"ისინი ინფორმაციას იღებენ იმ ცნობილი ქართული ორგანიზაციებისგან, რომლებიც "ნაციონალების" ორბიტაზე მოძრაობენ" - კვირის პალიტრა

"ისინი ინფორმაციას იღებენ იმ ცნობილი ქართული ორგანიზაციებისგან, რომლებიც "ნაციონალების" ორბიტაზე მოძრაობენ"

რატომ უჭერს უმრავლესობა ირაკლი შოთაძის უკან დაბრუნებას მხარს და რატომ აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშს? ამ საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის ვესაუბრეთ.

- ვერ ამოვხსენი ის ფენომენი, რატომ შეიძლება ენ-დი-აიმ შეინარჩუნოს კონტრაქტი ისეთ ქართულ ორგანიზაციასთან, რომელმაც ათეული წლების განმავლობაში კვლევის შედეგი ერთხელაც ვერ მიუახლოვა არჩევნების შედეგებს. არც ერთ ჩემს ნაცნობსა თუ ნაცნობის ნაცნობს ამ გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიუღია. გაუგებარია ფოკუსჯგუფების შერჩევის მათი ტექნოლოგია ან რესურსი, რასაც მათი საქმიანობა ემყარება. არის მეორე ნაწილიც, რომელიც ეხება სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. მდგომარეობა გამოსწორებულია, ეს ციფრებით არის გამოხატული, თუმცა პრობლემები ჯერ მოგვარებული არ არის, ამ გამოკითხვაში კი ეს არ ჩანს.

- რაც შეეხება შოთაძის შესაძლო დაბრუნებას გენერალური პროკურორის პოსტზე... - ვიცნობ ირაკლი შოთაძეს, გადავხედე მის საქმიანობას, მაშინდელ რეფორმებს და ვფიქრობ, ძალიან კვალიფიციური და წესიერი ადამიანია. მის გადადგომას მხარს არ ვუჭერდი, მას ბრალი ნაკლებად მიუძღოდა, მაგრამ თვითონ იგრძნო პასუხისმგებლობა და გადადგა, რათა გამოძიებისთვის ხელი არ შეეშალა.

- ოპოზიცია ფიქრობს, რომ შოთაძის დაბრუნებით პროკურატურა ისევ ფარცხალაძის ხელში აღმოჩნდება... - არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოსაზრებებს ვერ გავითვალისწინებთ.

- შოთაძეს გადადგომა აქციების ფონზე მოუხდა. ამის გათვალისწინებით მისი დაბრუნება "ოცნების" იმიჯს არ დააზიანებს? - აქციებს ჰქონდა საფუძველი, მაგრამ ეს საფუძველი შექმნა სასამართლო სისტემამ. აქამდე თუ სმენია ვინმეს, რომ სასამართლო პროკურატურის წინააღმდეგ გამოსულიყო? წლების განმავლობაში სასამართლო პროკურატურის კანტორა იყო...

- სასამართლომდე პროკურატურამ არ გამოიძია საფუძვლიანად ხორავას ქუჩის საქმე.

- არ არსებობს მსოფლიოში ისეთი უწყება, რომელიც 100%-იან პოზიტიურ შედეგს აჩვენებს. არ გამოვრიცხავ, რომ გამოძიებას სერიოზული საკითხები გამორჩა და არ იყო ისეთი კომპეტენტური, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საკითხის გამოუძიებლობა არავის ინტერესის საგანი არ ყოფილა. შოთაძეც ამიტომ გადადგა.

- Human Rights Watch-ის ანგარიშს რატომ არ ეთანხმებით? კონკრეტულად რა უზუსტობებია ამ დოკუმენტში? - ამ ანგარიშში არის ისეთი საკითხები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც. თუ რამე ცუდი აქვს ჩადენილი "ნაციონალურ მოძრაობას""მმართველობის პერიოდში, ეს არის ადამიანის უფლებათა უპრეცედენტო დარღვევები, დღეს კი ისინი რატომღაც Human Rights Watch-ის პოზიციას იზიარებენ. ეს უზნეობაა. განვიხილოთ ამ ორგანიზაციის დასკვნის ნებისმიერი პუნქტი და დავინახავთ, რომ საკითხები არც აქვთ შესწავლილი, ისეა გამოქვეყნებული დასკვნები, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიიღეს. ეს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია ხშირად თავის კვლევას აფუძნებს მიღებულ ინფორმაციაზე და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს.

- კონკრეტულად ვისგან იღებს ინფორმაციას? - თითს ვერ დავადებ, მაგრამ ისინი ინფორმაციას იღებენ იმ ცნობილი ქართული ორგანიზაციებისგან, რომლებიც "ნაციონალების" ორბიტაზე მოძრაობენ.

- ხელისუფლება რატომ არ აწვდის ამ ორგანიზაციას ინფორმაციას? - Human Rights Watch-ი ხელისუფლებისაგან არ იღებს ინფორმაციას. ის ეძებს კრიტიკულ თემებს, რაც დამახასიათებელია არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, მაგრამ კრიტიკული თემების ძებნაში ობიექტურობა არ უნდა დაიკარგოს.

- შეცვლის თუ არა გახარიას თალაკვაძე?

- გახარიას მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია და სამთავრობო ცვლილებების რაიმე საფუძველი არ არსებობს; არც ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს.