"იმდენად ავღელდი, რომ მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება" - რას ამბობს თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას გამოსვლაზე - კვირის პალიტრა

"იმდენად ავღელდი, რომ მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება" - რას ამბობს თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას გამოსვლაზე

ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრამდე მოხსენებით სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წარსდგა.

"ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, მოვისმინეთ ჭორებიც, მოვისმინეთ არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება. მაგრამ თუ დავუბრუნდებით უფრო სერიოზულად საქმეს, ვინაიდან ამ ტრიბუნასთან სწორედ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელშეწყობით ვიმყოფები და ვარ ამისთვის მადლიერი, დავიწყებ ზოგადი მდგომარეობით, რადგან წლის დასაწყისია და საზოგადოებას ალბათ, აინტერესებს, როგორია ციფრები. 2020 წლის 19 იანვრის მდგომარეობით პატიმრობაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა იყო 9 ათას 762 პირი, აქედან მსჯავრებული იყო 7 ათას 968, ხოლო დანარჩენი 1800-მდე პირი იყო ბრალდებული და ელოდა განაჩენს. ამ მსჯავრდებულთაგან 308 არის ქალი, 33 კი არასწრულწლოვანი. 2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი, შედარებისთვის ეს რიცხვი 2010 წელს იყო 144, 2011 წელს - 140, ხოლო 2013-18 წლებში საშუალოდ არ აღემატებოდა 20-ს. შარშან ეს რიცხვი იყო 16, თუმცა ეს რიცხვი არის მინიმალურ ზღვარზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შესაბამისად, თუკი ჩვენ ვამბობთ ანგარიშში, რომ პატიმრები არიან ყოველდღიური საფრთხის წინაშე, რატომაა ეს რიცხვი ასეთი დაბალი, ალბათ იმიტომ, რომ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობენ",- განაცხადა წულიკიანმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა. თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამავე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას წარადგენს.

"ინტერპრესნიუსი"