"მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან" - კვირის პალიტრა

"მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან"

ეჭვი მაქვს, მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან და გაალურჯებს მათ ქართველი ხალხი და არა ხაბეიშვილი,- ამის შესახებ საკრებულში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კრიმინალის წარმომადგენლებიც კი არ იკადრებენ იმას, რასაც "ქართული ოცნების" წევრები აკეთებენ.

"როგორც ჩვევია "ქართულ ოცნებას", ერთ ადამიანს დამესია რამდენიმე ადამიანი. ხომ ძალიან პრიმიტიული ხალხია და ასე ფიქრობენ, რომ ამ ფორმით შეიძლება შემაშინონ. თვალი, ხედავთ რა მძიმე მდგომარეობაში მაქვს, მაგრამ ჩემს თვალზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა, სამშობლო არის ასეთი კრიმინალების ხელში, სადაც შეუძლიათ, რომ პოლიტიკოსს, დეპუტატს, პოლიტიკური განცხადებების გამო საკრებულოს სხდომათა დარბაზში ასე ქურდულად გაუსწორდნენ. კრიმინალიც კი არ იკადრებს იმას, რასაც ესენი კადრულობენ, პირდაპირ კი არა, ასე მოპარვით, თან ერთი და ორი კი არ გეჩხუბება, 10-15 ადამიანი.

თვალი კი არა, მთელი ცხოვრება მაქვს გადადებული, ოჯახი მაქვს გადადებული, მუდმივად მილიონერებზე ვსაუბრობ, ამ კრიმინალებზე ვსაუბრობ, მუდმივად ამათ მხილებაში ვარ, მთელი ცხოვრება მაქვს გადადებული და ამ თვალს როგორღაც მოვირჩენ, თუმცა ამ დროს ისინი მორალურად რამდენად კარგ პოზიციაში არიან, თავად განსაჯონ. ამ თვალს როგორღაც მოვირჩენ. ამ დროს ისინი მორალურად როგორ მდგომარეობაში არიან თავად განსაჯონ. დღევანდელი დაპირისპირება იმას მოჰყვა, როგორ გავბედე ლევან ხაბეიშვილმა და როგორ ვამხილე ეს ხალხი კორუფციაში, როგორ ვთქვი, დამლაგებელს 8 ლარი რომ აქვს ხელფასი, მონად რატომ ამუშვებთ ქალბატონებს-თქო, აი ამის გამო", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, გაათმაგებული ენერგიით იბრძოლებს, რადგან უკეთ იცის, რა ხალხთან აქვს საქმე".

"ბრძოლასაც გავაგრძელებ, თვალიც მომირჩება, შუბლიც და ბრძოლა გაგრძელდება. ახლა კიდევ უფრო კარგად ვიცი, რა ხალხთან მაქვს საქმე და გაათმაგებული ენერგიით ვიბრძოლებ. ორი ბიჭი მყავს და მათი თანატოლების მომავლისთვის ვარ კრიმინალთან გავეშებულ ბრძოლაში. შეიძლება ნახონ ეს ჩემმა ბიჭებმა, რომ აი, მამას თვალი აქვს დალურჯებული და ვერ გაიგებენ, რა მოხდა. გიორგი და ირაკლი, მამა, უკნიდან მიპარვა ლაჩრულად, საკრებულოს წევრზე თავდასხმა, ან ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა არის ძალიან ცუდი. მამას ეს თვალი მოურჩება და გააგრძელებს ბრძოლას. შენი და შენი თანატოლებისთვის ბრძოლას! ეჭვი მაქვს, მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან და გაალურჯებს მათ ქართველი ხალხი და არა ხაბეიშვილი.

კოლექტიური ივანიშვილი-კალაძეები არიან ესენი ჩემთვის, ინდივიდუალურად არაფერს ნიშნავს. აბა გამოიცანით, ვისი დავალებით არის ეს, ეს არის კალაძის პირადი ინიციატივა. კახი, ამ თვალს მალე მოვირჩენ და შენ რამდენად მყარად იქნები მათ შორის მორალურად, არ ვიცი, ეჭვი მეპარება, რომ ნერვებიც ნორმალურ მდგომარეობაში ჰქონდეთ, ეს ხელი არაა მხოლოდ ჩემთვის დარტყმული ხელი. ეს მოუქნიეს ყველას, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე