"დებატები მინიმუმ ერთი კვირა ვერ გაიმართება" - კვირის პალიტრა

"დებატები მინიმუმ ერთი კვირა ვერ გაიმართება"

"ხელისუფლებას რომ ძალიან მოუშლის ნერვებს, სწორედ იმ პირებს შევხვდები"

"ქართული პოლიტიკური თანავარსკვლავედიდან ბევრი ვარსკვლავი ჩამოვარდება, მე რომ ყველაფერი ვთქვა, რისი თქმაც შემიძლია, თანაც დადასტურებულად...", - ამ სიტყვებით დაარღვია ხუთდღიანი დუმილი ნინო ბურჯანაძემ. დუმილს წინ უძღოდა ლევან გაჩეჩილაძისაგან დებატებში გამოწვევა და ირაკლი ოქრუაშვილის კრიტიკული განცხადება, რომელშიც ბრალდებების ინიციატორად  ნინო ბურჯანაძე იგულისხმა.

ამჟამად ნინო ბურჯანაძე რუსეთში იმყოფება. გამგზავრებამდე მან ინტერვიუ მოგვცა:

- უამრავი კრიტიკული სტატია დაწერილა ჩემზეც, ლევან გაჩეჩილაძეზეც, ოპოზიციის სხვა წევრებზეც, მაგრამ უცნაური იყო  ამაზე ლევან გაჩეჩილაძისა და მისი პარტიის რეაქცია. გაუგებარია, რატომ მოჰყვა ამას ჩემი დებატებში გამოწვევა. ვცდილობდი, არ ავყოლოდი ცილისმწამებლურ კომენტარებს, მაგრამ ჩანს, ეს დუმილი გახდა საფუძველი, უფრო მეტი ტალახი ესროლათ ჩემთვის. ამიტომაც გადავწყვიტე, დებატებში მონაწილეობა. თუმც არ მიმაჩნდა საჭიროდ ამ თემებზე ვინმესთან კამათი. არ მჭირდება და არც ჩემი სტილია პრესაში ვინმეზე შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება.

მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო სატელევიზიო დებატებში, თუ მას იმ შეხვედრის მინიმუმ სამი მონაწილე დაესწრება. კარგი იქნება, თუ პრეზიდენტიც შემოგვიერთდება, რადგან გარდა ამ საკითხისა, მას კიდევ სხვა კითხვებზეც აქვს პასუხები გასაცემი. თუ სააკაშვილი უარს იტყვის და შეხვედრის ორი დანარჩენი მონაწილე მამაკაცი ჩაერთვება დებატებში, მაინც თანახმა ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მათგანი პატიოსანი კაცია.

- დავით უსუფაშვილს გულისხმობთ?

- ამას დებატებზე ვიტყვი.

- გაქვთ პირობა, რომელ არხზე გაიმართოს დებატები?

- პირობებს არ ვაყენებ, მაგრამ სასურველია იმ ტელეარხს, სადაც დებატები გაიმართება, მეტი დაფარვა ჰქონდეს. დებატები მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში არ გაიმართება (ინტერვიუ შედგა პარასკევს, 17 დეკემბერს), რადგან ამაღამ მივფრინავ. ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს, ვიდრე "ქართული პარტიის" წევრებთან დებატებია. ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ზედმეტი ილუზია აქვს. მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის ჩაძირვას არ ვაპირებ. ჩემი ამოცანა მიხეილ სააკაშვილისა და ამ ხელისუფლების ჩაძირვაა, რომ ქვეყანა გადავარჩინო.

- როდესაც მიხეილ სააკაშვილთან ლევან გაჩეჩილაძისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრა შედგა თქვენი მონაწილეობით, მაშინ ხელისუფლებაში იყავით. ხომ არ ყოფილა ხელისუფლებაში ლაპარაკი იმაზე, რომ ჰქონდათ ლევან გაჩეჩილაძის მაკომპრომეტირებელი ის დოკუმენტი, რომელზეც პრესა წერს.

- თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, გადავწყვიტე სათქმელი დებატებზე ვთქვა. არ ჩავერთვებოდი პოლიტიკურ დისკუსიებში, ზედმეტად რომ არ გასვლოდათ თავს იმ კომენტარებში, რომლებიც გააკეთეს.

ვურჩევ საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში მყოფ პირებს, ფრთხილად ილაპარაკონ ბურჯანაძეზე. ნუ მზომავენ იმ საზომით, რომლითაც თავად მოქმედებდნენ მთელი ცხოვრება. კარგი დღე არ დაადგება ქართულ პოლიტიკურ თანავარსკვლავედს, თუ ბევრს ილაპარაკებენ ნინო ბურჯანაძეზე.

- თქვენ პრეზიდენტს კარგად იცნობთ და რამდენად რეალურია, რომ ის 20 მილიონს დაჰპირებოდა ლევან გაჩეჩილაძეს?

- სააკაშვილი რომ არ იკადრებს, ამ ქვეყანაზე ისეთი არაფერია. მისთვის არც სამშობლო არსებობს და არც მორალური კრიტერიუმები. ქვეყნის უბედურებაა, როდესაც გყავს პრეზიდენტი, რომელზეც რაც უნდა გაიგო, არაფერი გაგიკვირდება.

- ითქვა, რომ ინფორმაცია თითქოს ლევან გაჩეჩილაძის ხელით ჩამოწერილ უკვე ყველასთვის ცნობილ მოთხოვნებზე ჟურნალისტს თქვენმა მეუღლემ, ბადრი ბიწაძემ მიაწოდა.

- და ამაზე მე კომენტარი უნდა გავაკეთო?

- რაკი ეს ითქვა, სასურველია, გააკეთოთ.

- რა უნდა ვუპასუხო ასეთ ბინძურ სისულელეს? ასეთ აბსურდებზე დამამტკიცებელი საბუთი მოვთხოვო ვინმეს, თუ როგორ უნდა გავაკეთო კომენტარი?

- ცნობილია, რომ ჟურნალისტი, ვინც ლევან გაჩეჩილაძის მამხილებელი სტატია მოამზადა, თქვენს გაზეთზე მუშაობდა. შესაძლოა, ამიტომაც დაგაკავშირეს მის ბრალდებებთან.

- თქვენ ახლა ჩემს კაბინეტში ზიხართ, შემოგთავაზეთ ყავა, მართალია, უარი მითხარით, მაგრამ ხვალ შეიძლება ვიღაცამ დაწეროს, იზო რიკაძე ნინო ბურჯანაძის პირისპირ იჯდა, ყავას სვამდა და ინტერვიუს იღებდაო. ხომ არ შეიძლება ყველაფერზე კომენტარები გავაკეთო? "სახალხო კრების" გაზეთის მომზადებაში ჯაბა ხუბუას მონაწილეობაზე ახლახან გავიგე. ჩვენ გიორგი მამაცაშვილს ვთხოვეთ, გაზეთის გაკეთებისას დაგვხმარებოდა, ვთხოვეთ რამდენიმე ჟურნალისტსაც, რომლებიც "ასავალ-დასავალში" არ მუშაობენ.

- დებატებზე შეიარაღებული მიდიხართ?

- მე ყოველთვის შეიარაღებული ვარ და ჩემი იარაღი სიმართლეა. ხალხი არასოდეს მომიტყუებია, თუმც ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაღაც არ მითქვამს, რადგან ყოველთვის მახსოვს გამოთქმა: "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".

- მოსკოვში სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის გახსნაში მიიღებთ მონაწილეობას?

- დიახ, საღამოს მივფრინავ, მაგრამ მოსკოვში ჩასვლამდე ევროპაში მაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა. მოსკოვში მემორიალის გახსნაში მივიღებ მონაწილეობას, დაგეგმილი მაქვს რამდენიმე საინტერესო შეხვედრა.

- ხომ იცით, ამას რა შეფასებაც მოჰყვება თბილისში?

- არ მაინტერესებს. მე ვიცი, რომ სწორ ნაბიჯებს ვდგამ.

- მიხეილ მაჭავარიანმა ივარაუდა, ალბათ, მოსკოვში მემორიალის გახსნას რუსეთის თავდაცვის მინისტრიც დაესწრება, რომელიც ბრძანებას იძლეოდა, 2008 წლის აგვისტოში ქართველი ჯარისკაცები დაეხოცათო.

- არ უნდათ რა იაფფასიანი განცხადებები, როდესაც მათ გვერდით დგანან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ჯარისკაცებსა და ხალხს ხოცავდნენ. მოსკოვში იმიტომ მივდივარ, რომ საქართველოში ასეთი ტიპის ბრძანება მეორედ აღარ გაიცეს. თვითონ ხელისუფლებაში რას აკეთებენ, რომ ასეთი ბრძანება მეორედ აღარ გაიცეს?

ბატონი მაჭავარიანი ის ადამიანია, რომელმაც თავში ხელები წაიშინა, როდესაც ომის რეალურ საფრთხეზე ველაპარაკე და დავიღუპეთ, დავიღუპეთო, იძახა.

მაშინ მაჭავარიანს აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ესენი დაგვღუპავენ და დაგვაქცევენ, ომი თუ მოხდაო. მიხეილ მაჭავარიანი იმ ადამიანების გვერდით დგას, ვინც შეგნებულად ჩართო საქართველო ამ ომში. მაჭავარიანი არ არის გამოუცდელი და უტვინო კაცი.

