"ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში შიდაკონკურენციის გამოა" - კვირის პალიტრა

"ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში შიდაკონკურენციის გამოა"

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გამძაფრებული ვნებების იმპულსის მიმცემად ხელისუფლება დასახელდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ შიდაოპოზიციურ გარჩევებთან ხელისუფლებას კავშირი არა აქვს:

- ოპოზიციაში გააფთრებული ბრძოლაა მზის ქვეშ ადგილის დასაკავებლად და ურთიერთბრალდებებიც ამის შედეგია. Aამ მოვლენებთან ხელისუფლებას კავშირი არა აქვს.

- მაგრამ პრესაში იწერება, რომ ხსენებულ შეხვედრაზე პოლიტიკური გარიგება შედგა, - პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კონკურენტს თითქმის 20 მილიონის მიცემასა და პრემიერის თანამდებობას დაჰპირდა.

- არაფერი ვიცი ამ შეხვედრაზე და Aარც ლევან გაჩეჩილაძის  ხელით ჩამოწერილ მოთხოვნებზე. იმის ასახსნელად, შედგა თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის გარიგება ოპოზიციასთან, მარტივი ფაქტი გამოდგება: დაინიშნა ლევან გაჩეჩილაძე პრემიერ-მინისტრად? - არა. ეს ნიშნავს, რომ ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში შიდაკონკურენციის გამოა.

- პატრიარქმა ბარბარობის დღესასწაულზე ქადაგებისას ცუდზე ცუდი უწოდა პირველი არხის გადაცემა "დიალოგს", რომ ის იყო მიმართული ეკლესიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორია თქვენი აზრი?

- ეს გადაცემა არ მინახავს და ვერ შევაფასებ, თანაც პირველი არხი არ არის სახელისუფლებო, ის საზოგადოებრივი მაუწყებელია და თავისი პოლიტიკა აქვს(?!) ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, აქ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება.

- მოსკოვში კავკასიელების საწინააღმდეგო მასობრივი გამოსვლებია. რით ახსნით ამას?

- მაშინ, როდესაც რუსეთი ვითომ დაჩაგრულ სამხრეთელ ოსებზე ზრუნავს, თავის მოსახლეობას არ უწევს ანგარიშს. ავტონომიურ რესპუბლიკებში მცხოვრებთა გამალებული რუსიფიკაცია მიმდინარეობს, სკოლები დაიხურა, სადაც რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ხალხი მშობლიურ ენაზე სწავლობდა. ცხადია, ამას მოჰყვებოდა პროტესტი.

- მაგრამ ასეთ დროს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალი იხსნება და ამ ღონისძიებას ალბათ ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე დაესწრებიან.

- ქართველი ოპოზიციონერების ამ ნაბიჯს  უარყოფითად ვაფასებ. პუტინმა სცადა შარშან ქუთაისში დატრიალებული ტრაგედია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამაში ზურაბ ნოღაიდელი დაეხმარა, ძველი რუსული სცენარია: ვითომ რუსებს ქართველები უყვართ, სინამდვილეში კი ქართველებიც ისევე უყვართ, როგორც სხვა კავკასიელები. "არ არის ქართველი,  არ არის პრობლემა", - ასეთია მათი მსოფლმხედველობა.

სამწუხაროა, რომ რუსულ სცენარში ბურჯანაძე და ნოღაიდელი მონაწილეობენ (არ გამოვრიცხავ, სხვებიც იყვნენ ამაში ჩართული). ისინი მონაწილეობენ იმ ღონისძიებაში, რომელსაც, ალბათ, დაესწრება რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ის, ვინც ბრძანებას იძლეოდა, საქართველოს რომელი ტერიტორია დაებომბათ და ქართველები დაეხოცათ. ამ ღონისძიებაზე, ალბათ, იქნება რუსეთის პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც წამოიწყო ომი. ვინც მათ გვერდით დადგება, მას არასოდეს ექნება საქართველოში პოლიტიკური წარმატება, მას არასოდეს აირჩევს ქართველი ხალხი.