"ხელისუფლებას არ მივცემთ შეხვედრების დასრულების ფუფუნებას" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას არ მივცემთ შეხვედრების დასრულების ფუფუნებას"

"რინგზე გამოსული ადამიანები ზუსტად იმდენს ბედავენ, რამდენიც ჰგონიათ, რომ შერჩებათ. რა ილუზიები ექნება ივანიშვილს, შერჩება თუ არა ჯაფარიძე-ხაზარაძის შესაძლო უსაფუძვლოდ დაპატიმრება, ეს დამოკიდებულია მისი შფოთვის ხარისხზე. თუ ჩათვლის, რომ სხვა არაფერი დარჩენია ოპონენტების გასანეიტრალებლად, შეიძლება დაპატიმრებაზეც წავიდეს", - ამბობს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი.

- დღევანდელი და ყოფილი ხელისუფლება საერთო ჯამში სადღაც 35%-ის მიდამოებშია. ეს კი ნიშნავს, რომ "ოცნება" შესაცვლელია, თუმცა არა ყოფილი ხელისუფლებით. მოსახლეობის 65% სიახლეს ითხოვს. ახალი პარტიის პრეტენზია და ამბიცია კი აქვს "ლელოს", რომელიც ამ კვლევაში არ იყო, რადგან მაშინ პარტია არ არსებობდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ დიდი ნაწილი თუ არა, უმრავლესობა მაინც "ლელოს" პოტენციური ამომრჩეველია.

- არჩევნებზე ეს შედეგი რომ დამდგარიყო, როგორ განვითარდებოდა პროცესები?

- ეს კითხვა სხვა პროფესიის ხალხს მივანდოთ, ვინც მომავლის გამოცნობაზე ან წარსულის რეკონსტრუქციაზეა ორიენტირებული. მე 2020 წლის არჩევნების შედეგი მაინტერესებს და არა თეორიული ამბები.

- თუ 2020 წლის არჩევნებზე ეს შედეგი დადგა, რომელი სცენარის განვითარებას ელით?

- 2020 წელს ასეთი შედეგი არ იქნება, იმიტომ, რომ ასპარეზზე სხვა პოლიტიკური ძალებიც გამოვლენ. ამ არჩევნებს მოიგებს ის ძალა, რომელიც ქვეყანას ჩიხიდან და ორპოლუსიანობიდან გამოიყვანს. ეს შედეგი ზუსტად ამაზე მიანიშნებს. ვერც მოქმედი ხელისუფლება ინარჩუნებს ძალაუფლებას და ვერც ყოფილი დაბრუნდება.

- ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებზე რას ფიქრობთ, ეთანხმებით, რომ 20 ივნისს ივანიშვილის ხელისუფლება წკიპზე გადარჩა? - მის განცხადებებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორი უნდა იყოს ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, ის არ უკავშირდება ყოფილ თუ დღევანდელ ლიდერებს...

- თქვენი ვარაუდით, გომელაურის უწყება 20 ივნისის საქმეზე დაკავებებს გააგრძელებს? - ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მსგავსად პოლიტიკურ ოპონენტებს არგუმენტით კი არა, რეპრესიული მეთოდებით უსწორდება, ფაქტია.

- როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ დააკავებენ თუ არა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს? - რა ილუზიები ექნება ივანიშვილს, შერჩება თუ არა ჯაფარიძე-ხაზარაძის უსაფუძვლოდ დაპატიმრება, ეს დამოკიდებულია მისი შფოთვის ხარისხზე. თუ ჩათვლის, რომ სხვა არაფერი დარჩენია ოპონენტების გასანეიტრალებლად, შეიძლება დაპატიმრებაზეც წავიდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს დააჩქარებს ხელისუფლების ცვლილებას და არანაირად არ შეასუსტებს პოლიტიკურ ორგანიზაცია "ლელოს".

- რას ფიქრობთ Human Rights Watch-ის ანგარიშზე?

- ასეთი კრიტიკული ანგარიში არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება. უკვე ჩამოყალიბდა მკაფიო ტენდენციად, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოც ჩადგა პრობლემური ქვეყნების რიგში, სადაც დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ მას არ იცავენ, კანონის უზენაესობაზე ლაპარაკობენ, თუმცა კანონს არღვევენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს შეუმჩნეველი არ არის არც ჩვენთან და არც ქვეყნის გარეთ.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ თითქოს ოპოზიცია მთელ მსოფლიოს თვალს უხვევს და ვერ ხვდებიან, რომ ამით სწორედ საკუთარ პრობლემებს ადასტურებენ. რაც ამ დასკვნაში წერია, ასახავს რეალობას, ეს ქვეყანას სახელს ულახავს, ხელისუფლების პასუხი კი აღიარებითი ჩვენებაა და მეტი არაფერი. ძალიან მძიმე მოსასმენია ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მტკივნეული დაჩივლება, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო საერთაშორისო არენაზე ასეთი პასიური და არაკომპეტენტური პირებით წარმოდგენილი არ ახსოვთ. ეს იმიტომ, რომ "ოცნება" ვერ შეეგუა იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც საერთაშორისო წრეებში ავტორიტეტით სარგებლობდნენ.

- რას ფიქრობთ ხელისუფლების ვარიანტზე - 100/50 პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემაზე?

- ეს ვარიანტი არ განიხილება, ვინაიდან ხელისუფლება გვეუბნება - არა მარტო უკან წავიღე დაპირებული 2020 წლის პროპორციული არჩევნები, არამედ კონსტიტუციით გარანტირებული შემდგომი არჩევნებიც გავაუქმოთ და ეს ერთად ჩავიდინოთო. ამაზე ოპოზიციამ ადეკვატური პასუხი გასცა. ხელისუფლებას არ მივცემთ შეხვედრების დასრულების ფუფუნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებამდე და მის შემდგომი პერიოდისთვისაც, მიუხედავად იმისა, რას მივაღწევთ მოლაპარაკებით.

- შეხვედრების პარალელურად, მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლები? - "ლელოს" პოზიციით, პროტესტის თუ აზრის გამოხატვის ყველა კონსტიტუციური ფორმა ადეკვატურია. 2020 წელი უფრო აქტიური იქნება, ვინაიდან უკვე საარჩევნო წელია. ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ.