეა აგებული, ის რომ მოიშორონ, ვინღა დარჩება "ქართულ ოცნებაში"? ვფიქრობ, უფრო გარემოცვას შეუტევენ.

- არის ასეთი ვერსიაც - შესაძლოა ივანიშვილი კალაძის სახით მისთვის სასურველი ოპოზიციონერი ლიდერის შექმნას ცდილობს. - მგონი, "ოცნებას" კალაძის რეიტინგი უფრო აფრთხობს, ვიდრე ოპოზიციონერი ლიდერების, ამიტომ არა მგონია, ასეთ რისკზე წავიდეს.

- კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს 26%, ხოლო ივანიშვილს 17%-იანი რეიტინგი აქვს, იმით არის განპირობებული, რომ ივანიშვილზე განაწყენებულ ამომრჩეველს ისევ სააკაშვილის დაბრუნება უნდა, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აქტუალური აღარ არის? - ივანიშვილი არის აწმყო, სააკაშვილი წარსული, მოსახლეობას აწმყო უფრო აწუხებს, ვიდრე წარსული. შესაბამისად, პასუხსაც მას სთხოვენ, ვინც აწმყოშია ხელისუფლებაში.

- პრემიერ-მინისტრ გახარიას 27%-იან რეიტინგს როგორ ახსნით? - პრემიერობით მან მძიმე ტვირთი იკისრა. ისიც დღემდე მიკვირს, რატომ აიღო თავის თავზე სრულად 20 ივნისის ტვირთი და დიდწილად სხვისი დანაშაული. სიმართლე გითხრათ, ვერც მისი გაპრემიერების მიზანი გავიგე და ვერც მისი შესაძლო მოხსნის მიზეზი. როგორც ჩანს, პრემიერის პოსტზე მის მოყვანასაც და გაშვებასაც რაღაც სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი საბაბი აქვს.

- რას გულისხმობთ? - შესაძლოა მისი არც დანიშვნა და არც გათავისუფლება მხოლოდ ივანიშვილის გადაწყვეტილება არ არის.

- გენპროკურორის პოსტზე შოთაძის დაბრუნებას რით ახსნით? "ოცნება" წინასაარჩევნოდ ოპონენტების პოლიტიკური დევნისთვის ემზადება, თუ საკვანძო თანამდებობებზე ახალი კადრების მოზიდვა უკვე უჭირს? - მგონი, ახლა "ოცნებას" ისე სჭირდება ყველა რესურსის მობილიზება, რომ თუ დასჭირდა, ოპოზიციის გასანეიტრალებლად პოლიტიკოსების დაკავებასაც არ მოერიდება. თუმცა არ არის გამორიცხული, იმისთვის, რომ პოლიტიკურ დევნაში არ დაადანაშაულონ, პარალელურად კორუფციასთან ბრძოლა საკუთარი გუნდის წევრებიდან დაიწყონ. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც ჩანს, ერთგულებაში გამოცდილი კადრების დაბრუნება იმაზე მეტყველებს, რომ ივანიშვილი ერთგვარ ციტადელს აგებს ხელისუფლების გარშემო.

ხათუნა ბახტურიძე