"მონას ყურებს აჭრიან" - კვირის პალიტრა

"მონას ყურებს აჭრიან"

"მზად ვართ, ამ წერილს ექსპერტიზა გავუკეთოთ და საფლავში ჩავყვეთ ამ საქმეს"

"ამ შეხვედრაზე ბურჯანაძე სააკაშვილის მდივნის ფუნქციას ასრულებდა"

"მინდოდა ჩავძიებოდი, მაგრამ პირდაპირი ეთერიდან გამექცა"

"დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად, მინდა ხუთი მილიონი", ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი - 10-12 მილიონი",

- თუ ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას დავუჯერებთ, ეს მოთხოვნები  ლევან გაჩეჩილაძემ შავნაბადის რეზიდენციაში საიდუმლო შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილს ფურცელზე მას შემდეგ ჩამოუწერა (და დაუტოვა)(?!), რაც დაარწმუნა, რომ შეეძლო "ქუჩაში უამრავი ხალხის გამოყვანა და მისი სკამიდან გადმოყუდება". ხუბუას თქმით, "წყაროს ინფორმაციის სიმართლესა და სიზუსტეში ეჭვს ვერ შეიტანს".

ამ წერილს პარიზიდან "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილმა უპასუხა: "უკვე ყველასთვის ნათელია, ვინ იყო ამ ბინძური ცილისწამების ავტორი. მას შემდეგ, რაც ფაქტებით დადასტურდა ამ ბინძური კამპანიის ავტორის ვინაობა, ლევან გაჩეჩილაძემ თავი შეიკავა საჯაროდ მისთვის პასუხის გაცემისგან. ცილისწამების ავტორმა ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდა, რადგან ლევან გაჩეჩილაძის სახით ერთადერთი მოკავშირე ჰყავდა ჩვენს პარტიაში და ისიც დაკარგა". ამ განცხადებით ირაკლი ოქრუაშვილმა ცხადად მიანიშნა ნინო ბურჯანაძეზე. მანამდე ლევან გაჩეჩილაძემ ამ ბრალდებების ავტორად ხელისუფლება და კონკურენტი ოპოზიციური ძალები დაასახელა.

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის საიდუმლო შეხვედრის შესახებ ჟურნალისტს ბადრი ბიწაძემ უამბო და აჩვენა ფურცელიც, რომელზეც "ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნები" იყო ჩამოწერილი. როგორც "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას განაცხადა, შეუძლებელია ლევან გაჩეჩილაძეს ასეთი რამ დაეწერა და თანაც სააკაშვილისთვის დაეტოვებინა.

- ბრალდებები, რომელიც ხუბუას წერილშია, ხელისუფლების შეტევაა "ქართულ პარტიასა" და მის ერთ-ერთ ლიდერზე, ლევან გაჩეჩილაძეზე.

- ლევან გაჩეჩილაძემ ბრალდებების ავტორად კონკურენტი ოპოზიციური პარტიებიც  დაასახელა.

- ხელისუფლება და  ე.წ. ოპოზიციური პარტიები ერთობლივად ებრძვიან ლევან გაჩეჩილაძეს. დროც ისეთი შეარჩიეს, რომ შეტევას მეტი ეფექტი ჰქონოდა. "ქართული პარტია" ახალი შექმნილია, ის ამ ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად ყალიბდება. ჩვენ არ  დაგვიმალავს, რომ სააკაშვილის შესაცვლელად ვემზადებით და როდესაც ასეთ დროს გვიტევენ, ცხადია, ამაში აუცილებლად მონაწილეობს ხელისუფლება.

- ასეთი რამ ლევან გაჩეჩილაძეზე პირველად არ დაწერილა. ბრალდებები ხელისუფლებასთან გარიგებაზე ბოლო სამი წელია ვრცელდებოდა.

- ერთია ლაპარაკი, ლევანმა ფული აიღოო, მაგრამ ამჯერად ერთ-ერთ გამოკვეთილ ოპოზიციურ გაზეთში დაიწერა, ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტიო.  ლევანი გაოგნდა, როდესაც "ასავალ-დასავალში" ეს წერილი წაიკითხა.

ხუბუა წერდა, რომ ლევან გაჩეჩილაძე 5 მილიონს პრემიერად დანიშვნაში, ხოლო საადგილმამულო ბანკისთვის 12 მილიონს ითხოვდა, მაგრამ ბოლოს ტექსტი შეცვალა და რადიო "პალიტრის" ეთერში ჩემთან ერთად ყოფნისას თქვა, დოკუმენტში, რომელიც მანახეს, წერია "მე - საადგილმამულო ბანკი" და მეტი არაფერიო. Kკიდევ მინდოდა ამ თემაზე ჩავძიებოდი, მაგრამ პირდაპირი ეთერიდან გამექცა. სად არის დოკუმენტები, რომ ლევანს პრემიერმინისტრობა და მილიონები უნდოდა, ახლა მარტო ბანკზე აქვთ ჩანაწერი?!