არ შეიძლება, არ იცოდეს, რას მოგვიტანს ხელისუფლების ქმედებები, როდესაც გაიძახის, რუსეთს დაველაპარაკოთო და პარალელურად ხან დიდოელებს ელაპარაკება, ხან ჩერქეზების გენოციდზე ლაპარაკობს, უვიზო რეჟიმს აცხადებს ჩრდილო კავკასიასთან და ყველაფერ ამასთან ვანო მერაბიშვილი რუსეთის ხელისუფლებას "კომერსანტის" ფურცლებიდან აქეზებს, თუ ასეთი დიდი ქვეყანა იყავით, ბარემ თბილისში შემოსულიყავითო.

დიახ, უნდა წავიდე და ვისაც საჭიროა, ყველას ველაპარაკო, რომ მეორე დიდ უბედურებაში არ აღმოჩნდეს ჩათრეული ეს ქვეყანა.

- მაგრამ ოპონენტები, ალბათ, შეგახსენებდნენ, თქვენ ხელისუფლებაში არა ხართ და არ შეგიძლიათ ქვეყანაში ვითარება შეცვალოთო.

- მაკკეინი რომ ჩამოდის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რატომ ხვდებიან? Nმთელი საქართველო რომ ლამის ყურებზე დგას, მანქანის ნომრებად მაკკეინის გვარი რომ აქვთ მინისტრებს და ლამის გულზე დაიკიდონ მისი სურათი, მაკკეინი ოპოზიციონერი არ არის? ამერიკელი ოპოზიციონერი სენატორი რომ ჩამოდის, რატომ ხვდება პრეზიდენტი სააკაშვილი? თუ ამერიკელი ოპოზიციონერისთვის რაც შეიძლება, ის არ შეიძლება ქართველი ოპოზიციონერისთვის?

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ არ იცის, რომ პოლიტიკა და დიპლომატია ის არის, იმ ქვეყანას ელაპარაკო, ვისთანაც გართულებული გაქვს ურთიერთობა. უნდა ეცადო, მტერი მოყვარედ აქციო. ამიტომაც არ ვაპირებ ამ ხელისუფლების ჭკუაზე სიარულს. რაზეც არ შევეწინააღმდეგე და დავუთმე, სანანებლად მაქვს მეც და ქვეყანასაც. როგორც კი სააკაშვილი დაინახავს, მის ხელისუფლებას საფრთხე ემუქრება, ყველაფერს გააკეთებს, რომ  რუსეთისგან გაგდებული პრეზიდენტი დაერქვას. მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სააკაშვილი ქართველმა ხალხმა გააგდოს და გააგდებს კიდეც.

- რას შეცვლის თქვენი დიალოგი პუტინთან, რომელსაც, როგორც ამბობენ, პიროვნულად სძულს სააკაშვილი და ომიც მის დასასჯელად წამოიწყო?

- პუტინს საქართველოს დასჯა სააკაშვილის გამო რომ გადაეწყვიტა, თბილისს აიღებდა. შემომეკამათოს საქართველოს ხელისუფლებიდან ვინმე და მითხრას, რომ რუსები თბილისს ვერ აიღებდნენ. ომის დროს საქართველოს ხელისუფლებიდან ვინ სად გარბოდა, ამაზე ფილმს გადაიღებენ ოდესმე.

სააკაშვილი მარტო იყო მიგდებული საკუთარ რეზიდენციაში და მომკითხავი არავინ ჰყავდა საკუთარი მდივნის გარდა.

რუსეთშიც და მსოფლიოშიც უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში არ არიან მხოლოდ სააკაშვილივით გაუწონასწორებელი და უპასუხისმგებლო  პოლიტიკოსები. სააკაშვილი რუსეთს უჩიჩხინებს და იმ ნაპერწკალზე, რომელიც ჩრდილო კავკასიაში ღვივის, წყალს კი არა, ნავთს ასხამს, ეს კი საქართველოს ცუდის მეტს არაფერს მოუტანს.

- რუსეთში ქვეყნის პირველ პირებს ხვდებით?

- ხელისუფლებას რომ ძალიან მოუშლის ნერვებს, სწორედ იმ პირებს შევხვდები.

- ბრძანეთ, ყველაფერს გავაკეთებ ამ ხელისუფლების გასაშვებადო და როგორ აპირებთ ამას?

- ესენი ნებით თავს არ დაგვანებებენ. ამ ხელისუფლების ზოგიერთი წევრი თვითმფრინავში არ იყო ნაჯდომი და ახლა ევროპაში დაფრინავს სპეცრეისით კონცერტებზე დასასწრებად და ესენი დაგვანებებენ თავს? მაგრამ თუ ჩვენს ხალხს ექნება ამ ხელისუფლების მოშორების სურვილი, ამას შეძლებს. თუ ხალხის მობილიზაცია მოხერხდა, ეს დასრულდება ამ ხელისუფლების გაშვებით და ჯერ რიგგარეშე საპრეზიდენტო, მერე კი საპარლამენტო არჩევნებით.