"თუ შესუსტდა ამერიკის მხარდაჭერა, ამით ისარგებლებს რუსეთის ხელისუფლება. ამერიკელები სწორედ ამიტომ გვაფრთხილებენ" - კვირის პალიტრა

"თუ შესუსტდა ამერიკის მხარდაჭერა, ამით ისარგებლებს რუსეთის ხელისუფლება. ამერიკელები სწორედ ამიტომ გვაფრთხილებენ"

ბოლო დროს, უცხოეთიდან არ წყდება საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკული შეფასებები. ეს მას შემდეგ გამძაფრდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო წესის შეცვლას და პროპორციული სისტემის შემოღებას ითვალისწინებდა. ახლახან გამოქვეყნდა ოთხი ამერიკელი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ელიოტ ენგელისა, გერი კონოლის და მაიკლ მაკკოლის წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.

წერილის თანახმად, კონგრესმენები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველო გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, გაზრდის ქართველი ხალხის კეთილდღეობას და გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. წერილში ასევე ლაპარაკია, 2020 წლის არჩევნებზე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე. ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები თავიდან ხსნიან რიგ საგამოძიებო საქმეებს, რაც ძირითადად მიმართულია მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. "ქართული ოცნების" მიერ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისათვის ხელის შეშლა გამოიწვია. ამ მოვლენებმა შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ბიზნეს გარემოზე და შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოში აშშ-ის სამომავლო ინვესტიციები. შემცირებული უცხოური ინვესტიციები არამხოლოდ ქართველ ხალხსა და მათ იმედებს აზიანებს, არამედ ხელს უშლის დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას და აძლიერებს ვლადიმირ პუტინის გავლენას რეგიონში", - ვკითხულობთ წერილში.

გვესაუბრება ექსპერტი თენგიზ ფხალაძე:

- ვერ ვიტყოდი, რომ ეს, უბრალოდ, ამერიკელ კონგრესმენთა წერილია, ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პირები. მათგან ორი არის "საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის" თანათავმჯდომარე, ერთ-ერთი არის "საგარეო კომიტეტის" თავმჯდომარე და მეორე - საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უმცირესობიდან. ესენი არიან უაღრესად გავლენიანი პოლიტიკოსები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია, რომ საქართველოს თემა კონგრესის დღის წესრიგიში მოხვდეს და ყველა ის საკითხი, რომელიც დამდგარა, მათ შორის "საქართველოს მხარდაჭერის აქტი", სწორედ მათ ხელშია. შეიძლება ითქვას, ისინი კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკურ კლიმატს ქმნიან. თენგიზ ფხალაძე

როგორც ვხედავთ, წერილი არ შეეხება მხოლოდ ერთ საკითხს და კონგრესმენები წუხილსა და შეშფოთებას საკმაოდ მასშტაბურად გამოხატავენ. ეს არის გასათვალისწინებელი და საყურადღებო სიგნალი, რასაც რიტორიკული პასუხი კი არ უნდა გაეცეს, არამედ ხელისუფლებამ უნდა გადადგას სერიოზული ნაბიჯები არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. ეს იმ ხალხის წუხილია, რომელთაც სურთ საქართველო დემოკრატიული, დაცული, ძლიერი და განვითარებული იხილონ. ისინი ცდილობენ, რომ ქვეყანას დაეხმარონ, მაგრამ იმისათვის, რომ კონგრესმენები დაგვეხმარონ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენ საკუთარ თავებს.

- კონგრესმენების თქმით, შემცირებული ინვესტიციები არამხოლოდ ქართველ ხალხს აზიანებს, არამედ ხელს უშლის დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას და აძლიერებს ვლადიმირ პუტინის გავლენას რეგიონში, რამდენად რეალურია კონგრესმენების დასკვნები და არის თუ არა მართლაც რეალური საფრთხე იმისა, რომ რეგიონში ვლადიმირ პუტინის გავლენა გაძლიერდეს? - ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს, ის, რომ რუსეთს სურს ამ რეგიონში გავლენის გაძლიერება, ამას არც თვითონ უარყოფს და აქ ახალი არაფერია. თუ შესუსტდება ამერიკის მხარდაჭერა, ამით თავისთავად ისარგებლებს რუსეთის ხელისუფლება. ამერიკელები ამის საფრთხეს ხედავენ და სწორედ ამიტომ გვაფრთხილებენ.

ვისურვებდი, "ქართულმა ოცნებამ" გაითვალისწინოს ყველა ის შენიშვნა და წუხილი, რომელიც გამოითქვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა და როგორც ჩანს არც ბოლო იქნება. იმედია, მიიღებენ საჭირო ზომებს იმისთვის, რომ ამ საკითხზე ლაპარაკი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

- "ქართულმა ოცნების" წარმომადგენელთა პოზიცია უცხოეთიდან გამოთქმულ კრიტიკაზე, ძირითადად ასეთია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აწვდის არასწორ ინფორმაციას უცხოელ პარტნიორებს, თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ასეთი კრიტიკული განცხადებები ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კეთდებოდეს? - ამაზე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს, არასერიოზულია ამ საკითხის ასეთ ჭრილში გადატანა, როდესაც ასეთ რამეს ამბობ, შეურაცხყოფას აყენებ პარტნიორებს... ამით პირდაპირ აღიარებ, რომ შენი კომუნიკაცია პარტნიორთან არაეფექტიანი და არაზუსტია.

(სპეციალურად საიტისთვის)