"არანაირ სანქციებს არ ველოდებით" - საქართველოს საგარეო მხარის პასუხი ევროპარლამენტარების მწვავე შეკითხვებსა და ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკაზე - კვირის პალიტრა

"არანაირ სანქციებს არ ველოდებით" - საქართველოს საგარეო მხარის პასუხი ევროპარლამენტარების მწვავე შეკითხვებსა და ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკაზე

"არანაირ სანქციებს არ ველოდებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის თანმიმდევრული იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში ასახული", - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუშინ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარების მხრიდან გაკეთებულ მწვავე შეფასებებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იყო საუბარი. ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს. ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის მხრიდან მწვავე განცხადება გაკეთდა, მათ შორის საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე და ასე შემდეგ.

"თანმიმდევრული ვართ დემოკრატიული რეფორმების განმტკიცების კუთხით, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენი ვალდებულებაა და ეს არაერთხელ იქნა გაცხადებული საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა ფორმატებში, საქართველო ერთგულია მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, ისეთი, როგორც შეესაბამება ეუთოს სტანდარტებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთიება ყველა საერთაშორისო დამკვირვებელთან, მათ შორის, ეუთო/ოდირის ოფისთან და არაერთხელ იყო გაცხადებული ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც გვაქვს, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მზად იყვნენ ევროპარლამენტარების მიერ დასმულ ყველაზე კითხვაზე ამომწურავად გაეცათ პასუხი, თუმცა მათ ამისთვის მხოლოდ ერთი წუთი ჰქონდათ გამოყოფილი.

"ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში დებატები. იცით, რომ დებატების ძირითადი მიზანი გახლდათ ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა, მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. ბუნებრივია, იქ იყო რამდენიმე კითხვა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერდა. ჩვენ ვიყავით მზად, ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წუთი, წუთნახევარი დაეთმო საქართველოს წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება, საქართველოს, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ევროპარლამენტარებთან ურთიერთობა, ჩვენ მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ვართ და საჭიროა მუდმივი საუბარი, მუდმივი დიალოგი, რომ მათ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილსაც გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, წერილებით ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი პირადი კომუნიკაციაა.

"მე არ მაქვს წერილი ნანახი, მხოლოდ ვიცი, რომ არის სოციალურ ქსელში კონგრესმენის ტვიტი. თუკი იქ ეკონომიკურ ვარდნაზეა საუბარი, ალბათ, ეს ზუსტი ინფორმაცია არ არის, რადგანაც კარგად ვიცით, რომ თუნდაც ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქართველოში 6%-მდე იყო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იყოს ზუსტი ინფორმაცია. მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ვიზიტები, რომლებიც დაიგეგმება და იგეგმება უკვე მაღალი თანამდებობის პირების ვაშინგტონში, იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, კონგრესმენებს მიეცეთ მკაფიო, ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამასთანავე აუცილებელია განვასხვაოთ, რა გამოხმაურებები მოდის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. აღმასრულებელი ხელისუფლების, იგივი აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რაც არაერთხელ იყო გამოხატული სხვადასხვა განცხადებებში, მხარდაჭერილ დეკლარაციებით თუ იმ ვიზიტებით, რომელიც საქართველოში განხორციელდა და ასევე საქართველოდან აშშ-ში განხორციელებული ვიზიტებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის ყურადღებით ეკიდება სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციებს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ნებისმიერი სახის გამოხმაურება, ძალიან ყურადღებით ვეკიდებით მათ რეკომენდაციებს, მათ რჩევებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც მათ აქვთ, შეიძლება ეს იყოს სუბიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, მაგრამ აუცილებელია, რომ იყოს გაცემული ყველა კითხვაზე პასუხი.

ძალიან მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინფორმაციები აქვთ მათ სხვა წყაროებიდან, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელია პირადი კომუნიკაცია და პირადი კონტაქტები,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ადამ კიზინგერი

შეგახსენებთ, რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა.

როგორც ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, მასთან ერთად წერილის ავტორები არიან გერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენჯელი.

"დღეს ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკოლიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტრენდით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ",-წერს კინზინგერი "ტვიტერზე".

"ინტერპრესნიუსი"