"შოთაძე რეზერვში გადანახული კადრია და საჭირო დროს კოზირად გამოიყენეს" - კვირის პალიტრა

"შოთაძე რეზერვში გადანახული კადრია და საჭირო დროს კოზირად გამოიყენეს"

"შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიები არ არის, ვფიქრობ, საჭიროების შემთხვევაში ივანიშვილი ისევე შეაწმენდს ხელს, როგორც გახარიას შეაწმინდა 20 ივნისის ღამეს. გახარია ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მორჩილად უნდა მოიცხოს ჩინოვნიკმა ტალახი, თუ კარიერული წინსვლა უნდა"

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გენპროკურორის პოსტზე ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ თავად შოთაძესთან შეთანხმებით წარუდგინა. "განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის ბატონი ირაკლის კანდიდატურაც. შემდეგ კანდიდატურათა ნუსხა გადაეგზავნა აკადემიურ საბჭოს. მათ შეარჩიეს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და წარადგინეს იმ ორგანოში, ვინც ამ საკითხს წყვეტს. ირაკლი შოთაძე ნამდვილად მუშაობს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. არის ასოცირებული პროფესორი, უძღვებოდა საგანს "მტკიცებითი სამართალი", მაგისტრატურის სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს", - განაცხადა გაბისონიამ. მისივე თქმით, აკადემიურ საბჭოზე ირაკლი შოთაძესთან ერთად რამდენიმე მოქმედი პროკურორის კანდიდატურაც განიხილებოდა, რომლებიც სტუ-ს ლექტორები არიან. "სახელებსა და გვარებს მათი თანხმობის გარეშე ვერ დავასახელებ. ირაკლი შოთაძე ძალიან კარგად კითხულობს ლექციებს. პროფესიონალი იურისტია. შემიძლია თქვენც დაგასწროთ მის ლექციებს. ნახავთ, როგორი ანშლაგია, სტუდენტების დაინტერესებაა... რატომ ირაკლი შოთაძე? იმიტომ, რომ ალბათ, უფრო მეტი გამოცდილება აქვს. მენეჯერული თვისებებიც უნდა ჰქონდეს ამ თანამდებობისთვის, ალბათ, ამაზე გააკეთეს აქცენტი... ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება", - განაცხადა დეკანმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებენ საპროკურორო საბჭოს, გადამდგარი პროკურორის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ. ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ შოთაძემ საზოგადოების ნდობა დაკარგა და მის საქმიანობაზე დღემდე არსებობს უპასუხო კითხვები. ოპოზიციონერი ლიდერების აზრით, გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება მიანიშნებს, რომ "ქართული ოცნება" თადარიგს იჭერს 2020 წლის მძიმე არჩევნებისთვის. "ოცნება" 2020 წლის საარჩევნო სამზადისისთვის მხოლოდ შოთაძის დაბრუნებით არ შემოიფარგლება, ლაპარაკია თვით ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე პრემიერის პოსტზე. ოპოზიციონერები უფრო შორსაც მიდიან და ირწმუნებიან, რომ მინისტრთა კაბინეტში მამუკა ბახტაძეც ბრუნდება. ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოიაზრება, დავით ზალკალიანს კი შესაძლოა ამერიკაში დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელობა დაევალოს. ამ თემაზე ლია მუხაშავრია გვესაუბრება.

- შოთაძე ივანიშვილის ერთგულებაში კარგად გამოცდილი, 2020 წლის არჩევნებისთვის შეუცვლელი კადრია. დარწმუნებული ვიყავი და დადასტურდა კიდეც, რომ შოთაძე რეზერვში გადანახული კადრია და საჭირო დროს კოზირად გამოიყენეს. ახლა ხელისუფლება გვეუბნება, რომ ყველა ძალოვანი უწყება მის ხელშია და არავის არაფერი შეეშალოსო. მე გულწრფელად მწყდება გული, რომ ხელისუფლებას, რომელიც ერთ დროს ასეთი იმედით ავირჩიეთ, ყრუები და ბრმები ვგონივართ. გარდა იმისა, რომ არ იციან საკუთარი ხალხის ხასიათი, სრულ პოლიტიკურ უკულტურობას ამჟღავნებენ და ჰგონიათ, ხელების გადაგრეხის პრინციპით სასურველ შედეგს მიიღებენ.

