დაიგინოს და დავიგინები... - კვირის პალიტრა

დაიგინოს და დავიგინები...

დაგინების თემა ქართულ პოლიტიკაში კვლავ აქტუალური გახდა. იმედია, არ მოვესწრებით იმას, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი კონსტიტუციაზე ფიცს კი არ დადებს, დაიგინება, ჩემი ასე და ისე, თუ არ ვიზრუნო ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისა და აღორძინებისთვისო.

დაგინება რომ ლევან გაჩეჩილაძეს უკავშირდება, ყველამ კარგად იცით. ამ თემის გააქტუალურება თუ გააქტიურება, გაგიკვირდებათ და, ისევ დიდ "გრეჩიხას" უკავშირდება, ოღონდ ამჯერად ირიბად.

ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ "ასავალ-დასავალში" გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც ლევან გაჩეჩილაძემ 2008 წლის იანვარში, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთ-ერთი შეხვედრისას, მას თავისი პირობები ჩამოუწერა.

სტატიის შინაარსი არ არის მთავარი. ქართულ გაზეთებში ისიც დაწერილა, რომ საქართველოს 2010 წლის ზაფხულში თავს უცხოპლანეტელები უნდა დასხმოდნენ. მთავარი ის არის, რომ ამ სტატიას "ქართული პარტიისგან" შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. ხუბუა "მაესტროში" ლევან გაჩეჩილაძესთან დებატებზე არ მივიდა. სამაგიეროდ, ჟურნალისტისა და "ქართული პარტიის" გზები რადიო "პალიტრაში", მერაბ მეტრეველის გადაცემა "რეზიუმეში" გადაიკვეთა. ხუბუას ოპონენტი "ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია იყო.

გადაცემაში იყო საინტერესო პასაჟები და რიტორიკული კითხვები. მაგალითად, კახა მიქაიამ, მას შემდეგ, რაც თქვა, რომ"ქართული პარტია" ერთადერთი ოპოზიციური ძალა და ხელისუფლების ალტერნატივაა, დასვა კითხვა: "რამდენი გადაგიხადეს, ჯაბა?"

ეს კითხვა ჟურნალისტს არ უნდა დაუსვა, მიუხედავად იმისა, ის ქართველი ჯაბა ხუბუაა თუ ამერიკელი ლარი კინგი. ჩვენ ხომ არ დავდივართ და ვეკითხებით ქართველ პოლიტიკოსებს, რომელსაც, შესაძლოა, პირობითად "კახა" ვუწოდოთ, "რამდენი პარტია გამოიცვალე, კახა?"

შემდგომ მიქაიასა და ხუბუას შორის უკვე იმაზე დაიწყო დავა, თუ როგორ დაამტკიცებდა ჟურნალისტი თავის სიმართლეს და წარადგენდა თუ არა დოკუმენტს, ანუ ქაღალდს, რომელზეც ლევან გაჩეჩილაძე მიშას მილიონებს სთხოვდა.

KvirisPalitra.Geჰოდა, ხუბუამ დიდი ჰაი-ჰუის შემდეგ განაცხადა, შევიკრიბოთ მე, დიდი "გრეჩიხა", პატარა "გრეჩიხა"(უცნობი) და დავიგინოთ, ვინ არის ჩვენ შორის მართალიო(?!).

ამას უკვე ქართული პოლიტიკა სხვა კალაპოტში გადაჰყავს. კერძოდ, თუ ეს სამეული შეიკრიბა და დაიგინა, უკვე სხვების ჯერი დადგება.

"ქართული პარტია" მიანიშნებს, რომ თითქოს ხუბუას ზემოხსენებული ამბავი  ჩააწვეთა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც 2008 წლის იანვარში პარლამენტის თავმჯდომარე იყო. და რა გააკეთოს ბურჯანაძის პარტიამ? - გაავრცელოს განცხადება, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ოფიციალურად იგინება, რომ..."

"ქართული პარტიის" მეორე ვერსია ვანო მერაბიშვილზე მიუთითებს. ალბათ, შსს-მაც უნდა დაიგინოს, ოღონდ თავის სტილში: "ვახორციელებდით დაგინებას მასზედ, რომ..."

აი, უკვე მივადექით მთავარს. მაშინ პრეზიდენტმაც უნდა დაიგინოს, რომ "გრეჩიხა" არ მოუქრთამავს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ისჯება როგორც ქრთამის ამღები, ისე მიმცემი.

ოღონდ ჩვენი პრეზიდენტი ქართულ პრესას არ სწყალობს და, ალბათ,  GQ-ში (რუსული საზოგადოებრივ-ეროტიკული ჟურნალი, რომელშიც სააკაშვილი ამ ბოლო დროს პოპულარული გახდა) ამ დაგინებას სააკაშვილით აღფრთოვანებული რუსი ჟურნალისტი თავისებურად შეფუთავს: "და დაიგინა მიხეილ სააკაშვილმა, შეახტა დელტაპლანს და გაუჩინარდა სამხრეთის ღამეში, ბათუმის ცათამბჯენებისკენ".

გიორგი კვიტაშვილი