თუ მართლაც დაიდება დოკუმენტი, დარწმუნებული ვარ, ფაბრიკაცია იქნება. მზად ვართ, ამ წერილს ექსპერტიზა გავუკეთოთ და როგორც ლევანი ამბობს, საფლავში ჩავყვეთ ამ საქმეს.

- გამორიცხავთ, რომ მსგავსი ჩანაწერი სხვა ვითარებაში, თუნდაც საკუთარ მაგიდაზე გაეკეთებინა ლევან გაჩეჩილაძეს და ის მოხვედრილიყო მის მოწინააღმდეგეთა ხელში?

- შეუძლებელია. რაც შეეხება სააკაშვილთან შეხვედრას, ლევანი ინაუგურაციამდე მას  მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მას ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.

- მაგრამ ჟურნალისტი ამბობს, რომ  სააკაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს ინაუგურაციამდე კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდათ, ოღონდ უკვე პირისპირ...

- დანამდვილებით ვიცი, იმ პერიოდში რომელზეც ხუბუა ლაპარაკობს, სააკაშვილთან ლევანს ერთადერთი შეხვედრა ჰქონდა. მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის მდივნის ფუნქციას ასრულებდა. პრეზიდენტმა მას დაავალა, ჩაეწერა ოპოზიციის მოთხოვნები. ლLევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილი და ბურჯანაძე დებატებშიც გამოიწვია. ბურჯანაძეს ჯერ არაფერი უთქვამს და ველოდებით.

- ბურჯანაძე დღეს ოპოზიციაშია. დებატებში მისი გამოწვევა ნიშნავს იმას, რომ ლევან გაჩეჩილაძე ბურჯანაძეზე ეჭვობს?

- რა თქმა უნდა, აბა, რატომ გამოიწვევდა? ლევანი ამბობს, წერა არ მიყვარს და რაღა ამ შეხვედრაზე ავიღებდი კალამს და დავიწყებდი რაღაცების დაწერას. ერთადერთი, ვინც ამ შეხვედრაზე წერდა, ნინო ბურჯანაძე იყოო. დოკუმენტი, რომელზეც ხუბუა ლაპარაკობს, არ არსებობს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მერაბიშვილმა ფაბრიკაცია დადოს. ამიტომაც ვუთხარი ხუბუას რადიო "პალიტრაში", მერაბიშვილი ფაბრიკაციას რომ გიმზადებს, ის შუბლზე გაიკარი-მეთქი. "ქართული პარტია" სააკაშვილის გასაშვებად ემზადება.

ლევანის გარეშე ეს ვერ მოხდება, რადგან ის არის ამ პოლიტიკური ძალის ცენტრალური ფიგურა, ამიტომაც დაარტყა მას ხელისუფლებამ. ძალიან ადვილად გასაშიფრი სქემა აქვთ. ასეთი რამ მხოლოდ მერაბიშვილის, სააკაშვილისა და იმ ჩვენი კონკურენტების ტვინებში თუ გაჩნდებოდა, რომლებიც მერაბიშვილსა და სააკაშვილს კარგად იცნობენ.

განგებ შეარჩიეს ოპოზიციური გაზეთი, რომელიც დაარტყამდა ახალშექმნილ "ქართულ პარტიასა" და ლევან გაჩეჩილაძეს. ჯაბა ხუბუა ან მოატყუეს და გამოიყენეს, ან  დიდი ფული აიღო. ხუბუა არ არის იმდენად გონებაშეზღუდული, არ განესაზღვრა, რა მოჰყვებოდა მის წერილს.

გაირკვა, რომ ჯაბა ხუბუა "სახალხო კრების", ნინო ბურჯანაძის გაზეთისთვის მუშაობდა, არჩევნების დროს კი, როგორც თვითონ ამბობს, ქრისტიან-დემოკრატებისთვისაც უმუშავია.

- დავუშვათ, თქვენ არ იცით და ლევან გაჩეჩილაძე მართლაც შეხვდა სააკაშვილს...

- ლევანი ძალიან კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილს, ასე ვთქვათ, "მოხარშულს".

როგორ წარმოგიდგენიათ, ლევანი ზის სააკაშვილთან, წერს თავის სურვილებს და უტოვებს სააკაშვილს, შენ გქონდესო?!  ლევანი იმდენად ბრიყვია, რომ დაუტოვებდა წერილს, რომელიც შეიძლებოდა სააკაშვილს მის წინააღმდეგ გამოეყენებინა? ხუბუა კარგად გამოიყენეს და ახლა მას საფრთხე ემუქრება.

- ვისგან?

- ხელისუფლებისაგან. ხუბუა მხოლოდ იარაღია. ახლა "ქართული პარტიის" ინტერესშია, მას თავიდან თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეს.

- მაგრამ თავად თქვენი ნათქვამი,  "თავს გაუფრთხილდი, ბიჭო", მუქარად იქნა გაგებული.

- ამით ჯერ ხელისუფლება გავაფრთხილე და მერე ხუბუა. ხელისუფლებას აწყობს, ხუბუას რამე დაემართოს და მერე თქვას, ეს "ქართული პარტიის" გაკეთებულია, რადგან მათზე აქვეყნებდა წერილებსო. ერთმა ისიც მკითხა, თუ ხუბუა მერაბიშვილის დაკვეთას ასრულებს, ყურებს რატომღა დააჭრისო. ყურებს მონას აჭრიან. ამიტომ ვუთხარი ხუბუას, მერაბიშვილმა ყურები არ დაგაჭრას-მეთქი. ყურმოჭრილი მონა არ არის ის ჟურნალისტი, რომელიც ასეთ დავალებებზე მიდის?

- მაგრამ ჟურნალისტს მიაჩნია, რომ საზოგადოებისათვის სიმართლე უნდა ეთქვა. მას აქვს სანდო წყაროს ინფორმაცია, რომელიც დღეს ხელისუფლებასთან არის დაპირისპირებული.

- რა დოკუმენტი აქვს ამ ვითომდა სიმართლის დასადასტურებლად? ის არ არის ახალგაზრდა, გულუბრყვილო ჟურნალისტი, რომელსაც შეუგდებდნენ ასეთ მასალას და წამოეგებოდა.

- ხუბუამ რომ წარმოადგინოს ნამდვილი დოკუმენტი, გაჩეჩილაძის ხელით ჩამოწერილი მოთხოვნები?

- ამის ნახევარი პროცენტითაც არ მჯერა. მისი დიდი ხნის ოცნებაა საადგილმამულო ბანკის შექმნა და ამაზე სააკაშვილმა ჩამოაგდო სიტყვა, როდესაც ინაუგურაციამდე შეხვდა ლევანი, მაგრამ ლევანმა შეაჩერა, საქმეზე ვილაპარაკოთო. ლევანს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს "ეროვნული საბჭოს" გადაწყვეტილების გარეშე. ხუბუა წერს, სააკაშვილს გაჩეჩილაძე ბოლომდე არ ენდობოდა, არ ჰქონდა გარანტია, რომ მათი საუბარი არ იწერებოდა და ამიტომაც სათქმელი ქაღალდზე დაწერაო. თუ ვანო მერაბიშვილს აუდიოჩანაწერის გაკეთება შეეძლო, ვერ გადაიღებდა? ხომ აბსურდია, რომ ლევანს ამაზე არ ეფიქრა?

"ქართული პარტია" არ არის ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჟურნალისტების დევნას და სასამართლოებში სიარულს დაიწყებს, მაგრამ თუ ეს ხალხი არ დაცხრა და ფაბრიკაციას თავი არ დაანება, იძულებული გავხდებით, ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ.

P.S. ჩვენ ჯაბა ხუბუასაც დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ორშაბათიდან ახალი ტალღა დაიწყება და კომენტარებსაც ამის შემდეგ გააკეთებს:

- გაქვთ ხელთ ის დოკუმენტი, რომლის გამოქვეყნებასაც აპირებდით?

- ჯერ ვერაფერს გეტყვით.

- რომ მოგატყუოთ იმ პიროვნებამ, რომელიც ამ დოკუმენტის მოცემას დაგპირდათ?

- არა, გამორიცხულია.

- ანუ გამოაქვეყნებთ იმ დოკუმენტს?

- ვერ გეტყვით, თვითონ ნახავთ, როგორც იქნება. გეტყვით იმას, რომ ახალი ტალღა დაიწყება და ამის შემდეგ ვისაუბროთ.

კვირის ფრაზა

"შემეძლო, ჩუმად ვყოფილიყავი და ჩემთვის ოქროს კოშკი ამეშენებინა, მაგრამ ნეხვში ოქროს კოშკის აშენება შეუძლებელია".

"რეზინის არა ვარ... როცა ბადრი პატარკაციშვილი მოიცილეს, დღის წესრიგში ლევან გაჩეჩილაძე დარჩა".

"ჯაბა ხუბუა ვინ არის? ვერ წამაქცევს, სულ რომ მოიკლას თავი". ლევან გაჩეჩილაძე