"კალაძემ ერთ დროს დაჩაგრა ღარიბაშვილი, ახლა კი ღარიბაშვილი ეცდება, დაჩაგროს კალაძე" - კვირის პალიტრა

"კალაძემ ერთ დროს დაჩაგრა ღარიბაშვილი, ახლა კი ღარიბაშვილი ეცდება, დაჩაგროს კალაძე"

"კალაძემ კარგად იცის, რომ ივანიშვილისა და "ოცნების" გემი იძირება. ცდილობს თავი დაიზღვიოს და ჰქონდეს პოლიტიკური პერსპექტივა. ამიტომ არის შეთვლა-შემოთვლის რეჟიმში. ვის, როგორ, რანაირად - ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ძალიან სანდო ხალხმა მითხრა ეს და მათ არ გავცემ"

რა შემოუთვალა კალაძემ ოპოზიციას და რატომ ითხოვს ოპოზიციისგან ხელშეუხებლობას? ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.

- "ოცნებაში" დარჩენილი სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, კალაძე თავის პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს და კარგად იცის, რომ ივანიშვილისა და "ოცნების" გემი იძირება. ცდილობს თავი დაიზღვიოს და ჰქონდეს პოლიტიკური პერსპექტივა. ამიტომ არის შეთვლა-შემოთვლის რეჟიმში. ვის, როგორ, რანაირად - ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ძალიან სანდო ხალხმა მითხრა ეს ამბავი და მათ არ გავცემ, სულ რომ მაწამოთ.

- ოპოზიციისგან ითხოვს ხელშეუხებლობას? უცნაურია...

- დღეს არა გვაქვს ბერკეტები, მაგრამ ამ წლის ბოლოს დიდი ცვლილებები მოხდება ქვეყანაში და "ქართული ოცნება" აღარ იქნება ხელისუფლებაში.

- არადა, ამ ბოლო დროს ყველაზე მწვავე განცხადებებით სწორედ კალაძე გამოირჩევა. მისგან ასეთი რამ დაუჯერებელია.. - ეს მისი საჯარო პოზიციაა. ასე უნდა ილაპარაკოს, თორემ ივანიშვილთან ურთიერთობა უფრო გაურთულდება.

ერთი თვეა, ანტიკორუფციული სააგენტო სუს-ში იბარებს მერიის ჩინოვნიკებს და "არქი ჯგუფის" დამფუძნებელ ილია წულაიას, რომელიც კალაძის ძმაკაცია. ივანიშვილი აპირებს, ეს საქმე გამოიძიოს, როგორც სჩვევია, თაროზე შემოდოს და მერე, თუკი დასჭირდება, მერიის მაღალჩინოსნებს კალაძის წინააღმდეგ მიაცემინოს ჩვენება. ეს სჭირდება, რომ კალაძის ლოიალურობა და მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდეს. იმიტომ ცდილობს კალაძე, ერთგულება დაუმტკიცოს ივანიშვილს.

- დაპატიმრებებსაც ელოდებით? - არა. კვირიკაშვილის საქმეზე რა მოხდა, ხომ გახსოვთ?

- ანუ დამოკლეს მახვილივით დაეკიდება ეს გამოძიება კალაძის თავზე? - ასეა. ასეთივე საქმეებია ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ამით მოიპოვა ივანიშვილმა ღარიბაშვილის ლოიალურობა. ახლა მიემატება კალაძეც.

- და რაში სჭირდება ივანიშვილს კალაძის წინააღმდეგ ბრძოლა? - ივანიშვილი თავის გარემოცვას კომპრომატებით აკონტროლებს. ვიღაცის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ზოგის წინააღმდეგ სხვა სახის კომპრომატები აქვს... უდევს თაროზე და როცა დასჭირდება, გამოიყენებს.

- და მაინც, ვიხილავთ თუ არა კალაძეს ოპოზიციაში?

- არ ვიცი, ვნახოთ... მაგრამ აშკარაა, რომ კალაძე თავის პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს.

- ეს ნიშნავს თუ არა, რომ "ოცნებაში" ფეხს ირაკლი ღარიბაშვილის ჯგუფი იკიდებს? როგორც ვიცით, კალაძესა და ღარიბაშვილს არცთუ მეგობრული ურთიერთობა აქვთ... - ერთ დროს კალაძემ დაჩაგრა ღარიბაშვილი, ახლა კი ღარიბაშვილი ეცდება, დაჩაგროს კალაძე და ანგარიში გაუსწოროს. იმის ნაცვლად, ვხედავდეთ, ქვეყანა როგორ ცდილობს სიღარიბიდან ამოსვლას, ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა ანგარიშსწორებას. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! ვითარება უნდა შევცვალოთ.

- ენ-დი-აის კვლევაში თქვენი მოძრაობა ვერ მოხვდა. მონაცემებზე რას ფიქრობთ? - ჩემი მოძრაობა პარტია არ არის და კვლევაში ვერ მოვხვდით, თუმცა პიროვნებათა რეიტინგში ჩემი მზარდი რეიტინგი მომეწონა. პარტიას მალე ჩამოვაყალიბებთ და სოლიდურ შედეგებსაც ვაჩვენებთ.

- ვის ვიხილავთ თქვენს პარტიაში? - ბევრთან გვაქვს მოლაპარაკება.

- რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობას გეგმავთ?

- მარტო ვიქნები. არავისთან თანამშრომლობაზე არ ვფიქრობთ.