"გწერთ შეშფოთების შესახებ დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო" - რა მისწერა ამერიკელმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას? - კვირის პალიტრა

"გწერთ შეშფოთების შესახებ დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო" - რა მისწერა ამერიკელმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას?

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. მან წერილი სოციალურ ქსელ "ტვიტერის" მეშვეობით გაავრცელა.

კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

"როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი შეშფოთების შესახებ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევისა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო. მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 3 დეკემბერით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, სადაც ხაზგასმულია მათი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.

მიუხედავად 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდგომი პროგრესისა, ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში მკვეთრად უარყოფითი ტენდენცია გამოვლინდა",- წერს კონგრესმენი.

კონგრესმენის თქმით, სწორედ ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. მას მაგალითად მოჰყავს ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან, რომელიც შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა.

მარკუეინ მალინი ასევე გამოეხმაურა სოციალურ მედიაკომპანია "ფეისბუქის" მიერ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშების დაბლოკვას.

"ცოტა ხნის წინ "ფეისბუკმა" დახურა "ქართული ოცნების" მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშები, რომელიც საქართველოში ოპოზიციური ხედვების ჩასახშობად "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას" მიმართავდა და ანტიდასავლურ გრძნობებს ავითარებდნენ, მათ შორის განსაკუთრებით აშშ-ის წინააღმდეგ", - წერს ის.

წერილის ბოლოს, კონგრესმენი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კვლავ დარჩება ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების მიმართ.

"ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იმოქმედებს სწრაფად იმ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ასე იმსახურებს", – წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".