- ფიქრობთ, რომ შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება პოლიტიკური რეპრესიების დაწყების მანიშნებელია?

- ყველაფერი ცხადყოფს, რომ "ოცნებას" ივანიშვილისგან დავალებული აქვს, ყველაფრის ფასად მოახერხოს ხელისუფლების შენარჩუნება. ისევე როგორც ყველა სხვა სტრუქტურა, პროკურატურაც არაფორმალურ მმართველობას დაექვემდებარება. უდავოა, რომ ფარცხალაძე გააგრძელებს არაფორმალურ შეხვედრებს სარდაფებში, ხოლო საქმეებს ფორმალურად აღძრავს და საპროკურორო ზედამხედველობას შოთაძე გასწევს. ეს ორი ადამიანი შესანიშნავად მუშაობს ტანდემში.

- რატომ უნდა წავიდეს "ოცნება" ასეთ წამგებიან ნაბიჯზე? - ხელისუფლება ყოველთვის წამგებიან ნაბიჯზე მიდის, როდესაც ნდობას კარგავს. ივანიშვილი იმდენად უგუნურია, სააკაშვილის კი არა, საკუთარი შეცდომებითაც ვერაფერს სწავლობს. ჰგონია, ამ საარჩევნო კარუსელით ფონს გავა. ჩემი აზრით, შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიები არ არის, ვფიქრობ, საჭიროების შემთხვევაში მას ისევე შეაწმენდს ხელს, როგორც გახარიას შეაწმინდა 20 ივნისის ღამეს. გახარია ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მორჩილად უნდა მოიცხოს ჩინოვნიკმა ტალახი, თუ კარიერული წინსვლა უნდა.

- თუმცა ახლა ლაპარაკია არა გახარიას კარიერულ წინსვლაზე, არამედ მის ჩამოცილებაზე პრემიერის პოსტიდან. - მე ეს სარწმუნო ვერსიად არ მიმაჩნია. არც ის მგონია, პრემიერის პოსტზე ივანიშვილი დაბრუნდეს. რაში სჭირდება ზედმეტი თავსატეხი? ურჩევნია, როგორც ახლაა, მომავალშიც კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა იდგეს და პასუხს არაფერზე აგებდეს. ნებისმიერ რთულ ვითარებაში შეუძლია შექმნილი პრობლემა სხვას გადააბრალოს და თუ საჭირო გახდება, სამართლებრივად აგებინოს პასუხი.

- ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის გულის მოსაგებად საკუთარი გუნდის წევრების სამართლებრივ დევნასაც დაიწყებს?

- წარმოიდგინეთ, რამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევს კახა კალაძის დაჭერა. ივანიშვილი გამოვა და როგორც სჩვევია, შეწუხებული სახით იტყვის, კალაძე პატიოსანი კაცი მეგონა და მისი რეალური სახის ამოცნობაში შევცდიო.

- თქვენ რეალურად გაქვთ ინფორმაცია, რომ კალაძის სამართლებრივი დევნა დაიწყება, თუ გავრცელებულ მოსაზრებებზე დაყრდნობით ამბობთ?

- გავრცელებულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ლოგიკური ანალიზის ჯაჭვს მივყვები.

- კალაძის სამართლებრივი დევნა და ამით "ოცნებისთვის" ყველაზე რეიტინგული ლიდერის ჩამოშორება ივანიშვილს ხელს რატომ უნდა აძლევდეს? - ზუსტად მაგ მაღალი რეიტინგის გამო გაწირავს.

- რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ, რომ ზაზა სარალიძე შოთაძის გენპროკურორად დაბრუნებას ბრძოლის ველზე ღირსეულად დაბრუნებად მიიჩნევს? - შვილმკვდარი მამაა, მასზე არაფრის თქმა არ შემიძლია.

- ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სარალიძე ზეწოლის ან შანტაჟის მსხვერპლია? - ზაზა სარალიძე ისეთი გამწარებულია, არა მგონია, მასთან შანტაჟმა გაჭრას, მის წინააღმდეგ ბევრად მიუღებელი და ამორალური ხერხებია გამოყენებული.

- რას გულისხმობთ? - არ მინდა ამ თემაზე საუბარი.

- თუ ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა დაიწყო, რა შედეგს მიიღებს არჩევნებზე? - ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ შედეგი მისთვის სასურველი ნამდვილად არ იქნება...

ხათუნა ბახტურიძე